ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, უზენაესმა სასამართლომ ექიმი-ფსიქიატრი თამარ ალადაშვილი გაამართლა.

თამარ ალადაშვილი ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით იყო ბრალდებული. მას ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საუბარია 2019 წელს რუსთავში არასრულწლოვნის მკვლელობის შესახებ. მაშინ 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა დააკავეს. მეზობლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს.

თუმცა ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ამ ბრალდებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ პაციენტსა და ექიმს შორის სამედიცინო ვიზიტი არც კი შემდგარა.