„მედიის ადვოკატირების კოალიცია“, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, შეიწყალოს ნიკა გვარამია.
მედიის ადვოკატირების კოალიცია 2 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ციტირებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და სახალხო დამცველის სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებებს, რომელთა მიხედვითაც, გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს.
„შესაბამისად, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მის, როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ხელმძღვანელის, დასჯას ემსახურება“, – წერს კოალიცია.
„საპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღდეგება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მისაღებად დაწესებულ მოთხოვნებს პლულარისტული მედიაგარემოსა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შესახებ. ნიკა გვარამიას საქმე მოხვდა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ბუნდოვანი გახადა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, – აცხადებს კოალიცია.
„არსებულ კრიტიკულ სიტუაციაში კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია და დადებითი როლი შეასრულოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის პროცესში“, – წერია განცხადებაში.
უფრო მეტი ნახეთ აქ:
