აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, რომელსაც საქართველოში თავის დიპლომატიური მისია ამოეწურა, ამბობს, რომ პირადულად არ აღიქვამს მმართველი გუნდისა და მათთან აფილირებული ძალების თავდასხმებს.
„რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანი ის, რას ამბობს ქართველი ხალხი, ხოლო „პოლიტიკოსები ამბობენ იმას, რაც უნდა თქვან – მაშინაც კი, როცა იციან, რომ ეს არ არის სიმართლე“.
მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას. „ვეხმარებით საქართველოს ააშენოს ძლიერი, მედეგი, დემოკრატიული ინსტიტუტები, ვინაიდან ქართველებს სურთ იცხოვრონ ევროპულ დემოკრატიაში. ეს ძალიან ნათელია“, – აღნიშნა დეგნანმა.
„ვთვლი, რომ ჩვენი საქმიანობა აქ სრულიად ნათელია. როგორც აღვნიშნე, საითაც უნდა გაიხედო ამ ქვეყანაში, დაინახავ მტკიცებულებას, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ სწორედ ამას აკეთებს საქართველოში, საქართველოსთან ერთად – როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე ხალხთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ასეთივე შედეგიანი ურთიერთობა გვექნება მომავალ წლებშიც“, – მიიჩნევს იგი.
კითხვაზე, ხომ არ არის დამაზიანებელი ელჩზე თავდასხმები საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის, დეგნანი პასუხობს, რომ „ხალხს შეუძლია ამის პერსპექტივაში დანახვა“ და დაამატა, რომ „არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ აშშ-სა და საქართველოს შორის ახლო, ძლიერ პარტნიორობას“, თავიანთი კერძო ინტერესების და გარკვეული მიზეზების გამო.
„ისინი არ ცდილობენ მხოლოდ აშშ-ის დისკრედიტაციას, არამედ ნებისმიერი დამოუკიდებელი ხმისა, რომელიც გამოდის საქართველოს ევროპული, დემოკრატიული მომავლის სასარგებლოდ. ვთვლი, რომ საქართველოს ხალხი საკმარისად საზრიანია – მინიმუმ ისინი, ვისაც მე შევხვედრივარ, ძალიან საზრიანად უდგებიან ამას. [..] აქ ვართ საქართველოსთან ერთად 30 წელზე მეტია და არსად წასვლას ვაპირებთ. ვიდგებით საქართველოს გვერდით მანამდე, ვიდრე საქართველოს ხალხი დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის“, – განაცხადა ელჩმა.
