ზვიად რატიანმა მადლობა გადაუხადა თანამოქალაქეებს, რომლებიც მის პროცესზე რეგულარულად დადიოდნენ და მხარს უჭერდნენ, ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს “აპრიორი წარუმატებელ” საქმეში ჩადებული შრომის გამო. მან მოუბოდიშა ჟურნალისტებს იმის გამო, რომ მისი სიტყვა ფურცელზე ვერ დაწერა და ბოლოს დამსწრეებს სთხოვა, რომ წინასწარ პროგნოზირებადი გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოში მანდატურებთან არ ეჩხუბათ. გარეთ რაც გინდათ, ის ქენითო – იხუმრა.
ნეტგაზეთი ზვიად რატიანის სიტყვას გთავაზობთ:
პირველი, რითაც, წესით, უნდა დამეწყო, არის თვითონ ამბავი, რომელსაც აქ გამოვტოვებ და გეტყვით, რატომაც. ჯერ ერთი, არის კადრები, რომელიც ნანახი გაქვთ. შეფასება, რა თქმა უნდა, ჩემი საქმე ვერ იქნება. რამდენად იყო ეს თავდასხმა? მძიმე დანაშაული იყო თუ მსუბუქი და ასე შემდეგ – ამაზე საუბარი დროს დაგვაკარგვინებს. ამ ხალხს [დამსწრეებს] ამის ახსნა არ სჭირდება, თქვენ [მოსამართლეს] სავარაუდოდ – გაგება არ გინდათ. ამიტომ, გადავალ გარემოებებზე, საბაბზე თუ მიზეზზე, რამაც ეს ნაბიჯი [სილის გაწვნა] გადამადგმევინა. და იქნება კანონით არარეგულირებადი, მაგრამ ემოციური ნაწილი… სწორედ ემოციებისგან, განცდებისგან შევდგებით ადამიანები.
რა თქმა უნდა, ნორმალურ გარემოში სილის გაწვნა თუ პანღური აზრად არავის მოუვიდოდა. ყველას საერთო უბედურებაც იმაშია, უფრო სწორად, აბსურდი… ის აბსურდი, რომელიც ერთმა კაცმა და მისმა მომსახურე პერსონალმა ამ ქვეყნისგან შექმნა… თავდაყირა დააყენა ყველაფერი.
რასაკვირველია, მე არ ვგულისხმობ სახელოვნებო აბსურდს, თეატრალური იქნება თუ ლიტერატურული. ეს სხვა რამ არის. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ… არც ვიცი, რა დავარქვა, სამოქალაქო აბსურდზე, როცა მსხვერპლია დამნაშავე და როცა მოძალადე არის მოწმეც, ბრალმდებელიც და ყველაფერი ერთად აღებული – იქ უკვე აბსურდია, იქ დანაშაულზე ვეღარ არის ლაპარაკი.
აბსურდია კიდევ ის, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადოთ დღეს, არც თქვენ, არც მე, არავინ ვიცით, ორჯერ იმაზე ხანგრძლივი ვადით ვიქნები თუ არა ციხეში, ცოცხალი გამოვაღწევ თუ არა საერთოდ იქიდან. მე არ ვაჭარბებ. ყველაფერი არის პირობითი და თავდაყირა. და ის ჩემი სილაც, რომელიც, რა თქმა უნდა, იყო სიმბოლური და, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დასჯადი 21-ე საუკუნეში. რაც არ უნდა ამ სიმბოლოს, ისტორიული იქნება თუ რაღაც წილნაყარი, კონტექსტები მოჰყვებოდეს, რაღა თქმა უნდა, არის დასჯადი.
მე როცა ეს გავაკეთე, ამ კვალიფიკაციებს არც ჩავღრმავებივარ და არც ჩემი საქმე არ არის ეს. ტერაქტის მცდელობა რომ დაგერქმიათ, არც ის გამიკვირდებოდა. [ბრალის] დამძიმებას ველოდი, ცხადია. პასუხისმგებლობას ველოდი? რა თქმა უნდა, ველოდი და ფაქტია, აგერ ვარ.
როცა მოსამართლემ მკითხა პროფესია, თვითდასაქმებული ვუპასუხე და თვითდაპატიმრებულიც ხომ ვარ, ეს ყველამ ვიცით.
ვისაუბროთ კადრებზე. ელემენტარულად, მე შემეძლო სხვა ადგილი მომეძებნა, სადაც მეგონებოდა მაინც, რომ კამერები არ არის და შემრჩებოდა [სილა]… ეს რომ ყოფილიყო რაღაც პირადი ამბავი და გულის მოფხანა… გარწმუნებთ, ახლა რომ ვლაპარაკობ, არც ახლა მექავება ენა და არც მაშინ მექავებოდა გული. ტკივილის მიყენებაც რომ მინდოდეს [ვინმესთვის], მართლაც ეს ხელი… არ მაქვს რკინის მუშტი და დიდად არც მიდარდია ცხოვრებაში. არასდროს გამოვირჩეოდი ამ უნარებით ახალგაზრდობაში. თუნდაც, სკოლაში თუ ჩხუბი მიწევდა და ახლა, მით უმეტეს, ამ ასაკში…
რაც შეეხება სიძულვილს, რომელზეც მერე კიდევ ვიტყვი და არა იმიტომ, რომ რაღაც სარკაზმის შემოტევა მჭირს და თქვენ გიპასუხოთ მაინცდამაინც, ან თქვენს სიტყვებზე რომ ვისაუბროთ, ბატონო პროკურორო. საბრალდებო დასკვნაში იქ იყო ერთგვარი ფსიქოანალიტიკური ხაზი სიძულვილთან დაკავშირებით, რასაც ვუპასუხებ ჩემი არგუმენტებით.
ბოლოს და ბოლოს, სიძულვილი ადამიანური რაღაცაა. მე მართლა ვერ ვხვდები და შეიძლება ინტერესითაც მომესმინა სხვა სიტუაციაში… როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანს სძულდეს სამსახური?! არ ვიცი, სტატისტიკის დეპარტამენტი სძულდეს ადამიანს? ადამიანს შეიძლება სძულდეს სანქციები – მე ასე ვხედავ.
რაც შეეხება პირად სიძულვილს, კი, სამწუხაროდ, პირადად ჩემზე რომ ვლაპარაკობ – რამდენჯერმე მომიწევს ჩემს მაგალითებთან მიბრუნება, იმიტომ, რომ ეს მხოლოდ ჩემი მაგალითები არ არის, საუბედუროდ, თორემ საერთოდ არ დავაკავშირებდი ჩემს ტკივილებს და თუნდაც ტრავმებს, და უკვე სიკვდილამდე რომ მიმყვება, ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებს, სწორედ პოლიციის წიხლით, მუშტით და ხელკეტებით მიღებულს, მაგრამ ჩემზე არ არის ლაპარაკი.
მე ვიცნობ სახეზე, ვიცი სახელით და გვარებით პოლიციელები, რომლებიც მცემდნენ და მაყენებდნენ შეურაცხყოფას აი, ამ ჩემი მრავალსერიიანი საპოლიციო თავგადასავლებისას. მე იმ ადამიანებს ვხედავ ხოლმე რუსთაველის გამზირზე, სხვათა შორის. ამ წლის დასაწყისში რესტორან ბაბილოსთანაც ვნახე ერთი, რომელიც მანქანაში მირტყამდა. იმ ადამიანებს ვხედავ ხოლმე და რომელიმეს შევარჩევდი, თუ ვერ ვიკავებდი ემოციას და ფიზიკურად შეხება მენდომებოდა.
დინამიკა იგრძნობოდა მოწმე პოლიციელების ჩვენებებიდან, იმიტომ, რომ ერთი და იმავეს ჰყვებოდნენ, რეალურად, 20-წამიანი კითხვა-პასუხი იყო.
დიახ, მე დავაზუსტე იმ ადამიანის [სილის გაწვნის შედეგად “დაზარალებული პოლიციელის”] თანამდებობა, ანუ უფროსი იყო თუ არა.
საპოლიციო თავგადასავლები რომ ვახსენე, მე შემხვედრიან რიგითები, რომლებიც ადამიანურად მექცეოდნენ, თავზე ხელი არ გადაუსვამთ და თან არ გადამყოლიან, უბრალოდ, ადამიანურად მექცეოდნენ და ეს ყველაფერი მახსოვს. თავიდან ვერ ვიზიარებდი და შემდეგ, როცა რაღაცა რაოდენობა დაგროვდა ასეთი ადამიანების, წლების მანძილზე, უბრალოდ სახელს და გვარს ვეკითხებოდი და მე დღემდე მახსოვს ყველას სახელი და გვარი. არ ვიცი, შევხვდები თუ არა, ვიცნობ თუ არა ოდესმე სახეზე და მიცნობენ თუ არა თავად და შემახსენებენ თუ არა თავს. განსხვავებით თქვენი გვარისგან, ბატონო პროკურორო [მიმართავს პროკურორ გიორგი გოგალაძეს]. აქ არაფერი სარკასტული არ არის. არ დავინტერესებულვარ და შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ. აი, იმ ბიჭების, რომლებიც კარგად მექცეოდნენ, მახსოვს.
არ მაწყობდა, დიახაც, რიგითი, რადგანაც აი, ამ აბსოლუტურ აბსურდში და უსამართლობაში, რომელშიც ვართ, დიახაც, რაღაც თანამდებობა უნდა ჰქონოდა [ვისაც სილას გააწნავდა]. არჩევანი რომ მქონოდა, ალბათ, ხარებას [გდდ-ს ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი] ვამჯობინებდი, მაგრამ იმ დროისთვის ჩრდილში ჰყავდათ გადაბმული.
რა თქმა უნდა, ეს [სილა] იყო სიმბოლური. სიმბოლოების ისტორიამდე აღარ ჩავალ. ახლა გადავალ იმაზე, საერთოდ, რა იყო მიზეზი.
არ მიყვარს პათეტიკა. არასდროს მიყვარდა და მაღიზიანებს ჩემს უშუალო საქმიანობაშიც, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, იცით, რომ არის ასეთი სიტყვა ქართულ ენაში – სინდისი, და არამხოლოდ ქართულ ენაში. ალბათ, ყველა ენაშია იმავე მნიშვნელობის მქონე რაღაც სიტყვა.
რაშიც არ ვარ დარწმუნებული, ის არის, რომ შეიძლება, არ იცოდეთ, რომ ეს სინდისი პირობითი ცნებაა. ზოგიერთ ადამიანს ზოგჯერ მართლა აწუხებს. თუნდაც, ისეთი ამორტიზებული და მოძველებული სინდისი, როგორიც მე შემომრჩა ამ ასაკში.
მესმის, რომ სინდისი და ქენჯნა არ რეგულირდება და არ იზომება კანონით. ისევე როგორც ტკივილი, ისევე როგორც სიძულვილი, და თუ იზომება, სხვა პროფესიის ადამიანები მარჩიელობენ ასეთი განცდების შესახებ და, რამდენადაც მე ვიცი, ისინი არ არიან იურისტები.
და ეს სინდისი მართლა მაწუხებდა, როცა მეძინა სახლში, ჩემს საწოლში; ვჭამდი ჩემს სახლში; ვმუშაობდი არავისთვის საჭირო რაღაც ტექსტებთან, საყვარელი ქალის მზრუნველობით გარემოცული; ვმეგობრობდი ჩემს არაჩვეულებრივ შვილებთან… იმ ფონზე, როცა მათი ასაკის და გაცილებით უფრო მცირე ასაკის ადამიანები თქვენმა თანამშრომლებმა ერთ ასაკოვან, ფულით და ძალაუფლებით შერყეულ, მტრის სამსახურში ღიად და გაცხადებულად ჩამდგარ ადამიანს მსხვერპლად მიუყვანეს.
აი, ამას ვუყურებდი და მე მაწუხებდა ეს, არა იმიტომ, რომ ვინმეზე მეტი ვარ … საერთოდ, ეს არის ბრძოლა. ამ შემთხვევაში, ამ მხარეს ვინც ვართ, ჩვენ პირადისთვის ხომ არ ვიბრძვით?! ვინც პირადისთვის იბრძვის, მეორე მხარესაა. ასე დალაგდა და ასე ხდება. რა მეტყობა მე პირადისთვის მებრძოლის, სადა ვარ, შეხედეთ.
არც საამაყოდ ვთვლი ამ ჩემ მიერ გაწნულ სილას, არც სათაკილოდ და არც დანაშაულად, მხოლოდ იმ დათქმით, რომ აბსურდში ვართ […]
მეტისმეტად ზოგადია, როცა სიძულვილზეა საუბარი [საბრალდებო დასკვნაში], ხელის გარტყმაო… ენამ, რომელიც ჩემზე, ჩვენზე, ყველაზე ერთად აღებულზე ჭკვიანი, ცოცხალი ორგანიზმია, სწორედ მისი სიმბოლური დატვირთვით, ნაკლებად მტკივნეული, ისტორიული, ბუტაფორიული, რაღაცა ღირსებასთან წილნაყარი მნიშვნელობების გამო, სილას უნიკალური ზმნა მოარგო – გაწნული. ენამ ქნა ეს, მე კი არ მომიგონია… სილის გარტყმა უგემოვნო, ცუდი ქართულია. შეიძლება, შეგეშალოს, მაგრამ წერასთან როცა გაქვს ადამიანს საქმე, თუნდაც სამსახურებრივი დოკუმენტების შედგენასთან, რაღაცნაირად ავტომატურადაც არ მოდის ეს ზმნა. და იქ … ისევ გადავუხვიე.
მოკლედ, ამ სილას რაც შეეხება – მზია ამაღლობელი, ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული, ღირსეული, მებრძოლი და პრინციპული ადამიანი, რომლის შესახებაც ბევრმა მართლა არ იცოდა და მეც შემთხვევით გავიგე ალბათ რამდენიმე წლის წინ. ვაფასებდი “ბათუმელებს” და არ ვიცოდი ქალბატონი მზიას საქმე. ეს ადამიანი დაამცირეს, შეურაცხყოფა მიაყენეს და ამის მერე, როცა გამწარებულმა, ღირსებაშელახულმა სილა გააწნა, იმ დღიდან ჩვენ ვუყურებდით ამ ქალის რიტუალურ მკვლელობას თქვენი სამსახურების და თანამშრომლების დამსახურებით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის წყარო ერთი კაცი და ერთი ოჯახია.
შემდეგ ნინო დათაშვილი, ჩემი არაპირდაპირი, მაგრამ კოლეგა, რადგან ქართულ ენას და ლიტერატურას ემსახურება, არაჩვეულებრივი ადამიანი და მართლა კოლეგაც, იმიტომ, რომ ჩვენ ერთ პროექტში ვმუშაობდით, სანამ მას დაიჭერდნენ და შემდეგ, მეც. ამ შენობაში, აი, იმ ბიჭების [მანდატურების] კოლეგებმა, ან მათ, არ ვიცი, ასევე, მუჯლუგუნებით ატკინეს, დაამცირეს და როცა ის გამოვიდა მდგომარეობიდან და სილა გააწნა, ისიც, მთლად სილაც არ იყო, რაც მე კადრით აღვიქვი, დააპატიმრეს და შემდეგ რაც მოხდა, ისიც ვიცით. თქვენმა კოლეგებმა ფსიქიატრიულში გადაყვანა მოითხოვეს და დაუდასტურეს.
აი, ეს სირცხვილები… 21-ე საუკუნეა. შუა საუკუნეების კი არა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე ეპოქაში სახელების დონეზე ვიცნობთ ჯალათებს. მაშინ არც დამწერლობა იყო, არც წერა-კითხვა იცოდა ხალხმა და მედია, ინტერნეტი და ფეისბუქი ხომ საერთოდ არ არსებობდა. კარის ისტორიკოსები კიდევ იმპერატორს ემსახურებოდნენ დიდი ინკვიზიციის დროს. მაინც შემორჩა [ჯალათების სახელები ისტორიას] და დღეს არ გაიწოვება. შეიძლება დიდი უბედურება ვიღაცას შერჩეს და ეს – ქალის იქ წაყვანა [იძულებითი ფსიქიატრიული შემოწმება], არ ვიცი, რაში ჯდება.
ალბათ, მაქსიმუმ ორი თვით ადრე, ვიდრე ეს ჩემი ამბავი მოხდებოდა, ვიდრე დამაპატიმრებდნენ, “ბათუმელებმა” მთხოვა წერილის დაწერა მზიას შესახებ გაზეთისთვის. ეს ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ, რომ კალამთან დაკავშირებული ადამიანი ვარ და ასეთ თხოვნებს სხვადასხვა საკითხზე თუ თემაზე ვიღებ. რაღაც დავწერე და მე მახსოვს ჩემი განცდა, ეს ისევ სინდისმა მომცა. სინდისი სულიერად გვინახავს. რომ დავწერე, აივანზე გავედი და ვიყავი ძალიან თვითკმაყოფილი, ბედნიერი, რომ მოვასწარი ვადებში, არ გამიგრძელდა წერა. ჩემი სამივე კატა გამოვიდა, გავაბოლე თვითკმაყოფილმა და ვიგრძენი ძალიან დიდი სირცხვილი, რომ დავჯექი ამხელა კაცი, თუნდაც ამდენი რამის მნახველი ასაკობრივად, დავწერე, მერე რუსთაველზე გავალ და დიდი ალბათობით კიდევ ერთ ჯარიმას ავირტყამ. მერამდენეს. და აი, სულ ესა ვარ, ხომ?!
მე შემაწუხა და, როგორც ვთქვი, ეს არის საერთო ბრძოლა. ამ საერთო პასუხისმგებლობის შკალაზე ცალკეულ ადამიანებს აქვთ თავიანთი, პირადი ნიშნულები, რომლებიც განისაზღვრება იმით, რაც მეტი მოგხვდა. მე ძალიან ბევრზე ნაკლები მომხვდა პირადად, მაგრამ რაღაც დოზა მეც მივიღე პირადი უსიამოვნებების, თუნდაც პირადი ფიზიკური ტრავმების. მოდით, ტკივილზე არ ვისაუბროთ, იმიტომ, რომ მე თვითონ არ ვიმჩნევ. მე უხერხული თემა მგონია. თქვენ ამახვილებთ ხოლმე, აი, იმ ტკივილზე, ლოყის ალმურზე და ღაწვის სიწითლეზე ყურადღებას. დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებს, თუნდაც იმ ადამიანობამდე – ჩემი აზრით და აღქმით – არგანვითარებულ დგებუაძეს არ სიამოვნებს ეს მოსასმენად. თქვენ დაიწყეთ ეს შაირი და ამტეხეთ.
რა ვიცი, შეიძლება მართლა ეტკინათ – ეს არის ინდივიდუალური მგრძნობელობა და ადამიანს შეიძლება, რომ გეტკინოს. მე ვიცი ჩემი მუშტის და, მით უმეტეს, მის ძალაზე და ვიცი, ის, რომ ეს ტკივილის მიყენება – უკვე ვისაუბრე ამაზე პროკურორთან – რაღაცა სხვანაირად რომ ყოფილიყო, დამცირებაც რომ მქონოდა გეგმაში, მე მგონი, ის უფრო შეურაცხმყოფელია პოლიციელებისთვის, ჩემ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისგან, არა?
იყო სიმბოლური და კადრი იყო. კადრში დავარტყი. მაგრამ, დავუშვათ, ეტკინა. მე ვისურვებდი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, დღეს თუ არა სამომავლოდ, უკეთესს, მე რომ მინდა და ვოცნებობ, ისეთ ქვეყანაში მაინც, რომ პოლიციაში უფრო მედეგი ადამიანები იყვნენ. ეს სამსახური ხიფათის შემცველია.
მე მართლა, მართლა მრცხვენია, პირადად ჩემს სირცხვილად ვთვლი, რომ ქართულმა პოლიციამ კი არა და, ივანიშვილმა და აი, ამ ხროვამ მსოფლიო მოწყვლადობის ისტორიასა და მითოლოგიაში, ახალი პარადიგმა შემოიღო, აქილევსის ქუსლი – ქართველი პოლიციელის ლოყა. რა უბედურებაა, ამაში როგორ უნდა ვიცხოვროთ? ეს როგორ უნდა ავიტანოთ?
კი ბატონო, მე ვიყავი ამ შენობაში, შეიძლება არა ამ დარბაზში, სხვა დარბაზში, არასრული ერთი წლის წინ, როცა მართლა მცემეს და ეს არის გადაღებული. როცა ათეულობით ადამიანი მირტყამდა. თქვენი თანამშრომელი იჯდა მოსამართლის სავარძელში. კადრებით არ დაინტერესდა, სადაც ჩანს, რომ აქეთ მცემენ. არაფერს არ ვაკეთებდი, შვილებს ვეძებდი [რუსული კანონის განხილვის დროს 2024 წელს], როცა დაიძაბა სიტუაცია, მინდოდა ახლოს მყოლოდნენ და ცოლსაც. ზურგიდან შემიპყრეს. ბევრი მსგავსი კადრი გინახავთ, შეიძლება ჩემი მონაწილეობითაც. არც ამას შეხედა. იმ დღის, რამდენიმე საათის წინ დანარტყამს და ფორმა 100-ს, სადაც ჩამოთვლილი იყო მრავლობითი მოტეხილობები და სასწრაფო ოპერაციის აუცილებლობა. ნახა თქვენმა თანამშრომელმა, გაწია ეს განზე. მოუსმინა მოსამართლემ იმ პოლიციელს, რომელმაც ჩამირტყა.
მე რომ ვთქვი, რომ მე ქართველი ვარ, ჩემი ქართველობა ის არის, რომ ხელებშეკრულ, ნაცემ ადამიანს გამეტებით არ უნდა ვურტყა. იმ კაცმა თქვა, რომ დავაპატიმრე, თავის თავს გაარტყაო, ეს მოყვა. მოსამართლემ ყურადღებით მოუსმინა და რეაბილიტაციის კურსებზე გამიშვა სამტრეედიის იზოლატორში.
როცა დავბრუნდი, მალე, ყოველ საღამოს ვნახულობდი იმ ახალგაზრდების [გულისხმობს სინდისის პატიმრებს] მშობლებს რუსთაველზე. ერთს ვერ ნახავთ, რომ მივსალმებოდი. იმიტომ, რომ მრცხვენოდა. მართლა მრცხვენოდა – 8 დღე ვიყავი იმ ციხეში და მათი შვილები, მხოლოდ იმიტომ, რომ კალენდარულად გამიმართლა. ნოემბერში მხოლოდ ადმინისტრაციულად აპატიმრებდნენ, პირველიდან თუ ორიდან დაიწყეს სისხლის სამართლით, ზუსტად იგივენაირად, ან უფრო მეტად ნაცემი ადამიანების დაპატიმრება. დანაშაულზე არა მაქვს ლაპარაკი. მსხვეროლის დაპატიმრება. მე გამიმართლა თურმე, რომ ვიყავი საერთოდ პირველი, 28 ნოემბრის ღამით შეპყრობილი. ყოველ შემთხვევში, სისხლიანი პირველი მიმიყვანეს შუშებიან შენობაში. ამიტომ ვლაპარაკობ აბსურდზე. მე მინდოდა მშვიდად ლაპრაკი, რომ გავამსუბუქო ეს ყველაფერი, მაგრამ არ გამოდის, არა
[…] რაც შეეხება სიმბოლურობას, თავი დავანებოთ ისტორიას, დუელებს და იმ ხელთათმანების გადაგდებას, სწორედ მზე ამაღლებულმა და ნინო დთაშვილმა შესძინა პოლიტიკური კონტექსტი კონკრეტულად ამას, სილის გაწვნას. დიახაც, აი, ამ სიმბოლიკით შევდგები და ეგეთი აზროვნების, ყაიდის კაცი ვარ.
