უკრაინაში ომის გამო „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის.

კერძოდ, 2022 წლის 1 სექტემბრამდე, გამონაკლისის სახით, დასაშვები  იქნება, რომ თამბაქოს ნაწარმზე სამედიცინო გაფრთხილებები მოქმედი კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდეს.

რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელებს მიეცემათ უფლება, საქართველოს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განახორციელონ თამბაქოს ნაწარმზე სამედიცინო გაფრთხილებების გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე სტიკერის სახით დაკვრა.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს, 4 მაისს, განიხილა.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილმა განმარტა, საკანონმდებლო ცვლილებები უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით არის გამოწვეული. მისი თქმით, საქართველოში სიგარეტის იმპორტის 80% უკრაინიდან ხორციელდება, მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო კი, შეუძლებელი გახდა პროდუქციის აღნიშნული სახით შემოტანა.

„დასაშვები ხდება, თამბაქოს ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული სამედიცინო გაფრთხილება არ აკმაყოფილებდეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე დაბეჭდვის ნაცვლად, სტიკერის სახით დაკრული იყოს გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე. ამასთან, თამბაქოს ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე სტიკერის დაკვრა შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე“, – განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.