ქართული კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონი“ უკრაინის დასახმარებლად რუსეთის ტერიტორიებს NFT-ის სახით ყიდის.

„პუტინის რეჟიმის ჯოჯოხეთური აგრესიის პასუხად გადავწყვიტეთ, რომ დროა, რუსეთი ნაწილებად დაიშალოს და გაიყიდოს, ხოლო ფული სასარგებლო მიზნებს მოხმარდეს უკრაინაში“, – აცხადებენ კამპანიის შემქმნელები. სააგენტოს განცხადებით, შემოსული თანხის 100% უკრაინის ციფრული განვითარების სამინისტროს კრიპტოანგარიშზე ჩაირიცხება.

პროექტის ფარგლებში რუსეთის ტერიტორია 2500 რეგიონადაა დაყოფილი და თითოეული მათგანისგან უნიკალური NFT-ა შექმნილი მისი ნამდვილი სახელით, მიწის ფართობითა და გერბით.

ტერიტორიები რამდენიმე კატეგორიად იყოფა, რაც NFT-ს ფასს განსაზღვრავს. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ მომცრო მიწები, საშუალო მიწები, დიდი მიწები, ვეებერთელა მიწები და მნიშვნელოვანი ქალაქები. პატარა მიწები დაახლოებით 163 დოლარი ღირს, საშუალო -590 დოლარი, დიდი -2787 დოლარი, ხოლო ექსტრადიდი – 5500 დოლარი. რაც შეეხება ცენტრალურ ქალაქებს, მათი NFT-ები ელიტურ კატეგორისაა მიკუთვნებული და თითოეულის ფასი დაახლოებით 13 000 აშშ დოლარიდან იწყება.

„ასეთი ინოვაციური პროექტები, ერთი მხრივ, ხალხს ეხმარება, თავის საქმეს აკეთებს და, მეორე მხრივ, დიდი შანსია შთაგონების წყარო გამოდგეს სხვებისთვისაც, რომ ნებისმიერი ახლებური ხერხი გამოიგონონ და თავისებურად სცადონ, დაეხმარონ მოძმე უკრაინელებს. იმედი მაქვს, ბევრი აგვყვება ინიციატივებში. ძალა ერთობაშია“, –  ამბობს ლევან ლეფსვერიძე, ლივინგსტონის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.

პროექტის ავტორების თქმით, შემდეგ ეტაპზე გეგმავენ რუსეთში არსებული შენობების NFT-ები შექმნან და ისენი გაყიდონ. „ლივინგსტონის“ თქმით, გეგმავენ NFT-დ გაყიდონ პუტინის პირადი სასახლე და ბუნკერიც. მესამე და დასკვნით ეტაპზე კი თავად ლენინის NFT-ის გასაყიდად მოეწყობა აუქციონი.

ამჟამად პროექტის ფარგლებში 7 NFT გაიყიდა, შემოსულმა თანხამ კი 1084 აშშ დოლარი შეადგინა. პირველი მიწა, რომელიც ავტორების განცხადებით გაიყიდა, ქალაქი გროზნო იყო.

ინიციატივას გამოეხმაურა უკრაინის ციფრული გარდაქმნის მინისტრის მოადგილე. ალექს  ბორნიაკოვმა პროექტის ავტორებს და საქართველოს ტვიტერზე მადლობაც გადაუხადა.

თუ ჯერ კიდევ არ იცით, რა არის NFT, წაიკითხეთ: