საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) ეხმაურება ტელეკომპანიების — „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებებში („კურიერი“ და „ქრონიკა“) გასულ სიუჟეტებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას სასწავლო პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობის შესახებ და მას „მიზანმიმართულ დეზინფორმაციას“ უწოდებს. უნივერსიტეტი პროსამთავრობო ტელეკომპანიებისაგან ბოდიშის მოხდას ელის.
„ვიზუალური მანიპულაცია და ფაქტობრივი შეცდომები“
უნივერსიტეტის განცხადებით, სიუჟეტებში გახმიანებული მტკიცებები აუდიტორიების გაურემონტებლობისა და სველი წერტილების ანტისანიტარიული მდგომარეობის შესახებ არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს. სტუ განმარტავს, რომ ვიზუალურ მასალად გამოყენებულია მეორე კორპუსის დერეფნები, რაც არ ასახავს არც აუდიტორიებს და არც სველ წერტილებს.
„მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორები იმყოფებოდნენ უნივერსიტეტში, მათ მე-2 სასწავლო კორპუსში არსებული ვითარების შესახებ კითხვა არ დაუსვამთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ეცოდინებოდათ, რომ სტუ-ის მე-2 კორპუსში სასწავლო პროცესი რამდენიმე თვეა არ მიმდინარეობს“, — ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, უნივერსიტეტი განმარტავს, რომ მე-6 სასწავლო კორპუსში ამჟამად მიმდინარეობს გაამაგრებითი სამუშაოები და სარეკონსტრუქციო პროექტის შედგენაზე უკვე დახარჯულია დაახლოებით 600 ათასი ლარი.
უნივერსიტეტის მასშტაბები და „დამალული“ ინფრასტრუქტურა
სტუ-ის ადმინისტრაცია აქვეყნებს უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული ფართების ზუსტ მონაცემებს და მიუთითებს, რომ ჟურნალისტებმა განზრახ აარიდეს თავი თანამედროვე ბაზების ჩვენებას:
- საერთო ფართი: 187 547,9 კვ/მ;
- საერთო სასწავლო ფართი: 108 678,9 კვ/მ;
- საერთო დამხმარე ფართი: 78 868,955 კვ/მ.
განცხადების თანახმად, „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ ჯგუფებმა მე-8 კორპუსში, ენერგეტიკის ფაკულტეტზე, საკუთარი სურვილით გადაიღეს:
- HUAWEI-ის ლაბორატორია;
- განახლებადი ენერგიების ლაბორატორია;
- მზის ელექტროსადგური;
- ელექტრონული ინჟინერიის ლაბორატორია.
უნივერსიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებმა არცერთი ეს კადრი არ გამოიყენეს და ყურადღება გაამახვილეს მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც სასწავლო პროცესისთვის საერთოდ არ გამოიყენება.
შესაძლო მოტივები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედებით დაირღვა საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, კერძოდ:
- მუხლი 52 (პუნქტი „გ“): ფაქტებისა და კომენტარების მკაფიო გამიჯვნის ვალდებულება;
- მუხლი 54: ინფორმაციის სიზუსტე და ფაქტების ჯეროვანი გადამოწმება;
- მუხლი 56: დაინტერესებული მხარისთვის პასუხისა და ინფორმაციის შესწორების უფლება;
- მუხლი 59: მაყურებლის შეცდომაში შეყვანის დაუშვებლობა.
უნივერსიტეტი ამ კამპანიას უკავშირებს მედიაში ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას სტუ-ისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) შესაძლო გაერთიანების შესახებ და მას საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციად აფასებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანიებისგან ითხოვს:
- საჯარო ბოდიშის მოხდას;
- ინფორმაციის განახლებას და შესწორებას იმავე საინფორმაციო გამოშვებაში და მსგავსი ქრონომეტრაჟით;
- მომავალში პროფესიული ეთიკის სტანდარტების დაცვას.
განცხადების დასასრულს აღნიშნულია, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტი მიმართავს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (ComCom) და გამოიყენებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს საკუთარი რეპუტაციისა და ინტერესების დასაცავად.
