“აი, მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები რომ არიან, უფრო სწორად, პიროვნებები- ლომჯარია, კოჟორიძე და გიგაური. ჩვენ ძალიან საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე. თვითონ მათთან გვაქვს ძალიან ბევრი კითხვები. ამის უფლება გვაქვს”, – განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას. მას მოტივაცია არ დაუკონკრეტებია.
ჩამოთვლილი პირებიდან ერთ-ერთი კახა კოჟორიძე არასამთავრობო ორგანიზაციას “საია” ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მან არასამთავრობო სექტორი ცოტა ხნის წინ დატოვა და ახლა პრეზიდენტის მრჩეველია ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში. კოჟორიძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას “ფეისბუქის” პირადი გვერდით გამოეხმაურა:
“ ბატონი ბიძინა საუბრობს ევროპული ტიპის საზოგადოებაზე, რომ “დღეის გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ დღეს“ და რომ იდგება იქ, სადაც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე ფასეული საქმის გაკეთება შეეძლება, მაქვს კითხვა – ნუთუ ზემოაღნიშნული ისტორიული შანსის ფონზე, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანია ჩემი პიროვნების კვლევა და ნუთუ ეს ევროპულ საზოგადოებად ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება? თუ ვინმე დამისაბუთებს, რომ ეს ნამდვილად ასეა, ვდებ პირობას: დიდი პატივისცემის მიუხედავად, დავანებებ პრეზიდენტის მრჩევლობას თავს და დავიწყებ საკუთარი პიროვნების კვლევას, ჩემზე უკეთესად ამას მაინც ვერავინ გააკეთებს”,-წერს კოჟორიძე.
ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ამ განცხადებით ბიძინა ივანიშვილმა თვითლუსტრაცია მოახდინა, რადგან ის არა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის, არამედ ხელისუფლების წარმომადგენელის მსგავსად საუბრობდა:

“ჩვენი საქმიანობა არ მოსწონდა არც ერთ ხელისუფლებას და ჩვენ გვაკრიტიკებს ყველა ხელისუფლება, შესაბამისად, მე დავინახე, რომ ბატონი ივანიშვილი არ საუბრობდა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით. მისი ეს რეაქცია კრიტიკაზე მოწმობს იმას, რომ ის თავად წარმოადგენს ხელისუფლებას და მას არ მოსწონს ჩვენი საქმიანობა, იმიტომ, რომ ვაკრიტიკებთ მას და ხელისუფლებას, რომელსაც წარმოადგენს. მე ვფიქრობ, რომ ეს მისი თვითლუსტრაციაც იყო”.
“საერთაშორის გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რომ ივანიშვილის ინიციატივა, ერთმა ორგანიზაციამ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებზე კვლევა მოამზადოს, არასამთავრობო სექტორში ინოვაციაა:
“მინდა ვთქვა, რომ ეს არის ინოვაცია, არასამთავრობოებში დაუწერელი ეთიკა მაინც არსებობს და ჩვენ პიროვნებებზე არასოდეს არ ვაკეთებთ აქცენტებს, არც მთავრობის შემთხვევაში არ ვაკეთებ პიროვნებებზე აქცენტებს, ძირითადად სისტემაზე ვსაუბრობთ და იმაზე, თუ რა შეიძლება ამ სისტემამ გამოიწვიოს. ეს არის რაღაც ინოვაცია. ჩვენ ერთადერთი, თუ რამე გვითქვამს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, გვაინტერესებს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების წყარო და ვფიქრობთ, რომ ეს არის მართლაც ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენს დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არის ჩვენს ვებ-გვერდზე, პარტნიორების შემთხვევაშიც, ჩვენ ჩვენ შემოსავლებს არ ვმალავთ. ერთადერთი ეს კრიტიკა გვქონია ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში. სხვა დანარჩენი არ მახსენდება, რომ მე რომელიმე პიროვნებაზე რამე მეთქვას. თავად ახალი აქტორია ამ სექტორში და შეიძლება ინოვაციური მიდგომა აქვს”.
ეკა გიგაური ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ კრიტიკული განცხადებების და კვლევების გამო ნერვიულობს, რომლებსაც მის მიერ ჩამოთვლილი ორგანიზაციები ამზადებენ მოქმედ მთავრობაზე:
“პერსონალურად არ ვიცი, იმას თუ იკვლევს, როგორი ხასიათი მაქვს და ზოგადად სამსახურის შემდეგ რას ვაკეთებ, ეს მისი პრიორიტეტია და შეუძლია გააკეთოს, თუკი რაიმე დამატებითი ინფორმაცია დაჭირდება ჩემ შესახებ, შეუძლია მომმართოს, მისმა მკვლევარებმა დამირეკონ და მე ამ ინფორმაციას მივაწვდი”,- ამბობს გიგაური.
