საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტებს“ ეხება და “ქართული ოცნების” მხარდაჭერა აქვს, ე.წ. დასმენის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად“ მონიტორინგის დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, „რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას“.

მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი და მისი ცოლი თამთა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში, რომელთა დონორები სწორედ დასავლური ორგანიზაციები იყვნენ.
ის, რასაც კანონპროექტის ავტორები და მხარდამჭერები „გამჭვირვალობის“ საჭიროებით ხსნიან, გულისხმობს შემდეგს: ნებისმიერი მედიასაშუალება თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა“, „უცხოური გავლენის აგენტად“ უნდა დარეგისტრირდეს.
ხოლო „უცხოურ ძალად“ კანონპროექტის მიხედვით მიიჩნევა უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი, ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ან/და ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
საყურადღებოა, რომ კანონპრპექტი არ ეხება მთავრობას, რომელმაც ბოლო 10 წელიწადში, ჯამში, 2.8 მილიარდი ლარის გრანტი მიიღო უცხოეთიდან. ანუ სამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც მიიღებენ უცხოეთიდან დაფინანსებას/გრანტებს, მაგრამ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, მთავრობა არ იქნება ვალდებული „აღიაროს“, რომ სხვა ქვეყნის აგენტია.
კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების დისკრედიტაცია, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს აიძულებს, დარეგისტრირდნენ „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების“ რეესტრში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტით და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
