მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო ბანერებსა და ვიდეორგოლებში ოკუპანტი რუსებისგან დანგრეული უკრაინის კადრების გამოყენებას და გმობს ტელევიზიებისადმი მათი გავრცელების მოთხოვნას.
კოალიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი პარტია ბოროტად იყენებს უკრაინელი ხალხის ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის.
„დამოუკიდებელი მედია საშუალებების – მთავარი არხის, ტვ პირველის და ტელეკომპანია ფორმულას – მიმართ “ქართული ოცნების” პოლიტიკური რეკლამის გავრცელების მოთხოვნა არა მხოლოდ მედიის თავისუფლების, არამედ ეთიკური ჟურნალისტიკის უხეში დარღვევაა.
“ქართული ოცნების” პროპაგანდა, რომელიც უკრაინელი ხალხის ღირსების შემლახველია, მედიაში კრიტიკული ხმების ჩახშობის მორიგი მცდელობაა. მძიმე ჯარიმების საფრთხე არის საგანგაშო ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება მედია საშუალებების იძულების მიზნით, დაემორჩილონ და გაავრცელონ ნარატივი, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ღირებულებებს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს. მედიებზე განხორციელებული მძიმე ზეწოლა ასახავს საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფის შემაშფოთებელ ტენდენციას. კოალიცია იზიარებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეფასებაში გამოთქმულ განწყობას და ვგმობთ ამ კამპანიას, როგორც „აღმაშფოთებელს, სამარცხვინოს და შემზარავს“, — ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.
ტელეკომპანიებმა, „მთავარმა არხმა“, „ტვ-პირველმა“ და „ფორმულამ“ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ამბობენ, რომ მმართველი პარტიის მოთხოვნისა და მუქარის მიუხედავად, არ აპირებენ ეთერში გაუშვან „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერები და ვიდეორგოლები.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, თბილისის ქუჩებში გამოჩნდა საარჩევნო ბანერები, სადაც “ქართული ოცნება” ამომრჩეველს მშვიდობასა და ომს შორის არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ბანერების ერთ მხარეს, ნაცრისფერ ფონზე, რუსეთის თავდასხმების შედეგად დანგრეული უკრაინის ქალაქები, ეკლესიები, საავადმყოფოები და თეატრებია ნაჩვენები, მეორე მხარეს კი, ფერადი კადრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა თუ შენობის ხედით. პარალელურად, მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა იმავე შინაარსის ვიდეორგოლი.
ჰიპოთეზურ საფრთხეებზე აპელირება და ამ საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გარანტად საკუთარი თავის წარმოჩენა ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. განსაკუთრებით – წინასაარჩევნო პერიოდში.