[…] წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სპეციალურად პოლიციის მოძალადე თანამშრომლებისთვის, რომ იმათ წაიკითხონ და გაიაზრონ. დიახ, მარტო ეგ ენა ესმით, მარტო ამ ენით გველაპარაკებიან და ძალადობენ. ყველა მოძალადე პოლიციელისთვის გაწნული სილაა-მეთქი, კიდევაც დავამატე. მაგრამ გავფილტრე, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, გავფილტრე კიდევაც. და საერთოდ, ივანიშვილით დავიწყე, რატომ ეცით ამ პოლიციას. მე ხომ პოლიციას ისე არ ვერჩი, როგორც ივანიშვილს?!
[…] ამიტომ, სიძულვილი კი არა, ჩემთვის ეგ არის სიყვარული. ეგრე ვიცხოვრე. პირველად მე პოლიციელებმა მცემეს 1989 წლის 25 თებერვალს, 9 აპრილამდე თვენახევრით ადრე. იმის მერე არ ვიცი, კარმა თუ ბედისწერა, თუ მე ვარ შარიანი, მაგრამ მხვდება. ღმერთი, რჯული, ძალით არც ვცდილობ, პირიქით, ნეტავ ჩემს ჩირგვებში მამყოფა და ჩემს საკანში და ამ საჯარო, სამოქალაქო, დიდ ამბებს არ გამაკარა. მაგაზე ვწერდი კიდევაც და მაიცნდამაინც ის მოეჩვენა ხალხს პატრიოტულ ნაწერად. არადა, პირიქით ვწერდი. არა ვარ ეს. ლიდერის თვისება არც მინდა, რომ მქონდეს, მაგრამ ეს საჯარობა როგორ გამომდის … ამაშია პრობლემა
სიძულვილზე ერთსაც ვიტყვი, ბარემ – მაინც ავცდი ამ ჩემს გენერალურ ხაზს – ბატონო გიორგი [მიმართავს პროკურორ გიორგო გოგალაძეს], ამ საქმესთან კავშირში არაა, მაგრამ თქვენ რღაცნაირად ამ სამსახურს ჩამოშორდით. დარწმუნებული ვარ, მაგდენსაც არ გთხოვენ იქ და არ გავალებენ, რომ ეს სიძულვილი და ა.შ. იმიტომ, რომ კანონმდებლობითაც არ აქვს აზრი. მე რომ გავიგო, რომ თქვენ ამას ჩამოშორდით, ალბათ, გამიხარდება. რანაირი სიძლვილია? რაფინირებულად, დალაგებულად მლანძღავთ – პიროვნებით დაიწყეთ და ასე, წვეთ-წვეთად მასწორებთ მიწასთან. თან ვიცი, რომ სხვას ფიქრობთ და თან, საბენდიეროდ, ვიცი, რომ მე რომ მინახავს თქვენი თნამშრომლები, ნერვი რომ არ უტოკდებათ, ეგრე არ გამოგდით და მე ეს მხოლოდ მომწონს. ამიტომაც შემოვაგორე, აი, ეს ლირიკა.
ჰოდა, მოკლედ, ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, შეცდომების, სისულელეების და დანაშაულების კასკადი გვაქვს აგერ უკვე თითქმის 40 წელია. რღაცნაირად ჩემი ასაკი დამეთხვა – სმწუხაროდ თუ საბენდიეროდ – და ამ პროცესში ვარ იქიდან მოყოლებული. ვიყავი 17 წლის. არაფერი ვიცოდი. არც საქართველოს ისტორია ვიცოდი, საბჭოთა კავშირში გაზრდილმა. რაღც კანტი-კუნტი ზღაპრები მქონდა გაგონილი.
