„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აფასებს 2 აპრილს გამართულ შუალედურ არჩევნებს და აცხადებს, რომ ორ ოლქში ჩატარებულ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვება ნიშნავს, რომ საზოგადოება მხარს უჭერს მმართველი პარტიის კურსს, მათ შორის, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე:
„ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში კიდევ ერთხელ გამოუცხადა, ადასტურებს, რომ საზოგადოება მხარს უჭერს და ადასტურებს ხელისუფლების კურსს და გადაწყვეტილებებს, მათ შორის, რომელიც რეგიონში მიმდინარე უმძიმეს პროცესებს უკავშირდება.
საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გამოუცხადა უნდობლობა „ომის პარტიას“ და მის განზრახვას, პროვოკაციების გზით საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიონ. ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში სიცრუე, სიყალბე, ღალატი, ომის პარტია, მეხუთე კოლონა ვერასოდეს გაიმარჯვებს და ყოველთვის დამარცხდება“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
“ცესკოს” წინასწარი შედეგებით, 2 აპრილს გამართლ შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ირაკლი შატაკიშვილი გახდა. უწყების თანახმად, დათვლილია უბნების 100%.
ამ შედეგებით, შატაკიშვილს ხმათა 90.612% აქვს (34 333 ხმა), მის კონკურენტს პარტიიდან “სოციალური სამართლიანობისთვის”, მამუკა ტუსკაძეს — 6.952%), “საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიის” კანდიდატს, კამალ მურადხანოვს კი — 2.436%(923 ხმა).
რუსთავის მაჟორიტარობისთვის ასევე უნდა ებრძოლა “ლელოს” ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს. მას “ნაციონალური მოძრაობაც” უჭერდა მხარს. თუმცა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ჯაფარიძემ კანდიდატურა მოხსნა და თქვა, რომ კამპანიისთვის გათვალისწინებული რესურსები უკრაინელთა დახმარებისთვის დაიხარჯება.
რუსთავში არჩევნების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც “ქართული ოცნების” წევრი, აწ უკვე ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე ქალაქის მერი გახდა.
2 აპრილს შუალედური არჩევნები რუსთავის გარდა ბათუმშიც გაიმართა. იქ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აერჩიათ. წინასწარ შედეგებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს ხმათა 69% აქვს, ენმ-ის კანდიდატს კი — 31%.
