ქალმა პოლიტიკოსებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ევა შაშიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით.

როგორც პროკურატურასთან შეკრებილი ქალი პოლიტიკოსები აცხადებენ, ისინი მოითხოვენ გენერალურ პროკურორთან და მის მოადგილეებთან შეხვედრას და ამისთვის დღეს, 26 დეკემბრის 18:00 საათამდე დაელოდებიან.

„ჩვენ, ქალი პოლიტიკოსები, ვდგავართ ერთად და მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ წინასწარ პატიმრობაში მყოფ ქალს, ევა შაშიაშვილს, ქვრივს, მარტოხელა დედას, რომელსაც ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი. მას დედის გარდა სხვა მზრუნველი არ გააჩნია.

ჩვენ, როგორც ქალები, დედები და პოლიტიკოსები, ვიაზრებთ დედა-შვილის მდგომარეობას და მოვითხოვთ, ევა შაშიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი.

ამიტომ მოვითხოვთ გენერალურ პროკურორთან, გიორგი გვარაკიძესთან და მის მოადგილეებთან, ზურაბ ბელთაძესთან, გიგა ძნელაძესთან, ავთანდილ კოჭლამაზაშვილთან და ამირან გულუაშვილთან შეხვედრას. ჩვენ ვრჩებით დღეს 18 საათამდე პროკურატურაში და ველოდებით პასუხს.

აქვე მოვუწოდებთ ევას და მისი შვილის გულშემატკივრებს, მოვიდნენ საქართველოს პროკურატურასთან ორთაჭალაში (გორგასლის 24) და გამოხატონ სოლიდარობა და მხარდაჭერა, შეუერთდნენ ჩვენს მოთხოვნას. თავისუფლება ევა შაშიაშვილს!“, – აცხადებენ ქალი პოლიტიკოსები.

„შშმ ქალთა ალიანსი“ ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს

ქალ პოლიტიკოსებს ცოტა ხნის წინ საქმის პროკურორი, ვაჟა თოდუა შეხვდა. პროკურორის თქმით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს ბრალდების მხარე კიდევ ერთხელ შეისწავლის და მომდევნო სხდომაზე, რომელიც 9 იანვარს არის დანიშნული, წარმოადგენს მის პოზიციას აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით.

თუმცა ქალი პოლიტიკოსების მიზანია, ევა მომავალ პროცესამდე გათავისუფლდეს, ვინაიდან მისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი სპეციალურ დაწესებულებას სავარაუდოდ 30 დეკემბრისთვის დატოვებს.

დამატებით დოკუმენტების წარდგენასთან ერთად პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ საქმეში არსებული ყველა გარემოება და დოკუმენტი უკვე საკმარისი უნდა ყოფილიყო ევას აღკვეთის ღონისძიების შესაცვლელად და მის გასათავისუფლებლად, თუმცა, მათი თქმით, ამისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ნება იყო საჭირო.

მყისიერი რეაგირებისთვის ისინი კვლავ მოითხოვენ გენერალურ პროკურორთან და მის მოადგილეებთან შეხვედრას.

პროკურორ ვაჟა თოდუას შემდეგ, ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილ ქალ პოლიტიკოსებს დავით გუმბერიძეც შეხვდა, რომელიც გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსია.