ევროპარლამენტარები ევროკომისიას მიმართავენ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნაერთი გამოიყენა.
„გამოძიებაში მოხმობილი ექსპერტების თანახმად, გამოყენებული ნივთიერება შესაძლოა იყოს „კამიტი“, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მსგავსი ნივთიერების გამოყენების პირველი სავარაუდო შემთხვევა“, — ნათქვამია ევროკომისიისადმი ევროპარლამენტარების გასაგზავნ წერილში, რომელიც „ნეტგაზეთს“ დეპუტატმა მარკეტა გრეგოროვამ გაუზიარა.
წერილში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მხრიდან არაერთი განცხადების, გაფრთხილებისა და დიპლომატიური ჩართულობის მიუხედავად, ეს ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა და საქართველოში „რუსეთთან დაახლოებული“ მმართველი ხელისუფლება განაგრძობს რეპრესიების გაძლიერებას, ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვასა და მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას, რაც კიდევ უფრო აუარესებს ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას.
აღნიშნული მოვლენების ფონზე ევროპარლამენტარებს აინტერესებთ:
- როგორ აფასებს კომისია BBC-ის გამოძიების სანდოობასა და მასში გამოთქმულ ბრალდებებს
- რა დამატებითი ზომების მიღებას გეგმავს კომისია პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად?
- როგორ აფასებს კომისია შექმნილი ვითარების თავსებადობას საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან და მიაჩნია თუ არა, რომ ახლა უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო?
ევროკომისისადმი მიმართვის გეგმის შესახებ გრეგოროვამ პირველად „ტვ პირველთან“ ისაუბრა. მისი თქმით, კომისიის მხრიდან ამ თემაზე საკმარისად ძლიერი რეაქცია არ იყო, ამიტომ საჭიროა ინსტიტუტებზე ზეწოლა.
წერილზე ხელმომწერთა ზუსტი ვინაობა და რაოდენობა დაზუსტებული არ არის. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, მას სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან 20-მდე ევროპარლამენტარი უერთდება. ისინი ევროკომისიას ოფიციალურად მიმართავენ, შესაბამისად, კომისია ვალდებულია, 6 კვირის განმავლობაში უპასუხოს.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი — ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კამიტი (camite). „ქართულმა ოცნებამ” ამ ცნობას აბსურდი უწოდა და BBC-ის საჩივრით მიმართა.
სუს-მა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს ექიმები, რომელთა კვლევაც BBC-ის გამოძიებაში ფიგურირებს.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხის შესწავლის შესახებ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW), გაეროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლეს წარმომადგენლებს მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის ოფისს მიმართა, ყურადღება მიაქციონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში.
ამ თემაზე:
ევროპარლამენტში „ოცნების“ მიერ ქიმიური აგენტის შესაძლო გამოყენებაზე საერთაშორისო გამოძიება მოითხოვეს
