ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს რუსი სამხედროები აკონტროლებენ.
თუმცა, მისი თქმით, ამჟამად არ არსებობს უკრაინის შეიარაღებული ძალების ალყაში მოქცევის საფრთხე.
„ქალაქში ბრძოლები უკვე მიმდინარეობს. რუსული ჯარები აკონტროლებენ ქალაქის დიდ ნაწილს, მაგრამ იმის შიში, რომ ჩვენი სამხედროები სადმე ალყაში იქნებიან… ეს არ მოხდება. შესაძლებელია მანევრირება. სამხედროები მშვიდად ახორციელებენ თავდაცვას იმ პოზიციებზე, რომლებიც ახლა უკავიათ“, – განაცხადა გაიდაიმ „რადიო თავისუფლებასთან“.
მისივე თქმით, ქალაქის სახლების დაახლოებით 90% დაზიანდა, მათ შორის 60%-ის აღდგენა თითქმის შეუძლებელია, ასევე მთლიანად განადგურებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურა, არ არის წყალი, გაზი და ელექტროენერგია.
როგორც გაიდაიმ თქვა, ქალაქიდან ევაკუაცია პრაქტიკულად შეუძლებელია და ჰუმანიტარული დახმარებაც ვერ მიეწოდებათ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 31 მაისს დილით განაცხადა, რომ დონეცკის მიმართულებით რუსული ჯარების ქვედანაყოფების ძირითადი ძალისხმევა ქალაქ სევეროდონეცკზე კონტროლის დამყარებაზეა მიმართული.
