დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კვლავ საუბრობს მოსახლეობის ინფორმირების მნიშვნელობაზე ვაქცინაციის საჭიროებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაფართოვდეს, თუ 65+ მოქალაქეებს შორის აქტივობა დაბალი იქნება.
“იცით, რომ პირველ რიგში იცრებოდა სამედიცინო პერსონალი. რახან დაბალი იყო აქტიურობა, ჩვენ დავაჩქარეთ რეგისტრაცია და გავხსენით 65 წელს ზემოთ. დავაკვირდებით 1 კვირის, 10 დღის განმავლობაში. თუ ვნახეთ, რომ კვლავ დაბალია აქტიურობა, მერე მეორე ნაბიჯზე გადავალთ, ანუ უფრო გავაფართოვებთ აცრის არეალს.
ჩემი აზრით, ის, რომ საქართველომ ვაქცინების ეს ძალიან მცირე დოზები ვერ აითვისოს, იქნება სირცხვილი ქვეყნის და პირადად ჩვენი, ექიმების სირცხვილი. იმიტომ, რომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ აცრებზე გადის პანდემიის დასრულების გზა და აცრაზე უკეთესი ინფექციურ დაავადებათა პრევენციისთვის კაცობრიობას ჯერ არ მოუგონია… გამოდის, რომ ქართველებს ცოტა, მაპატიეთ და, მეტი განათლება და მეტი ცოდნა გვჭირდება”, — აღნიშნა მან.
გამყრელიძემ კვლავ ისაუბრა “ასტრაზენეკას” ვაქცინასა და ზიანზე, რომელიც მას “სხვადასხვა ტიპის მედიაკამპანიებით” მიადგა მსოფლიოში, “განსაკუთრებით, ევროპაში”. მან კვლავ გაუსვა ხაზი “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა” და “ევროპის წამლის სააგენტოს” რეკომენდაციებს, რომელთა თანახმადაც, “ასტრაზენეკა არის მაღალი სარგებლისა და უსაფრთხო ვაქცინა”.
“გარდა ასტრაზენეკასი და ფაიზერისა, ამ წლის განმავლობაში გვექნება, დიდი ალბათობით, 3 სხვა დასახელების ვაქცინა. თითოეულ ამ ვაქცინაზე საჭირო იქნება მეტი საინფორმაციო კამპანია, მეტი მუშაობა, რათა მოსახლეობა დავარწმუნოთ, რომ ვაქცინაცია შეამცირებს ახალ შემთხვევათა რიცხვს, მაგრამ სწრაფად არა. მაგრამ ვინც ორჯერ იქნება სწრაფად აცრილი… რადიკალურად შემცირდება ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი”, — უთხრა ჟურნალისტებს ამირან გამყრელიძემ.
25 მარტამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მხოლოდ სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირებისთვის იყო ხელმისაწვდომი. თუმცა, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირაში პროცესში ჩართვის საშუალება 65+ ასაკის მოქალაქეებსაც მიეცათ.
ამ დროისთვის “ფაიზერის” მხოლოდ 5 ათასი დოზა რჩება თავისუფალი
