უკანონო პატიმრობაში მყოფი ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციებისა და სასამართლო პროცესების პარალელურად, მთელი წლის განმავლობაში, მისი დისკრედიტაციული კამპანია მიმდინარეობდა.
ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ გამოქვეყნებულ ბლოგშია ნათქვამი.
„სამართლიანი არჩევნების“ თანახმად, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიის პროცესში ჩართული იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ის პირები, ვინც პარტიასთან დაკავშირებულ ექსპერტებად პოზიციონირებდნენ, პროპაგანდისტული მედია, ანონიმური აქტორები და რუსეთიდან მართული ანონიმური ქსელები.
როგორც ISFED აღნიშნავს, საქართველოში სოციალურ ქსელებში მიმდინარე პროპაგანდისტული და დისკრედიტაციული კამპანიები, როგორც წესი, კარგად ორგანიზებულია და ეფუძნება ინფორმაციული მანიპულაციის სტრატეგიებს, რომლებიც მიმართულია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა და პოლიტიკური პროცესების კონტროლზე.
ორგანიზაციის განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ტაქტიკა, რომელიც მსგავს კამპანიებში გამოიყენება, კრიტიკულად განწყობილი ჯგუფებისა და ინდივიდების დეჰუმანიზაციაა.
„ეს უკანასკნელი არა მხოლოდ სამიზნეების მიმართ ნეგატიური ემოციების გაღვივებას ემსახურება, არამედ ქმნის საფუძველსაც, რომ მათზე ძალადობა ან უკანონო მოპყრობა საზოგადოებაში აღიქმებოდეს გამართლებულად ან ნორმალურად. ამგვარი პროცესები საფრთხეს უქმნის კრიტიკული აზრის თავისუფალ გამოხატვას და ზრდის თვითცენზურის დონეს.
„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვება აჩვენებს, რომ დისკრედიტაციის კამპანიებში ხშირად გამოიყენება ემოციურად დატვირთულ ნარატივები, სტერეოტიპები და კონსპირაციულ თეორიები, რათა კრიტიკულად განწყობილი აქტორები წარმოაჩინონ როგორც „მტრები“ ან „საზოგადოებისთვის საშიში ელემენტები“. შედეგად, იქმნება ნიადაგი არა მხოლოდ მათი პოლიტიკური იზოლაციისთვის, არამედ რეალური საფრთხე ფიზიკური თავდასხმებისა და ინსტიტუციური დევნისთვისაც. მსგავსი კამპანიების სამიზნე განსაკუთრებით ხშირად, სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად, კრიტიკული მედიაა.
2025 წელს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჟურნალისტი და ონლაინ მედიასაშუალებების – „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ – დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი, იყო“, – აღნიშნულია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ ბლოგში.
„სამართლიანი არჩევნების“ თანახმად, მზია ამაღლობელის დისკრედიტაციის საწინააღმდეგო კამპანია მისი დაკავებიდან მალევე დაიწყო. ორგანიზაციის ცნობით, პროპაგანდისტულმა მედიამ კოორდინირებულად გაავრცელა ერთი და იგივე ვიდეო, რომელშიც ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნა ჩანდა და პოსტების ნაწილი ფეისბუქზე დარეკლამებული იყო.

ფოტო: „სამართლიანი არჩევნები“
„სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, მზია ამაღლობელის დისკრედიტაციის კამპანიაში, ტრადიციულად, პირველები ჩაერთნენ ექსპერტებად პოზიციონირებადი პირები.
„მათ შორის, ჟურნალისტის დაკავებიდან რამდენიმე საათში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით აქტიურად გავრცელდა დავით ჩიხელიძისა და გია აბაშიძის ფეისბუქსტატუსები. ორივე მათგანი აღნიშნავდა, რომ მედიის წარმომადგენლების დაკავებისას აშშ უფრო ძალადობრივ მეთოდებს იყენებს, აბაშიძემ კი ირაკლი დგებუაძეს, მის ოჯახსა და კოლეგებს მხარდაჭერაც გამოუცხადა. იდენტურ გზავნილებს ავრცელებდნენ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები და ექსპერტებად პოზიციონირებადი „ქართული ოცნების“ სხვა მხარდამჭერები“, – აღნიშნულია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ ბლოგში.

