ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მისი უკრაინაში ჩასვლის გადაწყვეტილება მან და მიხეილ სააკაშვილმა ერთობლივად მიიღეს. ამის შესახებ მარგველაშვილმა მთავარ არხს განუცხადა.
“ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით იმისთვის, რომ ფაქტობრივად, საქართველოს ყველა მოქალაქის სურვილი ავასრულოთ, რომ მაღალი დონის წარმომადგენლობა იყო აქ, აჩვენოს კიდევ ერთხელ უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, აჩვენოს კიდევ ერთხელ მებრძოლ ქართველებს, რომ მათ გვერდით ვდგავართ… ეს გრძნობა იყო ის, რაც გარკვეულ ხინჯად მქონდა მეც და იგივე ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოვსულიყავით და გვეჩვენებინა უკრაინელი ხალხისთვის, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და რომ ეს ერთად დგომა არის უცვლელი და ამას არ ცვლის არაფერი”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა “მთავარ არხთან”.
ქართველი მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები უკრაინაში ჩავიდნენ.
“მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ უკრაინაში იმყოფებიან ენმ-ის ლიდერები: ნიკა მელია, ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია. ასევე, ექსპეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილი.
“ამ დელეგაციის ფარგლებში ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, ბევრ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა. დღეს ჩვენ აქ და ახლა არ წარმოვადგენთ ქართულ ოპოზიციას. აქ და ახლა ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს, რომლის უმრავლესობაც არის სოლიდარული უკრაინის მიმართ”, – ამბობს ნიკა მელია “მთავარი არხის” ცნობით.
ხვალ უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტიც შედგება, რომელსაც პარლამდენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძვანელებს.
