ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძისა და გირჩი – მეტი თავისუფლების დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ 6-პუნქტიან დღის წესრიგზე, რომელიც დიალოგის ფარგლებში უნდა განიხილონ სამომავლოდ.

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა დღეს გაიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ჩარლზ მიშელის ინიციატივით. დავით ბაქრაძის განცხადებით, ამ ჩამონათვალში შედის პატიმრების საკითხიც და არჩევნების თემაც.

“მოლოდინი არ უნდა ყოფილიყო, რომ ერთი შეხვედრის განმავლობაში გარღვევას მივაღწევდით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაზე განისაზღვრა დღის წესრიგი, განისაზღვრა საკითხები, რომლის გადაწყვეტაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან. მათ შორის უნდა იყო საუბარი რიგგარეშე არჩევნების შესაძლებლობაზე, პოლიტიზებულ სამართალსა და პატიმრებზე, ანუ ისეთ თემებზე, რაც პრობლემურია და რაზეც ოცნება სულ ამბობდა, რომ წითელ ხაზს მიღმააო. ნამდვილად მიმაჩნია, რომ პოზიტივია და წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ დღეს ეს 6 საკითხი მაგიდაზე ოფიციალურა დაიდო”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ “მთავარი არხის” ეთერში.