ბრიტანეთი და აშშ შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად ემზადება. ეს ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც კრემლის ოფიციალური პირები მყარი არგუმენტების გარეშე ამტკიცებდნენ, რომ აშშ უკრაინაში ბიოიარაღის პროგრამას უჭერდა მხარს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯან ფსაკიმ, გუშინ, 9 მარტს განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ბიოიარაღის ლაბორატორების განთავსების და ქიმიური იარაღის შესახებ ცრუ ბრალდებებს აკეთებს. მისი თქმით, ბრალდებები გახმიანდა პეკინშიც.

“ახლა, როცა რუსეთმა ეს ბრალდებები გაახმიანა და ჩინეთმა, როგორც ჩანს, მხარი დაუჭირა ამ პროპაგანდას, ყველა ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი უკრაინაში, ან შექმნას “ყალბი დროშის ოპერაცია” [როდესაც ერთი მხარე საკუთარ მოქმედებას სხვას აბრალებს] მათი გამოყენებით”, – დაწერა მან Twitter-ზე.

ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც დასავლეთში ოფიციალურმა პირებმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ „შეშფოთებისთვის აქვთ საფუძველი, რომ შესაძლოა, რუსეთმა არაკონვენციური იარაღი გამოიყენოს“, რაც იმეორებს სირიის სამოქალაქო ომის დროს ქიმიური იარაღის გამოყენების გამოცდილებას.

შეშფოთების მიზეზი მანამდე გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. 9 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი ფლობდა დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ აშშ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის პროგრამას უჭერდა მხარს, მათ შორის ჭირის, ქოლერისა და ჯილეხის შექმნაში. ვაშინგტონმა და კიევმა აღნიშნული ბრალდებები უარყვეს.

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ “უკრაინელი ნაციონალისტები” ქიმიური იარაღით პროვოკაციის მომზადებაში დაადანაშაულა. სამინისტროს განცხადებით, უკრაინელების გეგმა იყო, რომ რუსეთის ძალები დაედანაშაულებიან ქიმიური იარაღის გამოყენებაში.

“რუსეთს აქვს გამოცდილება, რომ დასავლეთს ადანაშაულებს იმაში, რასაც თავად ახორციელებს. ეს ყველაფერი რუსეთის აშკარა ხრიკია, რომ გაამართლოს მისი შემდგომი განზრახვა, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა უკრაინაზე”, – დაწერა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯან ფსაკიმ Twitter-ზე.