საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ახალი პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა მზარდია.

მისი თქმით, იმ პარტიებს, რომლებსაც სჭირდებათ გარდაქმნა, ალბათ, მომავალში გარდაიქმნებიან, ის პარტიები კი, რომლებიც დღეს იქმნებიან, აუცილებლად გაიზრდებიან.

ამის შესახებ მან პირდაპირ ჩართვაში ისაუბრა, სადაც ხალხის კითხვებს პასუხობდა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია.

ზურაბიშვილმა ოპოზიციაში კონსულტაციების დაწყების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველანაირი მოლაპარაკება, რაც საზოგადოების კონსოლიდაციისკენ მიდის, აუცილებელია.

მისი თქმით, დღეს პარტიებს შორის კონკურენციის დრო არ არის.

„იმიტომ, რომ ჩვენი გამოსავალი, არის არჩევნებში, ეს არის მშვიდობიანი გამოსავალი ამ სიტუაციიდან. არანაირი მოლაპარაკებები ვინმესთან ამას არ გადაწყვეტს. საჭიროა, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები და ამ ახალ არჩევნებზე აუცილებელია, რომ საზოგადოება იყოს კონსოლიდირებული. ამიტომ მივესალმები ყველანაირ მცდელობას იმისა, რომ გადაილახოს პარტიულ ორგანიზაციებს შორის რაღაც კონკურენცია. იმიტომ, რომ დღეს არ არის კონკურენციის დრო. დღეს არის იმის დრო, რომ მოხდეს კონსოლიდაცია, რათა შედგეს ის წინააღმდეგობის ფრონტი, რომელიც გაიმარჯვებს არჩევნებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, ახლა რომ არჩევნები დაინიშნოს, როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ, ვინაიდან ოპოზიციისადმი ნდობა და მათი რეიტინგი უკიდურესად შემცირებულია.

„მე არ ვიცი, ეს სიტყვები როგორ იხმარება, ანუ ოპოზიციის მიმართ არის ნდობა შემცირებული, ოპოზიციამ როგორ უნდა იმოქმედოს… ერთი ასეთი ორგანიზმი, რომელსაც ჰქვია ოპოზიცია, არ არსებობს. არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლის მიმართ არის შედარებით შემცირებული ნდობა. ახალი პოლიტიკური პარტიები არსებობენ, რომლის მიმართ არ არის ასე შემცირებული და ალბათ, რომ იზომებოდეს, მზარდი არის მათ მიმართ ნდობა. მაგრამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მთლიანად გაუძლოს დღევანდელ მდგომარეობას, შეიკრას ეს საზოგადოება, მიხვდეს, რომ დღეს არის გადარჩენის ან არადარჩენის მომენტი და ამისთვის მოემზადოს და კონსოლიდაცია მოხდეს. ის პარტიები, რომლებსაც სჭირდებათ გარდაქმნა, ალბათ, გარდაიქმნებიან მომავალში. ის პარტიები, რომლებიც დღეს იქმნებიან, უთუოდ გაიზრდებიან და ჩამოყალიბდებიან. ეს არის საქართველოს მომავალი, მაგრამ უნდა მივიდეთ იმ მომავლამდე და მომავლის გზა გადის იმაზე, რომ ჯერ მოხდეს ეს კონსოლიდაცია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სამოქალაქო წრეებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში კონსულტაციები მიმდინარეობს. მისი თქმით, თუ ეს კონსულტაციები წარმატებით დასრულდება, „ეს არ იქნება ის, რაც აქამდე გვესმოდა, კოორდინაციაზე ბევრად მეტი იქნება, მათ შორის, თამაშის წესებზე იქნება შეთანხმება, ხედვებზე და ასე შემდეგ“.