რუსეთის პირველი არხის ყოფილ თანამშრომელ მარია ოვსიანიკოვას დაუსწრებლად მიუსაჯეს 8.5-წლიანი პატიმრობა. გადაწყვეტილება მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დღეს, 4 ოქტომბერს მიიღო, იტყობინება „მედიაზონა“.
სასამართლომ ოვსიანიკოვა დამნაშავედ ცნო რუსეთის არმიაზე პოლიტიკური ზიზღის მოტივით „ფეიკების“ გავრცელებაში.
ოვსიანიკოვა ცნობილი გახდა 2022 წლის მარტში, როცა პირველი არხის პირდაპირ ეთერში ანტისაომარი პლაკატით გამოჩნდა. იგი გერმანიაში გაემგზავრა, თუმცა მოგვიანებით მოსკოვში დაბრუნდა და ანტისაომარ აქციებში მონაწილეობდა. რუსეთის ჯარის „დისკრედიტაციის“ ბრალდებით იგი სამჯერ დააჯარიმეს.
2022 წლის აგვისტოში ოვსიანიკოვა სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი გახდა – რუსეთის ჯარზე „ფეიკების“ გავრცელების გამო. საქმის აღძვრის საბაბი გახდა მის მიერ მოსკოვში პიკეტის მოწყობა. ოვსიანიკოვას ხელში ეჭირა პლაკატი, წარწერით: „პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები – ფაშისტები. 352 ბავშვი დაიღუპა. კიდევ რამდენი უნდა დაიღუპოს, რომ გაჩერდეთ?“.
ოვსიანიკოვა შინაპატიმრობაში მოათავსეს, თუმცა მან არასრულწლოვან შვილთან ერთად რუსეთიდან გაქცევა მოახერხა.
როგორც „მედუზა“ წერს, ოვსიანიკოვა, სოცქსელებში მისი პოსტების მიხედვით, ახლა პარიზში იმყოფება.
