ავტორი: მიხეილ (ბუბუ) გვაძაბია
„უბრალოდ, ავტობუსზე დაჯდებოდი და ჩამოხვიდოდი. საზღვარს გადმოკვეთდი და ისე გრძნობდი თავს, თითქოს ევროპაში იყავი“, – გვეუბნება იუსუფი*, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც თბილისში ცხოვრობს და მუშაობს.
ის რამდენიმე წლის წინანდელ ვითარებას აღწერს, როცა საქართველოს გაცილებით უკეთესი ურთიერთობა ჰქონდა ევროკავშირთან, არ არსებობდა რუსული სტილის კანონმდებლობა და ხელისუფლებაც არ იყო იმდენად კონფრონტაციული მედიისა თუ სამოქალაქო სექტორის მიმართ, როგორიც ახლაა.
გასულ წლებში საქართველო მეორე, შედარებით უსაფრთხო სახლად იქცა არაერთი ჟურნალისტისთვის, აქტივისტისთვის და სხვებისთვის, ვინც სამშობლოდან ავტორიტარულ რეჟიმებს გამოერიდნენ და შესაძლო რეპრესიების შიშით უკან ვეღარ ბრუნდებოდნენ.
თუმცა ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესები არაერთ მათგანს ურღვევს ან საერთოდ უქარწყლებს უსაფრთხოების ამ განცდას.
“სიკვდილის საფრთხის წინაშე ვიყავი”
2022 წლის 23 სექტემბერს რუსმა ქვიარ აქტივისტმა, იალო ევროპეიცევმა, პირადი ნივთები ერთ ჩანთაში მოათავსა და სამშობლოდან საქართველოში გამოემგზავრა. ბინას, რომელშიც ცხოვრობდა, მოსკოვის პოლიციამ მოგვიანებით მიაკითხა, თუმცა იალო იქ ვეღარ იპოვა.
“გადავწყვიტე, დამეტოვებინა რუსეთი, რადგან პატიმრობაში სიკვდილის საფრთხის წინაშე ვიყავი”, – აღნიშნავს 21 წლის აქტივისტი თბილისში, თავის სამუშაო სივრცეში ჩაწერილი ინტერვიუს დროს.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან ომამდე იალო მოხალისეობრივად ეხმარებოდა კრემლის მიერ აწ უკვე დახურულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. თუმცა ომის სისასტიკემ ქუჩის პროტესტისკენ უბიძგა. ამის გამო რამდენჯერმე დააკავეს.

ყველაფერი ბოლო დაკავებამ გადაწყვიტა: პოლიციაში საკვებისა და აუცილებელი მედიკამენტების გარეშე გატარებული ღამის შემდეგ, სასამართლო პროცესის დაწყებამდე, აქტივისტი ინსულტის ნიშნებით მოხვდა საავადმყოფოში.
“ადვოკატმა მითხრა, რომ ორი გზა მქონდა: ან ციხეში გამაგზავნიდნენ, სადაც მედიკამენტებთან წვდომა არ მექნებოდა, ან რუსეთიდან უნდა წავსულიყავი”.
“ექიმები მეუბნებოდნენ, რომ შესაძლოა, ისევ მიმეღო ინსულტი და ციხეში ისე მალე ვერ მოვიდოდნენ, როგორც სასამართლოში”.
როგორც ამბობს, იმის გამო, რომ რუსეთში პოლიციასა და ჯანდაცვის დაწესებულებებს შორის არცთუ კარგი კომუნიკაციაა, საავადმყოფოც და ქვეყანაც პრობლემების გარეშე დატოვა.
იალო თავისი სახელმწიფოსთვის არაერთი მიზეზითაა მიუღებელი: მან ჯერ საჯაროდ დაგმო სისხლიანი ომი, რაც რუსეთში, შესაძლოა, 15 წლამდე დაპატიმრებით დასრულდეს, მეორე მხრივ კი, მიეკუთვნება ლგბტ+ თემს, რაზე ხმამაღლა საუბარიც კი დასჯადია რუსეთის დრაკონული კანონმდებლობით.
“მას შემდეგ, რაც რუსეთი დავტოვე, კიდევ რამდენიმე [ანტი-ლგბტ] კანონი მიიღეს. ჩემმა ქვიარ მეგობრებმა სამალავში გადაინაცვლეს”, – გვეუბნება ის.
ომის დაწყებისა და კრემლის რეპრესიების კიდევ უფრო გაძლიერების შემდეგ, საქართველოში არაერთი რუსი ჟურნალისტი და აქტივისტი გამოიქცა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გეოგრაფიული სიახლოვე და უვიზო რეჟიმია.
უვიზო მიმოსვლამ საქართველო პოპულარულ მიმართულებად აქცია ბელარუსებს შორისაც: ჯერ 2020 წლის შემდეგ, როცა დიქტატორ ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო ანტისამთავრობო აქციები, შემდეგ კი – უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რომელშიც ლუკაშენკომ მხარი რუსეთს დაუჭირა.

კულტურის მენეჯერი ბაჰდან ხმიალნიცკი პირველ და მორე შემთხვევაშიც სამშობლოში იმყოფებოდა: საპროტესტო აქციებში თავადაც მონაწილეობდა, რის შემდეგაც სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. უკან დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში კი ომი დაიწყო.
“ყველა შოკში იყო, რა ჯანდაბა ხდებოდა, რანაირად იყო შესაძლებელი სამხედრო კამპანიაში ჩაბმა უკრაინის, ჩვენი უახლოესი მეგობრის წინააღმდეგ”, – აღნიშნავს 28 წლის ხმიალნიცკი, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს.
ბაჰდანი წლების განმავლობაში საქმიანობდა ბელარუსის ალტერნატიულ კულტურულ სივრცეებში, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ბელარუსული ენისა და კულტურის პოპულარიზაციაზე ფოკუსირდებოდა. ამის პარალელურად, როგორც ლგბტ+ თემის წევრი, ქვიარ აქტივიზმშიც იყო ჩაბმული.
როცა ომი დაიწყო, პირველივე რეისით საქართველოში გამოფრინდა: ქვეყანაში, სადაც რამდენჯერმე უკვე ნამყოფი იყო. არ სურდა, ფრონტზე გაგზავნის თუნდაც თეორიული რისკის ქვეშ ეცხოვრა. თუმცა ეს არ ყოფილა წამოსვლის ერთადერთი მიზეზი:
“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როცა გავიაზრე, რომ ის სექტორი, სადაც ვსაქმიანობდი, უკვე დანგრეული იყო: ძალიან ბევრი არასამთავრობო დახურეს… მივხვდი, რომ ნული პერსპექტივა მქონდა ჩემს ქვეყანაში”.
სამოქალაქო სექტორი, ისევე როგორც მედია, იდევნება აზერბაიჯანშიც, საიდანაც გასულ წლებში არაერთი ჟურნალისტი და აქტივისტი გადმოვიდა საქართველოში. მათ შორისაა იუსუფი, რომელსაც ვინაობის გამჟღავნება უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე არ სურს.
“ამბობენ, ჟურნალისტიკა დანაშაული არ არისო. თუმცა აზერბაიჯანში ეს დანაშაულია”, – აღნიშნავს ის დაპატიმრებულ კოლეგებზე, დახურულ მედიაოფისებსა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების შემზღუდველ კანონმდებლობაზე საუბრისას.

სამი წელია იუსუფი თბილისში ცხოვრობს. ვიზა არც მას სჭირდება. მანამდე “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში” (GIPA) ისწავლა სამაგისტრო პროგრამაზე, შემდეგ კი ერთ-ერთ ინგლისურენოვან მედიაპლატფორმაზე დაიწყო მუშაობა. ის აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესებზე წერს.
გასული წლის ნოემბრამდე პერიოდულად ბრუნდებოდა აზერბაიჯანში, ოჯახის მონახულებისა თუ სტატიებისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუმცა მსგავს ვიზიტებსაც ერიდება მას შემდეგ, რაც სამთავრობო პროპაგანდამ პერსონალურად ამოიღო მიზანში:
“სტატიაში [სამთავრობო მედიამ] უშუალოდ GIPA-ს და ინგლისურენოვან მედიაგამოცემებს შეუტია. ამავე სტატიებში ნახსენები იყო ჩემი სახელი. ისინი ხატავენ GIPA-ს, როგორც დასავლელი ჟურნალისტების “ლაბორატორიას”, სადაც [სტუდენტების] “რეკრუტირებას” ეწევიან ინგლისურენოვან გამოცემებში სამუშაოდ.
მე, როგორც ადამიანი, რომელიც GIPA-შიც ვსწავლობდი და ახლა ერთ-ერთ ინგლისურენოვან გამოცემაში ვმუშაობ, შესანიშნავი სამიზნე ვიყავი მათთვის”.
“ეს ცალსახად ბელარუსული მოგონება იყო”
რიგი საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, საქართველო წლების განმავლობაში რეგიონის ლიდერი იყო დემოკრატიის ხარისხისა და თავისუფლებების კუთხით. ამ ფაქტორს ბუნებრივად შეჰქონდა წვლილი ქვეყნის პოპულარობაში რეჟიმებს გამორიდებული ადამიანებისთვის.
თუმცა უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიერ მედიისა და NGO-ების წინააღმდეგ მიღებულმა რუსულმა კანონმა, ისევე როგორც ღია პოლიტიკურმა ჰომოფობიამ და ოპონენტთა წინააღმდეგ გამოყენებულმა ფიზიკურმა ძალადობამ, არაერთს გაუჩინა კითხვები.
“თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში… ოღონდ ჩემს სახლში, რუსეთში”, – ხუმრობს იალო, როცა “ოცნების” მიერ მიღებულ რუსული სტილის კანონებზე ვეკითხებით. მისი სიტყვებით, ხსენებული კანონმდებლობა მინიმალური ცვლილებებით გადაწერილ საშინაო დავალებას ჰგავს.
იალო ამჟამად თბილისში მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრში საქმიანობს, რომელიც ფსიქოლოგიურ და ემოციურ მხარდაჭერას სთავაზობს რიგ მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის, ლგბტ+ ადამიანებს.
სხვა ყველაფერზე მეტად ანტი-ლგბტ კანონი და მისი პრაქტიკაში აღსრულების შესაძლებლობა აღელვებს. როგორც ჰყვება, ცენტრში ლგბტ+ ადამიანების მხარდაჭერის მიზნით შექმნილ ზოგიერთ ჯგუფს სახელებიც კი შეუცვალეს, რათა პრობლემებისაგან თავი დაიზღვიონ.

“გარშემო ძირითადად ქვიარ ადამიანები მყავს. აღარცერთი გრძნობს თავს უსაფრთხოდ. უმეტესობა საქართველოს დატოვებაზე ფიქრობს, თუმცა საჭირო ფინანსები არ აქვთ… ამიტომ, ცდილობენ, შეცვალონ თავიანთი ცხოვრება, რათა ეს კანონი არ შეეხოთ”.
ჰომოფობიურ კანონთან დაკავშირებით შეშფოთებას ბაჰდან ხმიალნიცკიც იზიარებს. როგორც ამბობს, საქართველოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის პრობლემის შესახებ ყოველთვის იცოდა, თუმცა აიმედებდა ის, რომ არ ხდებოდა “პირდაპირი რეპრესიები სახელმწიფოს მხრიდან”.
“ახლა ამაში დარწმუნებული აღარ ვარ, არა მარტო [სახელმწიფოს] რიტორიკის გამო, არამედ იმის გამოც, რომ არ ყოფილა ადეკვატური პასუხი სამოქალაქო საზოგადოებისგან, გარდა ქვიარ სათემო ორგანიზაციებისა”, – დასძენს ის.

ბაჰდანს იმედი აქვს, რომ საქართველო არასდროს იხილავს ბელარუსის მასშტაბის ავტორიტარიზმსა და ძალადობას, თუმცა იმასაც ამბობს, რომ გაზაფხულზე განვითარებულმა მოვლენებმა ზოგიერთი ძველი მოგონება გაუღვიძა:
“ძალიან მაშინებდა იმის დანახვა, როგორ ესხმოდნენ თავს ზოგიერთ აქტივისტს ბალაკლავიანი კაცები. ეს ცალსახად ბელარუსული მოგონება იყო. იქაც ბალაკლავები ეკეთათ პოლიციელებს, ადამიანებს სცემდნენ და ზოგიერთი, მაგალითად, 31 წლის რამან ბანდარენკა, დაიღუპა კიდეც ასეთი რეიდების შემდეგ. ძალიან უსიამოვნო იყო ამის დანახვა”.
“საკუთარ თავს ეკითხები: რატომ ვარ აქ?”
ვინაიდან იუსუფი აზერბაიჯანის საკითხებს აშუქებს და არა საქართველოს, დარწმუნებული არ არის, რომ კრიტიკული მედიისადმი “ოცნების” ხელისუფლების ხისტი რიტორიკა მის საქმიანობაზე რაიმე ფორმით აისახება. თუმცა ზოგადი ვითარება დისკომფორტს მაინც უქმნის.
“მანამდე, არ ვერიდებოდი საკუთარი თავის ჟურნალისტად წარდგენას, მაგალითად, პოლიციელის წინაშე, რომელიც ქუჩაში სწრაფი შემოწმებისთვის მაჩერებდა, ან მაშინ, როცა საქართველოში შემოვდიოდი და საზღვარზე კითხვებს მისვამდნენ.
თუმცა წელს ფიქრი დავიწყე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არ მოეწონებათ, ამას რომ ვიტყვი… [ამიტომ], ახლა ვამბობ, რომ სოციალური მედიის სპეციალისტი ვარ და რომელიღაც კომპანიისთვის ვმუშაობ”.
იუსუფი დასძენს, რომ “იქამდე, სანამ ვნახავდით, როგორ უპასუხებდნენ მთავრობა და ძალოვანი უწყებები პროტესტს [მიმდინარე წლის გაზაფხულზე]”, ჰქონდა ნდობა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და მიაჩნდა, რომ ჟურნალისტობა “ერთგვარი დიპლომატიური ვიზა” იყო მისთვის:
“მაგრამ ახლა ეს არაფერს ნიშნავს იმდენად, რომ აღარც მაქვს სურვილი, ამ სტატუსით წარვუდგინო თავი ვინმეს”.
საქართველოში მყოფი აზერბაიჯანელი დისიდენტებისთვის უსაფრთხოების განცდის რღვევა რუსულ კანონამდე გაცილებით ადრე, 2016 წელს დაიწყო. მაშინ უცნობმა პირებმა გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ციხეში ჩასვეს.

თუმცა, იუსუფის სიტყვებით, “მუხთარლის საქმე, რამდენად საშინელიც არ უნდა ყოფილიყო, მაინც ერთეული შემთხვევა იყო”.
“დღეს კი ყველაფერი შეიცვალა: რიტორიკა შეიცვალა, ოპოზიციის წინააღმდეგ ტაქტიკები აზერბაიჯანის მსგავსი გახდა… ყველაფერი, რასაც ახალ ამბებში ხედავ, აზერბაიჯანს გახსენებს და საკუთარ თავს ეკითხები: რატომ ვარ აქ? რატომ უნდა ვგრძნობდე თავს უსაფრთხოდ? ალბათ ჯობია, სადმე წავიდე”, – აღნიშნავს ის.
ყველაფრის მიუხედავად, ფიქრობს, რომ არსებული ვითარება, ამ ეტაპზე, “სიკვდილ-სიცოცხლის საქმე არ არის”. სხვების მსგავსად, ისიც 26 ოქტომბრის არჩევნებს ელოდება. თუმცა არ ივიწყებს აზერბაიჯანიდან მომავალ საფრთხეებს:
“ვხვდები, რომ აზერბაიჯანის მთავრობისთვის ისე ძალიან მნიშვნელოვანი არ ვარ, რომ საქართველოს მთავრობისგან ჩემი თავი ან ჩემ შესახებ ინფორმაცია მოითხოვოს. მაგრამ მაინც, ეს ყოველთვის შეიძლება მოხდეს და თუ ეს მოხდა, საქართველოს [მოქმედ] მთავრობას ვერ დავეყრდნობი”.
“უკან გადადგმული ნაბიჯი”
ორგანიზაციის “უფლებები საქართველო” აღმასრულებელი დირექტორის, ლადო მკერვალიშვილის სიტყვებით, ქვეყნის დემოკრატიის ხარისხის განსაზღვრის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ აქ თავს სხვადასხვა სახელმწიფოდან ჩაგვრას გამოქცეული ადამიანები.
“საქართველოში შემოდიოდა ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც [თავიანთი ქვეყნებიდან] გამოექცნენ პოლიტიკურ დევნას, ომს, და ასევე ძალიან ბევრი ბენეფიციარი გვყავდა, რომელიც განიცდიდა საკუთარ ქვეყანაში რელიგიური ნიშნით თუ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციასა და ძალადობას. მათთვის საქართველო იყო საიმედო ქვეყანა, სადაც ისინი შეძლებდნენ, ეცხოვრათ მშვიდობიანად და მათი უფლებები დაცული ყოფილიყო”, – დასძენს მკერვალიშვილი.
საქართველო დისიდენტებს ყოველთვის ხელგაშლილი არ ეგებებოდა: უკანასკნელ წლებში იყო არაერთი შემთხვევა, როცა ქვეყანაში შემოსვლაზე ან ქვეყნიდან მცირე ხნით გასვლის შემდეგ უკან დაბრუნებაზე უარი ეთქვათ კრემლის კრიტიკოს რუს ჟურნალისტებსა და აქტივისტებს. ასევე ფიქსირდებოდა ლტოლვილის სტატუსსა და ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის შემთხვევები, მაგალითად, აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისა და აქტივისტებისათვის.

“ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, რომ… ადამიანს არ აძლევენ თავშესაფარს უსაფრთხოების საფუძველზე, მაგრამ ვერასდროს გავიგეთ, ამ უსაფრთხოების საფუძველში რა იგულისხმებოდა”, – დასძენს მკერვალიშვილი.
მისი სიტყვებით, საერთო ჯამში, თავშესაფრის მაძიებელთათვის საქართველო არ ყოფილა “ძალიან კარგი ქვეყანა”, თუმცა – “არც ძალიან ცუდი”.
“არაერთი საქმეა, როცა საქართველომ თავშესაფარი მისცა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს”, – აღნიშნავს ის.
თუმცა ლადო მკერვალიშვილი ფიქრობს, რომ ბოლოდროინდელი პოლიტიკური ვითარება მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს უსაფრთხოების კომპონენტზე:
“დღეს ძალიან ძნელია, ვთქვათ, რომ საქართველო კვლავ უსაფრთხო ქვეყანაა ამ ადამიანებისათვის, რადგან სწორედ იმავე გზას დაადგა ქვეყანა, რაც იყო რუსეთში და ბელარუსში: აქაც დაიწყეს ადამიანის უფლებათა დამცველებისა და აქტივისტების დევნა, მათი შევიწროება, დისკრიმინაცია და დისკრედიტაცია. ეს ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე მოხდა”.
“შესაბამისად, რა თქმა უნდა, უფლებადამცველებისთვის, აქტივისტებისთვის, სხვადასხვა ჯგუფისთვის, რომლებიც დაშინებას, შანტაჟს, დისკრიმინაციას გამოექცნენ სხვადასხვა ქვეყნიდან, საქართველო ვეღარ არის უსაფრთხო ქვეყანა მათთვის… საერთაშორისო მასშტაბით, დემოკრატიის ხარისხის კუთხით, ეს მნიშვნელოვნად უკან გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის”.
მარტენსის ცენტრის მკვლევარი და science po strasbourg-ის მიწვეული ლექტორი, თეონა ლავრელაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს, თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, აქვს პერსპექტივა, იქცეს ერთგვარ ცენტრად რეჟიმებს გამორიდებული, თავისუფლებისა და უსაფრთხოების მაძიებელი ადამიანებისთვის.
“ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განავითარებს საქართველო თავის საგარეო კურსს და დაუბრუნდება თუ არა ის ევროპულ ორბიტას – იმედი მაქვს, ასე მოხდება”,- აღნიშნავს ის.

ლავრელაშვილის სიტყვებით, ეს ფაქტი დადებითად იმოქმედებს საქართველოს პოზიციონირებაზეც, როგორც ქვეყნისა, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს:
“შიგნითაც დადებით გავლენას იქონიებს, რადგან ეს ინტელექტუალური რესურსი, იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, საგანმანათლებლო სივრცის, ეს იქნება სამეცნიერო მიმართულება და სხვა, დიდი ალბათობით წაადგება [ქვეყანას]”.
არაერთი ის ადამიანი, რომელიც სხვადასხვა სახის ჩაგვრასა და რისკს გაურბის, საქართველოს ბოლო გაჩერებად საერთოდაც არ განიხილავს. ასეთია, მაგალითად, ბაჰდანი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში აპირებს ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში გადასვლას – მაგალითად, პოლონეთში ან გერმანიაში, სადაც მისი ბევრი მეგობარი ცხოვრობს.
თუმცა მას არ სურს, საქართველოში გატარებული წლების შემდეგ, ამ ქვეყანასთან კავშირები გაწყვიტოს. უნდა, ზოგჯერ ჩამოვიდეს, მეგობრები და ახლობლები მოინახულოს.
“იდეალურ შემთხვევაში, მსურს, ეს შესაძლებლობა მქონდეს. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ვეღარც აქ შემოვალ და კიდევ ერთ ქვეყანას დავკარგავ”, – დასძენს ის.
*აზერბაიჯანელი ჟურნალისტის უსაფრთხოებისთვის, მისი სახელი შეცვლილია
