რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ უკრაინაში რუსული “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია. მისი თქმით, ეს რუსეთს საშუალებას აძლევს, ძირითადი ყურადღება მიმართოს “მთავარი მიზნის მიღწევისკენ – დონბასის გათავისუფლებისკენ”. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

“საერთო ჯამში, ოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი საგრძნობლად შემცირდა, რაც საშუალებას გვაძლევს, ძირითადი ყურადღება და ძალისხმევა მოვმართოთ მთავარი მიზნის მიღწევისკენ – დონბასის გათავისუფლებისკენ”, – თქვა შოიგუმ დღეს, 29 მარტს.

მსგავსი შინაარსის განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 26 მარტსაც გაავრცელა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი კი აცხადებს, რომ რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინაში “თავდასხმის მიზნების” შესრულება. გენშტაბის ცნობით, ამ დროისთვის შეინიშნება კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილების გაყვანა. თუმცა რუსეთის მხრიდან კვლავ არსებობს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მაღალი რისკი.

“უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციებს აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, სადაც აკავებენ მტერს, რამდენიმე მიმართულებით კი მათ უკან დაახევინეს”.


გასული 1 თვის განმავლობაში რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის საკვანძო ქალაქების, მათ შორის კიევის დაკავება. აშშ-ის შეფასებით, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში მოსკოვის წინსვლა არ შეინიშნება, უკრაინას კი შანსი აქვს, დაიბრუნოს ხერსონი — პირველი დიდი ურბანული ცენტრი, რომლის დაკავებაც რუსეთმა მოახერხა.

რუსეთის არმიამ შედარებით დიდ წარმატებას მიაღწია სამხრეთში, სადაც დაიკავა ქალაქები, მათ შორის, ხერსონი. რუსეთის ძალების გარკვეული წინსვლა აღმოსავლეთშიც შეინიშნება.

BBC-ს ცნობით, გენერალმა რუდსკოიმ რიგი ქალაქების, მათ შორის კიევის, დაბომბვა და მათი ალყაში მოქცევისაკენ სწრაფვა დაახასიათა, როგორც უკრაინის ძალების შებოჭვის მცდელობა, სანამ რუსეთი აღმოსავლეთზეა ფოკუსირებული.

დონბასის რეგიონი, რომელზეც რუსეთი საუბრობს, დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებისგან შედგება. აქ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები 2014 წელს გააქტიურდნენ და მას შემდეგ ებრძვიან უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას.

ახლა მოსკოვი ამბობს, რომ ლუგანსკის 93% და დონეცკის 54% მის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების კონტროლის ქვეშაა. ომის დაწყებამდე მთელი ტერიტორიის მესამედზე მეტი იყო სეპარატისტთა კონტროლქვეშ.

ნიშნავს თუ არა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადება მოსკოვის უარს უკრაინის დანარჩენი ტერიტორიების(დონბასის გარდა) ხელში ჩაგდების გეგმებზე? აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზელენსკის შტაბის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა, Financial Times-ს უთხრა:

“ომის დასრულებამდე დიდი საფრთხის შემცველია საჯარო პროგნოზის გაკეთება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იბრძვით მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არმიის წინააღმდეგ”.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.