გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, საქმეს ამიერიდან პროკურატურა გამოიძიებს.

ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დღეს გენერალურ პროკურორთან შეხვედრა გამართეს. მისივე ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა პროკურატურაში ხუთშაბათს, 20 აგვისტოს დაინიშნა.

„მკვლელობის საქმეს გამოიძიებს პროკურატურა. ორი დღე უნდათ, რომ გაეცნონ გამომძიებლები მასალებს და ხუთშაბათს მოვალთ და რა კითხვებიც გვქონდა, ერთად დავსხდებით და განვიხილავთ“, – თქვა ჟურნალისტებთან ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა.

ნეტგაზეთი ამ საკითხზე ასევე დაუკავშირდა საქართველოს პროკურატურასაც. პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

რაც შეეხება ადვოკატს, რამიშვილის თქმით, თავად გამომძიებლებში საქმის გარემობებმა დიდი ეჭვი გააჩინა და „შექმნა ისეთი პირობა, რომ სატელიტური სურათები გამოითხოვონ და დაადგინონ, 18-დან 22 ივლისამდე თუ იყო ავტომობილი იმ ადგილზე,“.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და ამბობენ, რომ ქალი ან მოკლეს, ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

29 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქმის გამოძიება შს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გამოიძიებს.