უკრაინული გამოცემა „უნიანი“ მარიუპოლის საკრებულოზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლის სამშობიაროდან ექიმები და პაციენტები გაიტაცეს.

გამოცემა წერს, რომ ქალაქის მე-2 სამშობიაროდან 70-ზე მეტი ადამიანი იძულებით გაიყვანეს. მათ შორის არიან სამედიცინო პერსონალი და პაციენტები:

„რასაც რუსეთი დღეს სჩადის, ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს. მათი ქმედებები ჰგავს ნაცისტური გერმანიის სამხედროების ქმედებებს მეორე მსოფლიო ომის დროს. ჩვენ არ დავტოვებთ მარიუპოლის არცერთ მცხოვრებელს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე მათი ნების წინააღმდეგ გადაიყვანეს. ვქმნით გატაცებული მოქალაქეების მონაცემთა ბაზას და ვმუშაობთ მათ დასაბრუნებლად ეფექტური მექანიზმის შესაქმნელად. ყველაფერს გავაკეთებთ მათ სახლში დასაბრუნებლად“, – ამბობს მარიუპოლის მერი ვადიმ ბიჩენკო.

„უნიანი“ წერს, რომ მანამდე, რუსმა სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით  გაიტაცეს ადამიანები ქალაქის პირველი საავადმყოფოდან.

უკრაინული გამოცემა აღნიშნავს, რომ ამჟამად მარიუპოლი რუსული ძალების მიერ ალყაშია მოქცეული, თუმცა ქალაქს უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ. მარიუპოლი რუსეთის მიერ განუწყვეტლივ იბომბება. ქალაქში ვერ შედის ჰუმანიტარული ტვირთი.

უკრაინული მხარის განცხადებით, რუსული აგრესიის შედეგად მხოლოდ მარიუპოლში 5 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. გამოცემა წერს, რომ ამჟამად რუსული ძალები ცდილობენ ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებას და რუსეთის ტერიტორიაზე გადაჰყავთ. უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა, ჯამში, ნახევარ მილიონამდე უკრაინელი გაიტაცეს.