უკრაინის გენშტაბის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკაზე კონტროლი აღადგინეს.
„დონეცკის მიმართულებით, ქალაქ მარინკას მახლობლად, ჩვენი ჯარების კონტრშეტევის შედეგად, მტერმა უკან დაიხია. თავდაცვის ძალების ნაწილებმა დასახლებაზე კონტროლი აღადგინეს“, – აცხადებს უკრაინის გენშტაბი.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსულმა ქვედანაყოფებმა სცადეს შეტევა და იზიუმის სამხრეთით შეჭრაც, თუმცა, წარუმატებლად.
„ისინი წარუმატებელი აღმოჩნდნენ, განიცადეს ზარალი და იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ ყოფილ პოზიციებზე“, – აცხადებს უკრაინის გენშტაბი.
რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ომი უკვე 55 დღეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რუსეთმა ვერ შეძლო დედაქალაქის – კიევის დაკავება.
უკრაინული მხარის განცხადებით, 18 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ომის ახალი ფაზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც აღმოსავლეთ ფრონტზე ტერიტორიული წინსვლა და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დაკავებაა.
