რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის მომწამვლელი ნივთიერებით „ეფესბემ“ მოწამლა – ამის შესახებ Bellingcat-ის ჟურნალისტური გამოძიება იუწყება.

აღნიშნულ გამოძიებაზე მუშაობდნენ რამდენიმე მსხვილი გამოცემის – Bellingcat-ის; The Insider-ს; Der Spiegel-ისა და CNN-ს თანამშრომლები.

გამოძიების თანახმად, თავდასხმაში რუსული საგარეო დაზვერვის სამსახურის 8 წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათი სამოქმედო სქემის მიხედვით, ერთ-ერთი მათგანი, ვლადიმერ ბოგდანოვი ოპერაციის შესახებ ცნობებს „ეფესბეს“ ხელმძღვანელს – ალექსანდრ ბორტნიკოვს აწვდიდა. ბორტნიკოვი კი თავის მხრივ – ვლადიმერ პუტინს.

აღნიშნული სქემის დასადგენად ჟურნალისტებმა რამდენიმე ბაზა გამოიყენეს, მათ შორის, მოწამვლაში მონაწილეთა ფრენებისა თუ სატელეფონო კომუნიკაციების.

ფოტოკოლაჟი: როგორ იკვლევდნენ ნავალნის მომწამვლელებს. ფოტო: bellingcat.

გამოძიების ვრცელ ვერსიაში ვკითხულობთ, რომ სანამ ნავალნის ქალაქ ტომსკში მოწამლავდნენ, მას წლების განმავლობაში უთვალთვალებდნენ. კერძოდ კი, 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც ნავალნიმ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ საჯაროდ განაცხადა.

2019-2020 წლების განმავლობაში სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლები თან დაჰყვებოდნენ ნავალნის სხვადასხვა ქალაქებში ფრენისას. გამოძიების ავტორები ამბობენ, რომ ადევნების ასეთი სულ მცირე 30 შემთხვევა არსებობს.

რაც შეეხება უშუალოდ მოწამვლას, ქალაქ ნოვოსიბირსკიდან ტომსკში (სადაც ნავალნი საბოლოოდ მოწამლეს) ნავალნის თან გაჰყვა სამი პირი  – ალექსეი ალექსანდროვი, ივან ოსიპოვი და ვლადიმირ პანაევი. აქედან ორი – ალექსანდროვი და ოსიპოვი პროფესიით ექიმია.

თავად ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ აღნიშნულ გამოძიებაში მონაწილეობდა ის და მისი ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის ფონდიც“. თუმცა პროცესში მხოლოდ ბოლო ეტაპზე ჩაერთო.

ცნობისთვის, ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთს ოფიციალური გამოძიება არ დაუწყია. 

„ახლა თქვენ იცით, რომ ოფიციალურად ამ საქმით არავინ დაკავდება, რადგან ასეთ შემთხვევაში „ეფესბეს“ მმართველობის ნახევარი დასაჭერი იქნება, ციხეში უნდა წავიდეს ასევე პუტინიც, რომელიც ბრძანებებს იძლეოდა“ ,- ამბობს ალექსეი ნავალნი ვიდეოში, რომელიც მან გამოძიებას მიუძღვნა.

გამოძიების სრული ვერსია, მათ შორის, მოწამვლაში მონაწილეთა ვინაობა, ნახეთ აქ. 


ნავალნი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის – „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ – წევრები ამბობენ, რომ ნავალნი მოწამლეს.

მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებისა, ნავალნის რუსეთიდან 2 დღეს არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს.

რამდენიმე დღის წინ გერმანულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნოვიჩოკის მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს. საწამლავის კვალი ნავალნის ორგანიზმში გერმანიაში, ბუნდესვერის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოაჩინეს.

22 აგვისტოს ნავალნი ბერლინში, კლინიკა Charité-ში გადაიყვანეს. კლინიკამ დაადასტურა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს.