“ქართული ოცნების” პარლამენტში გაჩნდა ინიციატივა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ მათ, ვინც არ ცნობს “კონსტიტუციური ორგანოების” ლეგიტიმაციას და იმავეს მოუწოდებს სხვებსაც. მსგავსი დებულება, შესაძლოა, დაემატოს გრანტების შესახებ კანონს, რომელშიც ცვლილებები “ოცნებამ” რამდენიმე დღის წინ დააანონსა.

3 იანვარს, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას, ამის შესახებ კითხვა დასვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა. ის ირწმუნება, რომ მსგავსი პრაქტიკა გერმანიაში არსებობს და კოლეგებს შესთავაზა, “გადმოვიღოთ პირდაპირ გერმანიიდან”.

“ასეთი აზრი დამებადა და იქნებ ამაზეც დავფიქრდეთ: გერმანიაში, 2025 წელს, ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობა აკრძალეს […] ანუ, გერმანია დემოკრატიული ქვეყანა არის, ხომ? მიზეზები [აკრძალვის] არის, რომ პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც არ აღიარებს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ქმნის პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს, ბოიკოტს უცხადებს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ხელს უშლის პოლიციას მუშაობაში, ამტკიცებს, რომ ქვეყანა ოკუპანტი ძალის მიერ იმართება და სხვებსაც მოუწოდებს ანალოგიური ქმედებებისკენ. ეს იყო მიზეზი, რატომაც აიკრძალა ეს პოლიტიკური მოძრაობა გერმანიაში და ჩვენც ხომ არ ვიფიქროთ რაიმე ტიპის სანქციებზე იმ პოლიტიკური ჯგუფების მიმართ, იმ აქტივისტების მიმართ, რომლებიც ანალოგიურ მოქმედებს სჩადიან და თან, გერმანია კარგი მაგალითია, ხომ? პრაქტიკა შეგვიძლია გადმოვიღოთ პირდაპირ”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

საპასუხოდ, მომხსენებელმა, “ქართული ოცნების” იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძე განაცხადა, რომ თავად მოსწონს ინიციატივა და პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, მომდევნო მოსმენისთვის შესაბამის ცვლილებას ასახავს კანონპროექტში.

“მე მგონი, კითხვა არც სჭირდება, კითხვა არ ისმის, საერთოდ დემოკრატიული არის თუ არა გერმანია. იდეაში, კარგი გამოცდილების გაზიარება რატომაც არა?! შესაძლებელია, რომ გავიზიაროთ ჩვენც და თუ, მაგალითად, გერმანიაში არის შესაძლებელი, რომ პირები, რომლებიც არ ცნობენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას მიზანმიმართულად და სხვებსაც მოუწოდებენ, რომ იგივე- არ ცნონ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაცია; არ ემორჩილებიან და სხვასაც მოუწოდებენ საჯაროდ, რომ არ დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობას, თუ უარყოფენ, რომ საქართველოში არსებობს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული ხელისუფლება და პირდაპირ უწოდებენ, რომ იგი არის მართული რომელიმე სხვა ქვეყნისგან.

თუ ეს გერმანიაში შესაძლებელია, რომ პასუხისმგებლობის დამდგენი იყოს, რატომაც არა. დიახ, შესაძლებელია, რომ გავითვალისწინოთ და ჩვენს კანონმდებლობაშიც აღნიშნული შემთხვევები პასუხისმგებლობის გამომწვევი იყოს. მე შემიძლია დაგეთანხმოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ საქართველოს პარლამენტიც ამ დათქმით უყრის კენჭს და თანახმა იქნება, მეორე მოსმენის ფარგლებში უკვე კონკრეტულ ფორმულირებებს კანონპროექტის სახით წარმოვადგენ.

კიდევ ერთხელ, მიმაჩნია, რომ სწორია, მიმაჩნია, რომ მართებულია, როდესაც პირები საჯაროდ მოუწოდებენ სხვებს, რომ არ ცნონ ლეგიტიმაცია კონსტიტუციური ორგანოებისა, მოუწოდებენ სხვებს, რომ არ დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობას, ამავდროულად აცხადებენ და სხვებსაც მოუწოდებენ, რომ ჩაერთონ კამპანიაში, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება არის ქართველი ქართველი ხალხის მიერ არჩეული და არა რომელიმე სხვა ქვეყნისგან თუ ძალისგან მართული, ამ შემთხვევაში რომ პასუხისმგებლობა იყოს დაწესებული და მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ლეგიტიმურ მიზანს – ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას უზრუნველყოფს, პირდაპირ შეესაბამება და შესაძლებელია, წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყოს”, – განაცხადა გორდულაძემ.

გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები “ქართული ოცნების” პარლამენტმა პირველი მოსმენით 3 თებერვალს მიიღო.