უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, უკრაინის მთავრობამ მარიუპოლში 45 ავტობუსი გაგზავნა, რათა იქ დარჩენილი მოსახლეობა გამოიყვანონ.
ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, წუხელ უკრაინის მთავრობამ მიიღო შეტყობინება წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოებისგან, რომლის თანახმადაც „რუსეთის ფედერაცია ადასტურებს მზაობას, გზა გაუხსნას ჰუმანიტარულ კოლონას მარიუპოლის მიმართულებით“.
მისი განცხადებითვე, კოლონა უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე ქალაქ ბერდიანსკის გავლით დაბრუნდება.
ვიცე-პრემიერის თანახმად, 45-დან 28 ავტობუსი ელოდება ნებართვას, რათა გაიაროს რუსული ბლოკპოსტი ქალაქ ვასილიევკასთან, რათა მარიუპოლში ჩავიდეს, ხოლო 17 ავტობუსი უკვე გამოვიდა ქალაქ ზაპოროჟიიდან.
„გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რათა ავტობუსები დღესვე ჩავიდნენ მარიუპოლში და წამოიყვანონ ადამიანები, რომლებმაც ამ დრომდე ვერ მოახერხეს ქალაქის დატოვება“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.
ამას გარდა, მინისტრის თქმით, არსებობს შეთანხმება კიდევ ორ ჰუმანიტარულ კორიდორზე. ამ შეთანხმებების ფარგლებში, მოქალაქეები უნდა გამოიყვანონ მელიტოპოლიდან და ქალაქ ენერგოდარიდან (ზაპოროჟიეს ოლქში).
31 მარტის დილას ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ მარიუპოლის „90-95 პროცენტს“ რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.
უკრაინული მხარის განცხადებით, რუსული აგრესიის შედეგად მხოლოდ მარიუპოლში 5000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
გამოცემა „უნიანის“ ცნობით, ბოლო რამდენიმე დღეა, რუსული ძალები ცდილობენ ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებას, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე გადაჰყავთ.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა, ჯამში, ნახევარ მილიონამდე უკრაინელი გაიტაცეს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა მარიუპოლს „ახალი ალეპო“ უწოდა.
მარიუპოლი ალყაშია და რუსეთის შეიარაღებული ძალები მას სისტემატურად ბომბავენ.
მარიუპოლს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მისი აღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რუსეთის ფედერაცია სახმელეთო გზით დაუკავშირდეს ანექსირებული ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს.
ქალაქი ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. რუსეთის თავდასხმების შედეგად ქალაქში მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, საკვები და წყალი. მარიუპოლში რუსეთმა დაბომბა სამშობიარო და თეატრის შენობა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. მარიუპოლში დაღუპულებს საერთო საფლავებში ან ხშირად ვერც მარხავენ.