ფოტო: „სამართლიანი არჩევნები“
„სამართლიანი არჩევნების“ თანახმად, ე.წ. „ექსპერტების“ შემდეგ, მზია ამაღლობელის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს „ქართული ოცნების“ წევრებმაც, რომელთა გზავნილები სრულ თანხვედრაში მოდიოდა ერთმანეთთან და აქცენტი გაკეთებული იყო ჟურნალისტის კანონის სრული სიმკაცრით დასჯის აუცილებლობაზე.
„საზოგადოებრივი აზრის მზია ამაღლობელის საწინააღმდეგოდ ფორმირებისთვის მისი ქმედება აღწერილი იყო როგორც „პოლიციელზე თავდასხმა“ და „ცემა“, – აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“.

ფოტო: „სამართლიანი არჩევნები“
„სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, მზია ამაღლობელის საწინააღმდეგო კამპანია მას შემდეგ გახდა კიდევ უფრო აქტიური, რაც მან შიმშილობა დაიწყო.
„ქართული ოცნების“ წევრები აცხადებდნენ, რომ მისი შიმშილობა გარედან დაგეგმილი პროცესი იყო, რომლის მიზანიც სასჯელისთვის თავის არიდება და „სახელმწიფოს ჩამოშლა“ იყო. მათი მტკიცებით, მზია ამაღლობელს შიმშილისკენ „ნაციონალური მოძრაობაც“ მოუწოდებდა და მათი სურვილი ამ პროცესის ფატალური შედეგით დასრულება იყო. იდენტური გზავნილები ვრცელდებოდა პროპაგანდისტული მედიის მიერ“, – აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“.

ფოტო: „სამართლიანი არჩევნები“
„მზია ამაღლობელის 38-დღიან შიმშილობას, პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას სოციალურ ქსელებში „დიეტად“ და „სპექტაკლად“ წარმოაჩენდნენ. აღნიშნული კამპანია აქტიური იყო როგორც ფეისბუქის ანონიმურ გვერდებსა და პროფილებზე, ისე ტიკტოკზე“,- აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“.

ფოტო: „სამართლიანი არჩევნები“
როგოც „სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პროპაგანდისტული ეკოსისტემა განსაკუთრებით გააქტიურდა მისი მხარდამჭერი რეზოლუციის მომზადებისა და მიღების პარალელურად. კერძოდ, 19 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელმაც მოითხოვა მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლება და მის წინააღმდეგ ბრალდებების მოხსნა, დაგმო მისი „პოლიტიკურად მოტივირებული“ დაპატიმრება და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „რეჟიმად“ მოიხსენია.
„აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის პარალელურად, „სუვერენულ სახელმწიფოთა ევროპის“ ჯგუფის სახელით, ევროპარლამენტარებმა პეტრ ბისტრონმა, ტომაშ ფროელიხმა, ჰანს ნოიჰოფმა და ალექსანდერ სელმა ალტერნატიული რეზოლუცია წარადგინეს საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის თაობაზე. ალტერნატიულ ვერსიაში პოპულისტი ევროპარლამენტარები წერდნენ, რომ საქართველოში ონლაინ მედიაგარემო თავისუფალი და მრავალფეროვანია, მზია ამაღლობელი კი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის იყო დაკავებული. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა პირებმა და პარტიის წარმომადგენლებმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია უსამართლოდ შეაფასეს, ალტერნატიული ვერსიის ავტორებს კი გმირები უწოდეს და მადლობა გადაუხადეს.

ფოტო: „სამართლიანი არჩევნები“
„სამართლიანი არჩევნების“ მიერ სოციალური მედიის პლატფორმების მონიტორინგმა აჩვენა, რომ მზია ამაღლობელის საწინააღმდეგო კამპანია მისი საერთაშორისო ჯილდოებზე წარდგენისა და გამარჯვების შემთხვევაშიც აქტიურდებოდა.
2025 წელს მზია ამაღლობელს რამდენიმე პრესტიჟული, საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. მათ შორის, სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი„ფორუმ 2000-ის“ ჯილდოს მფლობელი გახდა. „ფორუმი 2000“ ყოველწლიურად აჯილდოებს პირებსა და ინსტიტუციებს, რომლებიც სამოქალაქო სიმამაცითა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით იცავენ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს.
იმავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელი, უკრაინელ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან ერთად, 2025 წლის ვაცლავ ჰაველის ჯილდოს პრეტენდენტთა მოკლე სიაში მოხვდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკისა და Charta 77 Foundation-ის მიერ ორგანიზებული ჯილდო გადაეცემათ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ადამიანის უფლებების დასაცავად გადადგმული გამორჩეული ნაბიჯებისთვის. 2025 წელს აღნიშნული ჯილდო უკრაინელ ჟურნალისტს, მაქსიმ ბუტკევიჩს გადაეცა.
როგორც „სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, მოკლე სიაში მზია ამაღლობელის მოხვედრის ფაქტი პროპაგანდისტულ მედიას არ გაუშუქებია, თუმცა არაერთი პოსტი გამოქვეყნდა ჯილდოს გადაცემის შესახებ უკრაინელი ჟურნალისტისთვის.

