პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი იუწყება, რომ პარლამენტმა 9 ივნისს საბოლოოდ, მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი „მარტოხელა მშობლის“ სტატუსის შესახებ.

იოსელიანის თქმით, ცვლილებებით, რომლის ერთ-ერთი თანაავტორი ისიც არის, „უფრო მეტი ადამიანი შეძლებს მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებას, შესაბამისად, უფრო მეტი ადამიანი შეძლებს იმ შეღავათებით სარგებლობას, რომლითაც მარტოხელა მშობლები სარგებლობენ“.

უფრო ზუსტად, იოსელიანის თქმით, ამიერიდან დამატებით მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებას შეძლებს:

  • პირი, რომლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი ( დედა ან მამა) გარდაცვლილია ან დაკარგულია უგზოუკვლოდ;
  • პირი, რომლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს (დედას ან მამას) ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.

„სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანია, რადგან სტატუსის მქონე ადამიანების წელიწადში 3000 ლარამდე მიღებული შემოსავალი არ დაიბეგრება“, – წერს პარლამენტარი.

ცვლილებები ძალაში შედის 2022 წლის პირველი ივლისიდან. „შესაბამისად, ვისაც ეკუთვნის მარტოხელა მშობლის სტატუსი და აქამდე არ მიუღია, შეუძლია პირველი ივლისიდან განცხადება სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად, შეიტანოს იუსტიციის სახლში“, – წერს იგი.