გარემოს ეროვნული სააგენტო მათი ავტომატური სადგურების, სავარაუდოდ, მოსახლეობის მხრიდან დაზიანებაზე საუბრობს.

სააგენტოს განცხადებით, სადგურების დაზიანების ფაქტები ძირითადად კახეთის, მცხეთა-მთიანეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ფიქსირდება.

“აღნიშნული სადგურების ფუნქციონირება ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას. ავტომატური მოწყობილობების საშუალებით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება მონაცემები სხვადასხვა მდინარის წყლის დონეების მატების და მიმდებარე ტერიტორიაზე მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობის შესახებ.

სადგურებიდან მიღებული ინფორმაციით, ასევე, ხდება მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ძირითადი მახასიათებლების დადგენა, რომლის საბოლოო მიზანს გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა წარმოადგენს”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

სააგენტოს თქმით, სადგურები ძირითადად განთავსებულია დაუსახლებელ ადგილებზე და მდინარეების მიმდებარედ. შესაბამისად, კომუნიკაციების არარსებობის გამო რთულდება მათი სრულყოფილი დაცვა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სადგურების დაზიანებით გამოწვეული ფინანსური ზარალი ათეულობით ათას ლარს აღემატება. თითოეულ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგეტოს მიმართვის საფუძველზე, აღძრულია სისხლის სამართლის არაერთი საქმე. სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, შეწყვიტოს ვანდალიზმი.