აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოულოდნელად უარი თქვა მუქარაზე, რომლის მიხედვითაც ტარიფებს გრენლანდის საკითხის ბერკეტად გამოიყენებდა. მან გამორიცხა ძალის გამოყენება და მიანიშნა, რომ ახლოსაა შეთანხმება დანიის კუთვნილ ტერიტორიასთან დაკავშირებული იმ დავის დასასრულებლად, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ყველაზე დიდ პრობლემას ქმნიდა.
ტრამპმა თავის პლატფორმაზე „Truth Social“ დაწერა, რომ აშშ-მა და ნატომ „ჩამოაყალიბეს მომავალი შეთანხმების ჩარჩო გრენლანდიასთან და, ფაქტობრივად, მთელ არქტიკულ რეგიონთან დაკავშირებით“.
„ამ შეთანხმებაზე დაყრდნობით, მე აღარ დავაწესებ ტარიფებს, რომლებიც ძალაში 1 თებერვალს უნდა შესულიყო.“
მანამდე, შვეიცარიის ალპურ კურორტზე ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ დასავლეთ არქტიკის მოკავშირეებს შეუძლიათ შეიმუშაონ ახალი შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს „ოქროს გუმბათის“ (Golden Dome) ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემასა და კრიტიკულ მინერალებზე წვდომასთან დაკავშირებით, ამავდროულად კი, დაბლოკავს რუსეთისა და ჩინეთის ამბიციებს არქტიკაში.
„ეს არის შეთანხმება, რომლითაც ყველა ძალიან კმაყოფილია“, — განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
მოგვიანებით რუტემ განაცხადა, რომ საკითხი იმის შესახებ, დარჩება თუ არა გრენლანდია დანიის შემადგენლობაში, ტრამპთან მოლაპარაკებებისას არ წამოჭრილა.
„ეს საკითხი დღეს საღამოს პრეზიდენტთან ჩემს საუბარში აღარ წამოჭრილა“ ,— თქვა რუტემ Fox News-ის გადაცემაში. „ის (ტრამპი) ძალიან არის კონცენტრირებული იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ არქტიკის ეს უზარმაზარი რეგიონი, სადაც ამჟამად ცვლილებები ხდება და ჩინეთი და რუსეთი სულ უფრო აქტიურდებიან.“
