დიდმა ბრიტანეთმა გამოავლინა და სანქციები დაუწესა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს (GRU-ს) სამ დანაყოფს და  სამხედრო დაზვერვის 18 ოფიცერს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პუტინის ბრძანებით ქაოსისა და არეულობის დათესვაზე.

მათ შორის არის ის დანაყოფი ( 74455), რომელმაც 2018 წელს საქართველოში კიბერშეტევა განახორციელა ქართული ორგანიზაციებსა და სამთავრობო უწყებებზე. 2019 წელს დიდმა ბრიტანეთმა ამაზე პასუხისმგებლობა GRU-ს 74455-ე დანაყოფის დააკისრა.

„74455-ე დანაყოფმა განახორციელა ფართომასშტაბიანი დესტრუქციული კიბერშეტევები საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე ეროვნულ მაუწყებლებზე, ვებსაიტების დასაზიანებლად“, – ვკითხულობთ ბრიტანეთის მთავრობის ანგარიშში.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, GRU-ს დანაყოფები გამოაშკარავდა მარიუპოლის თეატრის აფეთქებაში, იულია სკრიპალზე თავდასხმასა და კიბეროპერაციებში მათი როლის გამო, რომლებიც მხარს უჭერდნენ პუტინის უკანონო ომს უკრაინაში.

„დღეს მიღებული ზომები მიმართულია რუსეთის GRU-ს სამი დანაყოფისა და სამხედრო დაზვერვის 18 ოფიცრის წინააღმდეგ, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებდნენ მავნე კიბერაქტივობის მუდმივ კამპანიას, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.

GRU რეგულარულად იყენებს კიბერ და საინფორმაციო ოპერაციებს უკრაინასა და მთელ მსოფლიოში ქაოსის, უთანხმოებისა და არეულობის დასათესად, რასაც დამანგრეველი შედეგები მოაქვს.

2022 წელს 26165-ე დანაყოფი, რომელსაც დღეს სანქციები დაუწესდა, უზრუნველყოფდა ონლაინ დაზვერვას მარიუპოლზე სარაკეტო დარტყმების ზუსტად დასამიზნებლად, მათ შორის იმ დარტყმის, რომელმაც გაანადგურა მარიუპოლის თეატრი, რის შედეგადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა“, – ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო ოფისის ინფორმაციით, აღნიშნული ერთეული კავშირშია კიბერთავდასხმებთან, რომლებიც საქართველოში, უკრაინაში და სხვა ქვეყნებში განხორციელდა.

დასავლური დაზვერვის თანახმად, Unit 74455 რუსეთის სამხედრო დაზვერვის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და აგრესიული კიბერქვედანაყოფია, რომელიც მიზანმიმართულად ესხმის თავს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს.

“დანაყოფი 74455 არის მაღალტექნოლოგიური, დიდი ხნის კიბერაქტივისტი, რომელიც ძლიერია დესტრუქციულ კიბეროპერაციებში. დანაყოფი 74455 ძირითადად მიზნად ისახავს თავს დაესხას კრიტიკულ ეროვნულ ინფრასტრუქტურას (CNI), სამრეწველო კონტროლის სისტემებს (ICS) და რუსეთისთვის სტრატეგიული ინტერესის მქონე სუბიექტებს, მათ შორის უკრაინის სამხედრო და სამთავრობო სამიზნეებს.

ფართოდ გავრცელებული სანდო მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეს ინციდენტები დაკავშირებულია 74455-ე დანაყოფის ჯგუფთან:

დანაყოფმა განახორციელა ფართომასშტაბიანი დესტრუქციული კიბერშეტევები საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე ეროვნულ მაუწყებლებზე, ვებსაიტების გასათიშად”, – წერია ინფორმაციაში.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლამის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი ხედავს კრემლის ფარულ მცდელობებს და ამას არ მოუთმენენ.

„GRU-ს ჯაშუშები აწარმოებენ კამპანიას ევროპის დესტაბილიზაციის, უკრაინის სუვერენიტეტის შელახვისა და ბრიტანეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შესაქმნელად.

კრემლს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს: ჩვენ ვხედავთ, რას ცდილობენ ისინი ფარულად და ამას არ მოვითმენთ. სწორედ ამიტომ ვიღებთ გადამწყვეტ ზომებს რუსი ჯაშუშების სანქცირებისთვის. დიდი ბრიტანეთის დაცვა აღნიშნული საფრთხისგან ამ მთავრობის ცვლილებების გეგმის ფუნდამენტური ელემენტია.

ჰიბრიდული საფრთხეები და პუტინის აგრესია არასდროს გატეხავს ჩვენს გადაწყვეტილებას. დიდი ბრიტანეთისა და ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერა უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების მიმართ ურყევია.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ვალდებულია გააძლიეროს ძალისხმევა ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, დაიცვას დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოება“, – განაცხადა დევიდ ლამიმ.

მისი თქმით,  რუსეთის მზაკვრული საქმიანობა ევროპის ფარგლებს სცდება.

„GRU-ს დანაყოფებისა და ოფიცრების გარდა, დიდმა ბრიტანეთმა ასევე დაუწესა სანქციები „აფრიკის ინიციატივის“ სამ ლიდერს, რუსეთის მიერ დაფინანსებული „ტროლების ქარხანას“, რომელსაც რუსი დაზვერვის ოფიცრებს იყენებს დასავლეთ აფრიკაში საინფორმაციო ოპერაციების განსახორციელებლად. ეს მოიცავს რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გლობალური ჯანდაცვის ინიციატივების ძირის გამოთხრის უგუნურ მცდელობებს, კრემლის პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად, უსაფუძვლო შეთქმულების თეორიების პოპულარიზაციით“, – აცხადებს დევიდ ლამი.