არსდროს მომწონდა ჩემი თავი და ყოველთვის მომწონდა ჩემი ცხოვრება, იმიტომ, რომ ურთიერთობა დიდებულ ადმიანებთან მქონდა. სხვათა შორის, აი, იმ ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზეც. იმ ადამიანებთან, ვისი სახელობის ქუჩებზეც თქვენ დაბრძანდებით, ან ცხოვრობთ, ან გაქვთ იმედი, რომ კარიერული წინსვლის კვალდაკვალ მათი სახელობის ქუჩებზე შეიძლება დასახლდეთ.
მე რამდენი ხანიც არ უნდა გამოვიკეტო, ჩემი ცხოვრებით, დიდ მასშტაბში, არა ვარ უკმაყოფილო და მადლიერი, პირველ რიგში, იმიტომ ვარ, რომ დაუმსახურებლად ბევრი რამე მომეცა, ბევრი რამე თავისით ხდებოდა.
მოკლედ, იცით რა, მე რომ მქონდეს განცდა, ან თეორიულად მაინც ვუშვებდე, რომ თქვენ ჩემი არ გესმით და მელაპარაკებით კანონის ენაზე … რა არის კანონი? საჯარო სივრცეში რომ დავაცემინო, მით უმეტეს, ხმაურიანად, ეს შეიძლება იყოს უსიამოვნო, მაგრამ თუ კანონი იტყვის, რომ ამისათვის ნესტოები უნდა ამეხეს, ის აღარ არის კანონი. მე ვიცი, რომ გესმით ჩემი [მიმართვს მოსამართლეს]. ესეც ჩემი არჩევანია. ეს სხდომა არის ჩემი არჩევანი. რატომაც არა?! ხმამაღალი სიტყვა, მაგრამ ძალიან ყოფითი მნიშვნელობით ვამბობ – ეს ჩემი მორალური არჩევანია.
მორალური უპირატესობა არის კლიშე, რომელსაც ვერ ვიტან და იმედია ცხოვრებაში როგორც პირველად, ისე უკანასკნელად ვგრძნობ ამას. იცით, რატომ? მე მაქვს აბსოლუტური განცდა, რომ ზუსტდ ისე, როგორც, აი, ლექსოსთვის და ნინასთვის [ზვიად რატიანის შვილები], თქვენი შვილებისთვისაც არის ეს ბრძოლა, რომელშიც მე ვარ. ზუსტად ვიცი. მგონია, რომ თქვენც იცით. და თუ თქვენ ასე არ თვლით, მაშინ მე უკეთესი წარმოდგენისა ვყოფილვარ თქვენზე, ვიდრე თქვენ – საკუთარ თავზე.
ამიტომ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხდოთ დღეს, ჩემი მომავალი გაცილებით მსუბუქია, სანატრელიც კი, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც ან საქმით ემსახურებიან, ან თუნდაც, დუმილით ამყარებენ ამ უსამართლობას. ეს არის ის, რაც უნდა მეთქვა, და როგორც უკვე გთხოვეთ – მშვიდად, წყნარად. მე მაგრად ვარ, ჯერჯერობით წერაც გამომდის, ავად თუ კარგად, ალბათ უფრო ავად, მაგრამ ამის იმედსაც არ ვკარგავ. მადლობა.
ზვიად რატიანს, პოეტსა და მთარგმნელს, 9 ოქტომბერს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა.
პროკურატურა მას ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის დარღვევას, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. თუმცა, მოსამართლე გელაშვივლმა წარდგენილი ბრალი გადააკვალიფიცირა 353-ე მუხლის პირველი ნაწილით – წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა პოლიციელის მიმართ.
ზვიად რატიანი 24 ივნისს პოლიციელზე სილის გარტყმის გამო დააკავეს.
