საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრს და პენიტენციური სამსახურის დირექტორს მიმართავს. ის ამბობს, რომ თანახმაა „ვივამედში“ გამოკვლევებზე გადაყვანაზე, თუმცა, გარკვეული პირობებით.
„ვინაიდან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დასუსტებულია და, ვფიქრობ, შეუთავსებელია სასიცოცხლო მაჩვენებლებთან, თანახმა ვარ კლინიკა „ვივამედში“ გადასვლაზე გამოკვლევებისთვის, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა და მკურნალობისთვის შემდეგი პირობებით:
- მუდმივი დაშვება ჰქონდეთ ჩემს ოჯახის წევრებს, ჩემს პირად ექიმს, ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ “ემპათიიდან”, რაც კანონით განსაზღვრულია და რაზეც აქამდე უკანონოდ მეძლეოდა უარი;
- სამუშაო საათებში დაშვება ჰქონდეთ კანონით განსაზღვრულ პირებს, ადვოკატებსა და პარლამენტის წევრებს;
- ყოველ გამოკვლევაში, დიაგნოსტიკაში, დანიშნულების დადგენასა და ასევე მკურნალობის შემდგომი ეტაპების თუ გამოჯანმრთელების ფაქტის განსაზღვრა მოხდეს პარიტეტულ საფუძველზე შექმნილი შემადგენლობით, ცენტრი “ემპათიის” ჩართულობით და მათი თანხმობის შემთხვევაში სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების მონაწილეობით.
როგორც კი აღნიშნულ საკითხებზე მივიღებ პასუხს, მზად ვარ, დაუყოვნებლივ გადავიდე „ვივამედში“, — აცხადებს სააკაშვილი და იუსტიციის სამინისტროს სთხოვს, ამ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღონ მისი ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ჩართულობით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას შესთავაზებენ, სადაც ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში გაეწევა მკურნალობა.
