“ქართული ოცნების” ლიდერის და დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმ ტელეკომპანია იმედის ეთერში ფართო რეაქციები და ინტერნეტ ხუმრობები გამოიწვია საზოგადოებაში.

ბიძინა ივანიშვილმა ვრცელ ინტერვიუში გაიმეორა და განავრცო თითქმის ყველა ის საარჩევნო გზავნილი, რომლითაც მისი პარტია ამ კამპანიას აწარმოებს, თუმცა აღარ უხსენებია 2 პოსტულატი, რომ თითქოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აპირებენ და ამისთვის სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი.

ამ სტატიაში სტატიაში ნეტგაზეთი მოკლედ მიმოიხილავს იმ მანიპულაციურ თუ დეზინფორმაციულ ნარატივებს, რაც ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან მოვისმინეთ.

“ომში გვითრევენ” ტყუილის გაგრძელება

ბიძინა ივანიშვილმა კვლავ გაიმეორა “ქართული ოცნების” კონსპირაციული თეორია იმის შესახებ, რომ დასავლეთი (რომელსაც “ოცნება” პროპაგანდისტულად “გლობალური ომის პარტიას” ეძახის) საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვას ცდილობს. თუმცა მმართველი პარტიის თავმჯდომარის გზავნილები ურთიერთწინააღმდეგობრივი იყო. ერთი მხრივ, ის ამბობს, რომ ომი უკრაინაში რამდენიმე თვეში სრულდება (რის შემდეგაც ის ქართველებს დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობის გადატვირთვას ჰპირდება), მეორე მხრივ კი, ირწმუნება, რომ საქართველოს ჩართვას ცდილობენ ამ ომში. გაუგებარია, თუ ომი სრულდება, საქართველოს სადღა რთავენ? ან თუ დასავლეთი საქართველოს ომში ითრევს და მისი განადგურება უნდა, რატომ ჰპირდება “ქართული ოცნება” ამომრჩევლებს ამ ძალასთან ურთიერთობების “დალაგებას”.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს “ერთ-ერთი ქვეყნის მაღალჩინოსანმა” ისიც კი უთხრა, რომ რეალურად 3-4 დღის საომრად სჭირდებათ საქართველო და შემდეგ იმედი აქვთ, რომ “ტყეში გავლენ და პარტიზანულ ომს” დაიწყებენ, იარაღით კი თვითონ მოგვეხმარებიან. მას არ დაუსახლებია, რომელ ქვეყანაზეა საუბარი, თუმცა, “ქართული ოცნების” რიტორიკიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ისინი კვლავ დასავლურ ქვეყანაზე მიანიშნებენ.

ალბათობის დონეზე, რომც დავუშვათ, რომ ამ კონსპირაციის თეორიაში მართლაც არის მცირე სიმართლის მარცვალი და დასავლეთში, რომელსაც 90-იანებიდან მოყოლებული მილიარდობით დოლარი/ევრო აქვს დახარჯული საქართველოს დასახმარებლად, მართლაც ფიქრობს ვინმე უკრაინის დასახმარებლად საქართველოს ომში ჩართვაზე. ანუ მხოლოდ პრაგმატულად რომ ვიმსჯელოთ. არ არსებობს არანაირი ლოგიკური არგუმენტი, რაში დაეხმარება დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ომში ჩართვა. 

უყურეთ ამ ვიდეოს.

@batumelebi.netgazeti ❌ 3 არგუმენტი, რატომ არ სჭირდება დასავლეთს მეორე ფრონტი საქართველოში. #უკრაინა #საქართველო❤ #მეორეფრონტი ♬ original sound – Batumelebi | Netgazeti

 

ამის გარდა არსებობს მოლდოვის მაგალითი, რომლის ტერიტორიაზეც ამ წუთებშიც დგანან რუსული ჯარები სეპარატისტულ დნესტრისპირეთში. ჩნდება კითხვა, მოლდოვას რატომ არ სთხოვენ მეორე ფრონტის გახსნას? რატომ მიიწევს მოლდოვა წინ ევროინტეგრაციის გზაზე, როცა მას არც ომი დაუწყია და არც ეკონომიკური სანქციები დაუწესებია რუსეთისთვის.

@batumelebi.netgazeti🟥 მოლდოვა – მორიგი არგუმენტი, რომ დასავლეთს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა არ სურს♬ original sound – Batumelebi | Netgazeti

“ევროკავშირში აქეთ შეგვეხვეწებიან”

ივანიშვილის გზავნილები ევროკავშირში გაწევრიანების კუთხითაც წინააღმდეგობრივია. თუ “გლობალური ომის პარტია” და მის მიერ კონტროლირებული ევროკავშირი საქართველოს ომში ითრევენ, რატომ ჰპირდება მმართველი პარტია ქართველებს ამ კავშირში გაწევრიანებას 2030 წელს და რატომ ვკითხულობთ მათ საარჩევნო ბანერებზე, რომ ისინი მხოლოდ ევროპისკენ მიდიან?

“იმედთან” ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის “ბიუროკრატებს” არავინ ჰკითხავს საქართველოს ამ ალიანსში გაწევრიანების საქმეს, რადგან ისინი დღეს არიან და ხვალ არ იქნებიან და მომავალში საქართველოს აქეთ შეეხვეწებიან მასში შესვლას.

სინამდვილეში რეალობა სხვაგვარია. ის, რომ საქართველოს ევროპული გზა დე ფაქტო გაჩერებულია, არა მხოლოდ ევროპელმა “ბიუროკრატებმა”, არამედ, ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელმა, მმართველმა ორგანომ ევროპულმა საბჭომ თქვა უკვე ორჯერ თქვა. ამ საბჭოში ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერები შედიან და არა “ბიუროკრატები”. 

ასევე, თითქმის ყველა ანალიტიკოსი, რომელიც ევროკავშირის საკითხებს სწავლობს, თანხმდება, რომ უკრაინაში ომის შედეგად გაიხსნა თითქმის უნიკალური ფანჯარა ამ კავშირში შესასვლელად, რომლის მსგავსი მანამდე არ ყოფილა და შეიძლება მომავალში აღარც შეიქმნას, თუ ბალკანეთის ქვეყნები, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში შევლენ, ხოლო საქართველო გარეთ დარჩება. არაერთი მეგობარი საქართველოს მოუწოდებს, რომ გამოიყენოს ეს შანსი. საქართველო ან ევროპის ნაწილი იქნება ან რუსეთთან დარჩება ერთი-ერთზე პარტნიორების გარეშე.

“ლგბტ პროპაგანდა”, კაცის რძე და ა.შ.

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2013 წლის 17 მაისის ლგბტ თემის დარბევას “სირცხვილს და ანტიქრისტიანულს” უწოდებდა და მათ შორის ამ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე მღვდლების დასჯის პირობას დებდა, ახლა “ლგბტ პროპაგანდაზე” წუხს, რომელსაც თურმე ადამიანების ორიენტაციის შეცვლა შეუძლია და “ქართული ოცნება” მას უკვე კანონმდებლობის დონეზეც ებრძვის. 

ივანიშვილმა ამ თემაზე “ქართული ოცნების” პროპაგანდა კიდევ უფრო განავრცო და ამომრჩევლები შეაშინა, რომ ეს ყველაფერი იქამდე მივა, როცა საქართველოში იტყვიან, რომ კაცის რძე “დედაკაცისას” ჯობიაო, ხოლო კაცების ტუალეტებში მენსტრუაციისას საჭირო ჰიგიენურ ტამპონებს დადებენო. მან ბავშვთა საგანმანათლებლო დაწესებულებებში პატარებისთვის პედოფილიის ნიშნების ამოცნობის გაკვეთილები, როცა ბავშვებს დელიკატურად უხსნიან, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ პედოფილიის მსხვერპლები არ გახდნენ, “სექსუალური აღზრდის” გაკვეთილებად მონათლა და თქვა, რომ ასეთი აგიტაცია მიუღებელია. 

„ქართულმა ოცნებამ” დასავლეთში არსებულ “ლგბტ პროპაგანდაზე” რიტორიკა განსაკუთრებით მას შემდეგ გაააქტიურა, რაც დასავლეთის ქვეყნების მხრიდან გაიზარდა ხელისუფლების კრიტიკა საქართველოში მიმდინარე ანტიდემოკრატიული პროცესების გამო. 

