კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის, “მოდერნას” მთავარი სამედიცინო ოფიცერი, პოლ ბარტონი აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის ახალი შტამი, ომიკრონი “რეალურ საფრთხეს” წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
ბარტონის თქმით, უახლოეს დღეებში კომპანიას ექნება მონაცემები, თუ როგორ მოქმედებს ომიკრონის წინააღმდეგ “მოდერნას” ვაქცინა. მისი შეფასებით, ომიკრონის შტამით დაინფიცირების შემთხვევაში ადამიანებს ნაკლები გართულებები არ ექნებათ, ვიდრე ამჟამად ცირკულირებადი შტამით [დელტა] დაინფიცირებისას.
“შესაძლოა მომავალში ომიკრონმა დელტა შტამი ჩაანაცვლოს, თუმცა ვფიქრობ, რომ უახლოეს თვეებში ეს ორი ვარიანტი ერთად იარსებებს და ომიკრონი, რომელიც მე ვიტყოდი, რეალურად მძიმე დაავადებაა, ახლა, ძალიან ძლიერი დელტას ზეწოლის ფონზე ადამიანებს დააინფიცირებს.
ეს ასევე მიგვიყვანს მდგომარეობამდე, როდესაც ადამიანები ორივე შტამით დაინფიცირდებიან, რაც ამ ვირუსს შემდგომი მოტაციების საშუალებას მისცემს”, – განაცხადა ბარტონმა.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ეს პანიკის საფუძველს არ იძლევა, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში ვირუსი შეისწავლეს და მასთან ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობა არსებობს.
“თუმცა ვფიქრობ, რომ ომიკრონი რეალურ საფრთხეს წარმოადგენს”, – ამბობს ბარტონი.
ამასთან, მისი განცხადებით, სამხრეთაფრიკული კვლევის მონაცემებით, ჰოსპიტალიზებული ადამიანების 15% ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხვდება, რაც თითქმის იგივეა, რაც აგვისტოში დელტა შტამით დაინფიცირებული ადამიანების შემთხვევაში ხდებოდა.
