ტერორიზმის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც სპეციალური პენიტენციურ სამსახურს პასუხობენ, უწყებას შეუსაბამო ინფორმაციის გავრცელებასა და პატიმრის დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ.

გუშინ, 13 იანვარს გაიმართა მორიგი სასამართლო სხდომა ალეკო ელისაშვილის საქმეზე, პირველად მას შემდეგ, რაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

ალეკო ელისაშვილი მკაცრი რეჟიმის ციხეში ზის. მან განაცხადა, რომ ამას გარდა, დამატებითი შეზღუდვები აქვს დაწესებული სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის დავალებით. ელისაშვილის თქმით, პატიმრის ბარათით დასაშვები ნივთების შესყიდვის საშუალებას ერთი თვის განმავლობაში არ აძლევდნენ. ისეთი ყოველდღიური საჭიროების ნივთების, როგორიც პლასტმასის ტაშტია. მოგვიანებით სასამართლოში ელისაშვილის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა და ცილისმწამებლური უწოდა მას.

„პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული, მათ შორის, ალეკო ელისაშვილი, უზრუნველყოფილია შესაძლებლობით, დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად. […] ბრალდებულს საკანში აქვს ე.წ. მკვნეტარა, ერთჯერადი საპარსი, სარკე, პლასტმასის ტაშტი და სათლი“, — განაცხადა პენიტენციურმა სამსახურმა.

ელისაშვილის ადვოკატები, არჩილ ჩოფიკაშვილი და გიორგი რეხვიაშვილი წერენ, რომ იმ დროს, როცა ელისაშვილი არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობდა დაკავების შემდეგ, პენიტენციური სამსახური პირადი ჰიგიენის ნივთებზე საუბრობს და ისიც, ბრალდებულის სიტყვების არასწორი ინტერპრეტირებით.

„ალექსანდრე ელისაშვილმა 13.01.2026 წ. პროცესზე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დაკავების შემდეგ იყო არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, როდესაც რამდენიმე საათის განმავლობაში გამიზნულად, ზედმეტად მჭიდროდ და დამაზიანებლად ზურგს უკან ედო ბორკილები ხელებზე, საიდანაც სისხლი სდიოდა, ამ ყველაფერს კი პოლიციელი სიამოვნებით უყურებდა. შედეგად მას ხელებზე განუვითარდა ჭრილობები, რისი კვალიც დღემდე ეტყობა. პროკურორს არ უსაუბრია პოლიციელის მხრიდან განხორციელებულ დარღვევებზე, მიმდინარე გამოძიებასა და მიღწეულ შედეგებზე. ამ დრომდე არავინაა პასუხისგებაში მიცემული.

საგულისხმოა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება პროცესის დასრულებისთანავე გასაჯაროვდა, ის ეხება არა მთავარ საკითხებს, არამედ იმას, რომ თითქოს ელისაშვილი ცრუობს და მას სინამდვილეში აქვს პირადი ჰიგიენის ნივთები. როგორც ჩანს პენიტენციურ სამსახურს არ მოუსმენია გულისყურით ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომ ამ ეტაპზე აქვს ნივთები, თუმცა დაპატიმრებიდან ერთი თვის განმავლობაში არ აწვდიდნენ პირველადი მოხმარების ნივთებს“, — წერენ ადვოკატები.

ადვოკატები ხაზს უსვამენ იმასაც, ელისაშვილს აკრძალული აქვს სატელეფონო კომუნიკაცია. გარდა ამისა, დაცვის მხარეს, მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე არ გადასცემია დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის საფუძველზეა ბრალდებული შესახლებული მაღალი რისკის, მკაცრი რეჟიმის ციხეში და არა სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში, რომლებიც შეიძლება იყოს ნახევრად ღიაც და დახურულიც და სადაც იმყოფება ამ დროისთვის პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების უმეტესობა.

„პენიტენციურმა სამსახურმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადა და არ დააკმაყოფილა მოთხოვნა ბრალდებულის სხვა, ნაკლებად მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე (მაგ 12 დაწესებულება)

[…] ბრალდებული პატიმარი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ სახელმწიფოს მიერ არასათანადო, უკანონო მოპყრობა, არაადეკვატური და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება კიდევ უფრო აღრმავებს განცდას რომ ის განგრძობადი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია“, — ამბობენ ადვოკატები.

პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი ბრალდებულია ტერორიზმში. მას ედავებიან 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას. ელისაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურის მონათხრობით, ნიღბით დაფარული სახით მივიდა ელისაშვილი სასამართლოსთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამტვრია კანცელარიის მინა, აალებადი ნივთიერება დაასხა შიდა სივრცეში ბოთლებიდან და სცადა ხანძრის გაჩენა. ამ დროს წაასწრეს მანდატურის თანამშრომლებმა. ერთ-ერთის დანახვისთანავე ელისაშვილი თავს დაესხა მას და დაუწყო ცემა. ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას, რა დროსაც სამი მანდატური აკავებდა. საბოლოოდ კი მოხერხდა მისი განეიტრალება.

ალეკო ელისაშვილი და მისი ადვოკატები ფაქტს არ უარყოფენ, მაგრამ დაცვის მხარის ინტერპრეტაცია მომხდარის შესახებ პროკურატურის ვერსიისგან განსხვავებულია.

როგორია მომხდართან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის ვერსია და რა თქვა მან სასამართლოში, წაიკითხეთ აქ:

ელისაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს — მისი სიტყვა სასამართლოში სრულად