„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ნონა მამულაშვილი „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემაში დავით ლორიას ფიზიკურად დაუპირსპირდა.
გადაცემაში განიხილავდნენ უკრაინაში რუსეთის ომს, რა დროსაც ლორიამ თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის და ევროკავშირის ლიდერებისთვის უნდა დაეჯერებინა, რომ ნატო კონფლიქტში ვერ ჩაერეოდა.
„რუსული არმიის უძლეველობის მითი ჩვენმა ბიჭებმა დაანგრიეს… ჩვენ დავანგრიეთ ის, რასაც დღეს უკრაინელებიც ანგრევენ, რის ფასად? ბავშვების სიცოცხლის ფასად?“, – იკითხა ლორიამ.
რაზეც მამულაშვილმა ჰკითხა, რა უნდა ექნა უკრაინას.
„რუსეთი შემოდის უკრაინაში, კლავს ბავშვებს და შენ იძახი, უნდა გაჩუმებულიყოო. რეებს ბოდავ? ჭკუა გაქვს საერთოდ? გარეწარო, გამყიდველო, როგორ გიბრუნდება ენა, ამას რომ იძახი“, – მიმართა მამულაშვილმა ლორიას.
ლორიას თქმით, რუსეთს ქვეყანაში „არ უნდა შემოაჭრევინო“, რასაც მამულაშვილის აღშფოთება მოჰყვა.
„რეებს ლაპარაკობ, ჩემი ძმა იქ იბრძვის, არანორმალურო, და ბიჭები იქ კვდებიან“, – მიმართა მამულაშვილმა, რაზეც ლორიამ უპასუხა: „რომ კვდებიან, არ უნდა მოაკვლევინო“.
პასუხად ნონა მამულაშვილმა „ლორიას“ ნაბიჭვარი უწოდა, ლორიამ კი „ქუჩის ქალი“ დაუძახა. რის შემდეგაც მამულაშვილმა მას წყალი შეასხა და მისკენ ფიზიკურად გაიწია. ამის შემდეგ გადაცემა რეკლამაზე გავიდა და ეთერში ლორიას გარეშე დაბრუნდა.
