საქართველოს პრემიერ-მინიტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების შედეგად სამსახური დაკარგეს ან უხელფასო შვებულებაში მოუწიათ გასვლა, 6 თვის განმავლობაში მთავრობისგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ.

გიორგი გახარიას თქმით, 200- ლარიანი დახმარება 350 000 მოქალაქეს შეეხება და მთავრობა ამ მიზნით 460 მილიონ ლარს დახარჯავს. გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ ყველა კომპანია, რომელიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს, 6 თვის განმავლობაში, 750 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში, მიიღებს სრულ სუბსიდირებას საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში, რაც პრემიერ-მინისტრის თქმით, 150 ლარია:

“ჩვენ ამით ვეხმარებით როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე- მეწარმეს, რომ შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი, მოქალაქემ კი- შემოსავალი. ამისთვის ბიუჯეტიდან 250 მილიონი ლარია გათვლაისწინებული” ,- ამბობს გახარია.

გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფო დაეხმარება თვითდასაქმებულებსაც მიუხედავად იმისა, რომ მთავრობისთვის მათი იდენტიფიცირება რთულია. გიორგი გახარიას თქმით, სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით, მაშინ, როდესაც მოხდება ამ ადამიანების იდენტიფიცირება, მათ მთავრობა ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება, რისთვისაც 75 მილიონი ლარია გამოყოფილი.