საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. შესაბამისად, წელს საქართველოს წიგნის ბაზრობაზე მხოლოდ ცალკეული გამომცემლობების სტენდით წარდგება.

“ბოიკოტში მყოფმა ოთხმა გამომცემლობამ გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებლად მიეღო მონაწილეობა წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში. მათივე გადაწყვეტილებით, ამ გამომცემლობების ერთობლივი სტენდი დაეთმობა სხვა გამომცემლებსაც. […] რადგან ჩვენთვის უპირველესია სექტორის დამოუკიდებლობისა და ერთიანობის შენარჩუნება, მიზანშეწონილად აღარ მიგვაჩნია წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მეორე სტენდის არსებობა. წარმატებას ვუსურვებთ ყველას, ვინც წელს ფრანკფურტში მიემგზავრება”, – ვკითხულობთ ასოციაციის განცხადებაში.

პირველ ოქტომბერს გამომცემელთა ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, გამომცემელმა გვანცა ჯობავამ ამის მიზეზად “მწერალთა სახლისადმი” ბოიკოტი დაასახელა. სწორედ “მწერალთა სახლი” აფინანსებდა წინა წლებში ქართველი გამომცემლების ბაზრობაზე გამგზავრებისა და გამოსვლის ხარჯებს.

ამავე დღეს, გამომცემელთა ასოციაციამ ფეისბუქგვერდზე დაპოსტა, რომ აპირებენ წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარდგნენ.

“ამ გადაწყვეტილებით ასოციაცია ინარჩუნებს ტრადიციას, ითვალისწინებს როგორც ჩვენი სექტორის, ისე მთელი სახელმწიფოს ინტერესებს და რჩება ევროპულ კონტექსტში”, – ეწერა ასოციაციის განცხადებაში.

დღეს გავრცელებული განცხადებიდან კი ირკვევა, რომ გამომცემელთა ასოციაცია აღარ აპირებს ფრანკფურტში ეროვნული სტენდის წარდგენას. ასოციაციაში აცხადებენ, რომ გამომცემელთა ნაწილის ბოიკოტის მომენტისთვის მათ “სერიოზული ფინანსური ვალდებულება” ჰქონდათ ფრანკფურტის ბაზრობის წინაშე, თუმცა ჯარიმა გაუქმდა.

“ბოიკოტის გამოცხადების მომენტისთვის ასოციაციას ეკისრებოდა სერიოზული ფინანსური ვალდებულება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წინაშე, თუმცა მწერალთა სახლთან, როგორც ამ პროექტის დონორთან, ასოციაციას ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება.
ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პოზიცია და ჯარიმის საკითხი. საბედნიეროდ, გერმანულმა მხარემ სრულად გაგვიუქმა ჯარიმა, რაც ჩვენი მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის და ნამდვილი მეგობრობის დასტურია, აგრეთვე, იმის დამსახურება, რომ ასოციაციის სტენდი ბოიკოტში მყოფი გამომცემლობების სტენდით ჩანაცვლდა”, – აცხადებენ ასოციაციაში.

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, 4 სექტემბრიდან საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე ხელმძღვანელობს. იქამდე, დუმბაძე პარლამენტის წევრი იყო. “ქართული ოცნების” დეპუტატმა საზოგადოებას თავი იმით დაამახსოვრა, რომ ე.წ. აგენტების შესახებ რუსულ კანონპროექტს სხდომაზე მხარი არ დაუჭირა. თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ კანონპროექტს მხარს უჭერდა, ხმა კი ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მისცა. მსგავსი კანონით რუსეთში ებრძვიან ოპოზიციურ მედიასა და სამოქალაქო აქტივიზმს. საბოლოოდ, 7-9 მარტის ფართომასშტაბიანი აქციების შემდეგ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი ჩააგდო.

“მწერალთა სახლის” დირექტორად ქეთევან დუმბაძის დანიშვნის შემდეგ ლიტერატურულ სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა — მწერლებმა, მთარგმნელებმა და გამომცემლებმა განაცხადეს, რომ ახალ ხელმძღვანელს არ აღიარებენ. განცხადებაში, რომელსაც 80-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, აღნიშნულია, რომ კულტურის სამინისტრო ატარებს არადემოკრატიულ, საბჭოთა, ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს.