აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა სცადოს უკრაინასთან უფრო გამარტივებული ხელშეკრულების გაფორმება მინერალების თაობაზე, რაც მისცემს მას საშუალებას, დააჩქაროს კიევთან შეთანხმება, ხოლო დეტალებზე მოგვიანებით გააგრძელოს მსჯელობა.
ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს 2 ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
როიტერის თანახმად, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ვოლოდიმირ ზელენსკის უარი აშშ-თან მინერალებზე შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით.
დოკუმენტი, რომელსაც ზელენსკიმ ხელი არ მოაწერა, უფრო დეტალიზებული იყო და ითვალისწინებდა უკრაინის კრიტიკული მინერალების 50%-ის ვაშინგტონისთვის გადაცემას. მათ შორის საუბარია ლითიუმზე. ეს იმ ბატარეების მთავარი ელემენტია, რომელიც ელექტრომანქანების წარმოებაში გამოიყენება.
ზელენსკიმ თქვა, რომ ეს შეთანხმება არ ითვალისწინებდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს და ქვეყანას “არ გაყიდის”.
კითხვაზე, აპირებენ თუ არა გააგრძელონ მუშაობა უკრაინასთან მინერალებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით, ტრამპის გუნდის წარმომადგენელმა როიტერსს ანონიმურობის დაცვის პირობით უთხრა: “რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, რომ ეს ადამიანი [ზელენსკი] რეალობაში დავაბრუნოთ”.
“წყაროებმა დაგვიდასტურეს, რომ ტრამპისთვის მნიშვნელოვანია, ამერიკელ ხალხს საჯაროდ უთხრას, რომ ის [მინერალების სახით] უკან იბრუნებს იმ ფულს, რომელიც უკრაინას მისცეს”, – წერს როიტერი.
“კიდევ ერთმა წყარომ, რომელიც კარგად არის ინფორმირებული, გვითხრა, რომ უკრაინა მზადაა დადოს შეთანხმება ტრამპის ადმინისტრაციასთან”, – იუწყება როიტერი და დასძენს, რომ ოღონდ კიევს სურს დადოს შეთანხმება, რომელიც არ იქნება ისეთი “ხარბი”, როგორიც ტრამპის ადმინისტრაციის პირველი შეთავაზება იყო.
გამოცემის ცნობით, თეთრი სახლი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, როგორ მიაღწიოს შეთანხმებას უკრაინასთან.
ბოლო დღეებში ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და თავად ტრამპმაც მკაცრად გააკრიტიკეს იმის გამოც, რომ არ მოაწერა ხელი მინერალებზე შეთანხმებას. თეთრი სახლის ახალი შესაძლო სტრატეგია, როიტერსის თანახმად, ითვალისწინებს უფრო ზოგადი შეთანხმების მიღწევას კიევთან, ხოლო დანარჩენ დეტალებზე, მათ შორის ამერიკისთვის გადასაცემი მინერალების წილზე, მოლაპარაკებები შემდეგ გაგრძელდება.
როიტერსის თანახმად, ბუნებრივი რესურსების გამოყენება დახმარების სანაცვლოდ აშშ-სთვის არ არის გამოცდილი პრაქტიკა, თუმცა ამ მეთოდს აქტიურად იყენებს ჩინეთი და მინერალებზე წვდომას თავად ზელენსკიც სთავაზობდა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს ცოტა ხნის წინ.