ამ დროს ცნობილია, რომ ივანიშვილის სრულწლოვანი სამივე შვილი დასავლეთში ცხოვრობს, ერთი -აშშ-ში, ერთი- საფრანგეთში და ერთიც- ბრაზილიაში. ღარიბაშვილის შვილი აშშ-ში სწავლობს. “ოცნების” არაერთი ლიდერი აჩენს შვილს იმ მიზნით, რომ მათ ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღონ. თავად ივანიშვილიც და მისი ოჯახის წევრებიც დღემდე არიან საფრანგეთის მოქალაქეები. უცნაურია, თუ დასავლეთში მათთვის ასეთი მიუღებელი მოვლენები ხდება, რატომ აცხოვრებენ და ასწავლიან საკუთარ შვილებს ამ ქვეყნებში?!

“ქართული ოცნება” წარსულში ხშირად ამაყობდა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით და უვიზო მიმოსვლის შეთანხმებით, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონიც მიიღეს. ახლა კი მმართველი პარტიიდან მოსახლეობას ეუბნებიან, რომ თითქოს არსებობს “ლგბტ პროპაგანდა”, რომელსაც ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია და ამის საილუსტრაციოდ მანიპულაციურად მოჰყავთ უცხოეთში ჩატარებული კვლევები, რომელთა მიხედვითაც გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თავს აიდენტიფიცირებს ლგბტ თემის წევრად. 

რეალურად კი არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაციის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ რაიმე სახის “პროპაგანდას” ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია. 

კვლევებში, რომელიც ამბობს, რომ მოიმატა მათმა რაოდენობამ, ვინც თავს ქვიარად აიდენტიფიცირებს, ვერ ნახავთ მტკიცებას, რომ თვითიდენტიფიკაციის ზრდა ავტომატურად ნიშნავს ლგბტ თემის წევრთა რაოდენობის ზრდას. 

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ლგბტ თემის წევრად თვითიდენტიფიკაციის მაღალი მაჩვენებელი დიდი ალბათობით დაკავშირებულია ქვიარ ადამიანების მზარდ კულტურულ მიმღებლობასთან საზოგადოების მხრიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვიარების რაოდენობა კი არ გაიზარდა, გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მზადაა, ღიად ისაუბროს საკუთარი თავის შესახებ, ანუ ქვიარ ადამიანი მეგობრულ გარემოში უფრო მეტადაა მზად განაცხადოს საკუთარი იდენტობის შესახებ, ვიდრე მტრული განწყობის მქონე საზოგადოებაში.

ე.წ. ლგბტ პროპაგანდაზე მეტის გასაგებად გირჩევთ ამ სტატიას.

“ფაქტობრივად სანქცირებული ვარ” თემის დასასრული

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ შვეიცარიულ ბანკებთან დაკავშირებული მისი პრობლემები, რასაც ეს უკანასკნელი “ფაქტობრივ სანქცირებას” უწოდებდა და რის გამო საქართველოს უცხოელ პარტნიორებს არ ხვდებოდა, “თავისით მოგვარდა”. 

ამ კუთხით ივანიშვილი გამოყოფდა ხოლმე 2 სასამართლო დავას.

  1. შვეიცარიულ ბანკ “კრედიტ სუისთან” დავას
  2. მეორე ბანკში არსებულ მის აქტივებზე წვდომის დაკარგვას

ივანიშვილი ამბობს, რომ უკვე დაიბრუნა წვდომა თავის ფინანსურ რესურსებზე შვეიცარიულ ბანკში (ტრასტში) არსებულ აქტივებზე, რის საშუალებასაც მანამდე საეჭვოდ არ აძლევდნენ და ეს თანხვედრაში იყო განცხადებებთან მის დასანქცირებასთან დაკავშირებით. როგორც ირკვევა, მხოლოდ ამ ფაქტორებზე დაყრდნობით ფიქრობდა ის, რომ უკვე სანქცირებული იყო.

“მეჩვენება?!”, – კითხულობს ივანიშვილი.

რაც შეეხება კრედიტ სუისთან დავას, ივანიშვილი ამბობს, რომ ორივე ოფშორულ იურისდიქციაში, ბერმუდაშიც და სინგაპურშიც,  ეს დავები უკვე თითქმის საბოლოოდ (სინგაპურში ბოლომდე მოიგო, ხოლო ბერმუდაში დავა ბოლო ინსტანციაშია და ივანიშვილს იქ ცუდის მოლოდინი არ აქვს) მოიგო და ამის შემდეგ დაუკავშირდა ამერიკის ელჩს და შეხვედრა სთხოვა, რომელიც არჩევნების შემდეგ გაიმართება.

ექსპრემიერის თქმით, მანამდე მას კომპლექსი ჰქონდა, რომ რახან მისი თანხები “ხელოვნურად” იყო დაბლოკილი, ამერიკელებთან შეხვედრა კონტრპროდუქტიული იქნებოდა. 

„მე შეხვედრების წინააღმდეგი კი არ ვიყავი, არც ადრე და არც დღეს, მაგას როგორ ვიკადრებ. მე განვუმარტე, რომ ჩემთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნება, კონტრპროდუქტიული იქნება, რამეთუ ვერც ერთ გადაწყვეტილებაში მე ვერ მივიღებ მონაწილეობას. სასარგებლო რომ იყოს საქართველოსთვისაც, ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც, მე მაინც ვიქნები კონტრპროდუქტიული, რამეთუ მაქვს კომპლექსი, რომ მე ამას ვაკეთებ იმ ფულის გულისთვის, რომელიც ხელოვნურად არის დაბლოკილი“, – ხსნის ივანიშვილი.

ახლა “ქართულმა ოცნებამ” უნდა ახსნას, თუ “გლობალური ომის პარტია” ებრძვის, რომელსაც თურმე გავლენები ყველგან აქვს, რატომ მოიგო ივანიშვილმა უცხოურ ბანკებთან დავები სხვადასხვა იურისდიქციებში და რატომ მოეხსნა “ფაქტობრივი სანქციები” , თუ ასეთი მართლაც არსებობდა. ომი დასრულდა უკრაინაში თუ ივანიშვილის “დაშანტაჟების” ინტერესი გაქრა, რის შესახებაც ისინი ხშირად საუბრობდნენ?!

დაპირება ახალ ოპოზიციაზე მათი აკრძალვის შემდეგ

ბიძინა ივანიშვილმა კვლავ შეთქმულების თეორიებით სცადა “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის გამართლება. ის ამბობს, რომ ეს ძალები რუსეთთან ომის დაწყებას აპირებენ და ამიტომ არ შეიძლება მათი პოლიტიკაში დატოვება, მათი აკრძალვის შემდეგ კი სხვა უფრო კარგი ოპონენტები გამოჩნდებიან პოლიტიკაში და ამომრჩეველსაც ექნება საშუალება, რომ ოპოზიციას მისცეს ხმა 4 წლის შემდეგ.

სინამდვილეში, “ქართული ოცნება” ნაციონალურ მოძრაობას ეძახის არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, არამედ ყველა პარტიას, რომელსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, მათ შორის გიორგი გახარიას პარტიასაც, რომლის ლიდერები მთლიანად “ქართული ოცნების” წიაღიდან არიან. “ოცნების” ლოგიკით “კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენენ და პოლიტიკურად უნდა აიკრძალონ მათი ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ზვიად ძიძიგური, ლევან გოგიჩაიშვილი, ნათია მეზვრიშვილი, რომელიც ვანო მერაბიშვილის საქმის პროკურორი იყო და სხვა. 

როცა გიორგი გახარიას პარტიას ეძახიან “ნაცებს”, სადაა იმის გარანტია, რომ სამომავლოდ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც მმართველი გუნდის ძალაუფლებას დაემუქრება, ასევე “ნაცები” არ “გახდებიან”?! 

გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ივანიშვილმა წუხელ ახალი კონსპირაციის თეორია შემოგვთავაზა, თითქოს ის პრემიერის თანამდებობიდან არა ნიკა მელიას დაკავების ფორმებზე შეუთანხმებლობის გამო, არამედ იმიტომ გადადგა, რომ “ოცნება” ჩამოეშალა და შემდეგ ახალი ხელისუფლება უნდა ჩართულიყო რუსეთთან ომში. ანუ ამ კონსპირაციით გამოდის, რომ გახარიამ გადადგომისას, 2021 წლის თებერვალში, ერთი წლით ადრე იცოდა, რომ რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინას დაესხმებოდა თავს?! და ასეც რომ იყოს, რატომ გადადგა, თუ ქვეყნის ომში ჩართვა უნდოდა, ამას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან და “სუპერძალოვანი” პოლიტიკოსის სტატუსიდან უფრო ადვილად არ შეძლებდა, ვიდრე ოპოზციიდან?!