ფოტო: „სამართლიანი არჩევნები“
2025 წლის 22 ოქტომბერს პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს, ბელარუს ჟურნალისტ ანდჟეი პოჩობუტთან ერთად, აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოც – სახაროვის პრემია გადაეცა. პრემია ყოველწლიურად გაიცემა დისიდენტებისთვის, პოლიტიკური ლიდერებისთვის, ჟურნალისტებისთვის, იურისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისთვის.
„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, მზია ამაღლობელის დაჯილდოება ამ პრესტიჟული პრემიით მორიგი პროპაგანდისტული კამპანიის მიზეზი გახდა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და პარტიასთან დაკავშირებული პირები ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებდნენ და პრემიის გადაცემას ძალადობის წახალისებად წარმოაჩენდნენ. ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტების ნაწილი დარეკლამებული იყო“, – აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“.

ფოტო: „სამართლიანი არჩევნები“
„სახაროვის პრემიის მიღების შემდეგ მზია ამაღლობელის საწინააღმდეგო გზავნილები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ანონიმურ ფეისბუქგვერდებსა და ტიკტოკ არხებზეც გავრცელდა. ფეისბუქგვერდზე „სახალხო ჟურნალი კარიკატურა” გამოქვეყნებული შარჟი კი პროპაგანდისტულმა სააგენტოებმაც გააზიარეს“, – აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“.

ფოტო: „სამართლიანი არჩევნები“
„პროპაგანდისტული მედიის გზავნილების ნაწილი მზია ამაღლობელს „გლობალური ომის პარტიის სცენარის ერთ-ერთ ფიგურანტად“ მოიხსენიებდა. ჟურნალისტის რეპუტაციის შელახვის მიზნით აქტიურად ვრცელდებოდა ვიდეომონტაჟები, რომლებიც საზოგადოებას მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ მცდარ წარმოდგენებსა და უნდობლობას უჩენდა. პროპაგანდისტული მედია მზია ამაღლობელს წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლასა და ქაოსის გამოწვევაში სდებდა ბრალს. მასთან ერთად, დისკრედიტაციის სამიზნე იყვნენ სხვა პოლიტპატიმრებიც“, – აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“.

ფოტო: „სამართლიანი არჩევნები“
„სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, მზია ამაღლობელის მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის ფარგლებში გავრცელდა გზავნილები, რომლებიც მაკკეინის ინსტიტუტის საქმიანობას ეხებოდა.
„2025 წლის 6 თებერვალს ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ახალი ინიციატივა „თავისუფლება პოლიტპატიმრებს”. ხსენებული ინიციატივის ფარგლებში ინსტიტუტი უზრუნველყოფდა დახმარებას ამერიკელების, მწვანე ბარათის მფლობელებისა და სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი დისიდენტების მიმართ, რომლებიც არიან პოლიტიკური პატიმრები, ან მძევლები რეპრესიული რეჟიმების მიერ. მზია ამაღლობელი მაკკეინის ინსტიტუტის ახალი ინიციატივის ერთ-ერთი ადრესატად დასახელდა.
პროპაგანდისტულმა მედიამ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა გვერდებმა მაკკეინის ინსტიტუტის მიმართ იდენტური შინაარსის მადისკრედიტირებელი გზავნილები გაავრცელეს. აღნიშნულ გზავნილებსა და პარტიის ლიდერების საჯარო განცხადებებში ორგანიზაციას საქართველოში დესტაბილიზაციისა და არეულობის პროვოცირებას, ასევე სასამართლო სისტემაზე გავლენის მოხდენის მცდელობას მიაწერდნენ. აღსანიშნავია, რომ პროპაგანდისტულმა მედიამ მანიპულაციურად გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მაკკეინის ინსტიტუტის ნახევარმილიონიანი გრანტი პირდაპირ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ხმარდებოდა. მსგავსი დეზინფორმაციით, პროპაგანდა ჟურნალისტს უცხოური გავლენის მატარებელ სუბიექტად წარმოაჩენდა. „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული აქტორების გარდა, იდენტურ გზავნილებს ავრცელებდა კრემლთან დაკავშირებული მედიასაშუალება „სპუტნიკი“, – აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“.

ფოტო: „სამართლიანი არჩევნები“
ბოლო ერთი წლის განმავლობაში მზია ამაღლობელის დაკავებასა და მიმდინარე სასამართლო პროცესებს საქართველოში აკრედიტირებული ელჩები არაერთხელ გამოეხმაურნენ.
„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, დაკავებული ჟურნალისტის მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ პროპაგანდის სამიზნე დიპლომატიური კორპუსიც გახდა.
„პროპაგანდისტული ნარატივის ცენტრალური ხაზი ამტკიცებდა, რომ საქართველოში აკრედიტებული ელჩების განცხადებები სასამართლოს საქმიანობაში ჩარევასა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხელყოფას წარმოადგენდა. „ქართული ოცნების“ ლიდერები ელჩებს საქართველოს კონსტიტუციის უპატივცემულობასა და ვენის კონვენციის დარღვევაში სდებდნენ ბრალს. ოფიციალური რიტორიკა დიპლომატების კრიტიკული პოზიციების დელეგიტიმაციასა და მათი პოლიტიკური მოტივებით ახსნას ისახავდა მიზნად, მათ შორის მზია ამაღლობელის მხარდაჭერის გამო, მათი „დიფ სთეითთან“ აფილირების გზით. „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან ელჩებზე თავდასხმა აქტიურად გააშუქა „სპუტნიკმაც“, – აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“.

ფოტო: „სამართლიანი არჩევნები“
„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, ელჩების დისკრედიტაციის კამპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი კონსპირაციული ჩარჩოების აქტიური გამოყენება იყო.
2025 წლის 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც მოჰყვა საქართველოში აკრედიტირებული 24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ოფიციალური განცხადება. აღნიშნული განცხადების მიხედვით, განაჩენი არაპროპორციული და პოლიტიზირებული იყო.
„ჟურნალისტის მხარდაჭერის შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული „ექსპერტები“ და პროპაგანდისტული მედია დიპლომატებს „კოლექტიური ნაცმოძრაობის ლობისტებად“, „დიფ სთეითის წარმომადგენლებად“ და „უცხოურ აგენტურად“ მოიხსენიებდნენ. ამ კონტექსტში მზია ამაღლობელის მიმართ საერთაშორისო სოლიდარობა „დიფ სთეითის მფარველობად“ იყო წარმოჩენილი.
დისკრედიტაციის ძირითად სამიზნეებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი და დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი წარმოადგენდნენ. პროპაგანდისტული მედია დიპლომატების განცხადებებს სასამართლოს საქმიანობასა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად წარმოაჩენდა.
პეტერ ფიშერის წინააღმდეგ გზავნილები განსაკუთრებით გააქტიურდა 16 მაისს, მას შემდეგ, რაც დიპლომატი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესს დაესწრო. ამავე კონტექსტში პროპაგანდისტულმა მედიამ პაველ ჰერჩინსკი და გარეტ უორდი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც ელჩებმა საქართველოში მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და დემოკრატიულ პრინციპებთან დაკავშირებული უკუსვლის შესახებ განაცხადეს.
ოფიციალურ და პროპაგანდისტულ რიტორიკაში დიპლომატები სიძულვილის ენის, პოლარიზაციისა და ძალადობის წახალისებაში იყვნენ დადანაშაულებულნი. მათ პოზიციებს პროპაგანდისტული მედია „ორმაგ სტანდარტებად“, „პარტიულ ჩართულობად“ და „გარე აქტორების ინტერესებად“ აშუქებდა. შედეგად, „ქართული ოცნების“ მიმართ დიპლომატიური კრიტიკა პოლიტიკურად მოტივირებულად წარმოჩნდა“, – აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“.

ფოტო: „სამართლიანი არჩევნები“
„აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელისა და ონლაინ მედია „ნეტგაზეთის“ საწინააღმდეგო გზავნილები გაავრცელა რუსეთიდან მართულმა ანონიმურმა ქსელმაც. მასთან ერთად, ჟურნალისტის დისკრედიტაციაში აქტიურად იყვნენ ჩართული კრემლთან დაკავშირებული „სპუტნიკი“ და Pravda-ის ქსელი“, – აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“.
