ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ბიუჯეტიდან ფულის დეფიციტური ხარჯვა არ მიმდინარეობს:
“დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენ ვხარჯავთ ბევრ თანხას, რომელიც ფულის ბაზარზე გავლენას მოახდენს. წელს ჩვენ დავხარჯავთ უფრო ნაკლებს, ვიდრე დაიხარჯა 2011 წლის დეკემბერში. 2011 წლის დეკემბერში დაიხარჯა 1 მლრდ 260 მლნ ლარი, რაც იყო 17% წლის ბიუჯეტის. წელს დავხარჯავთ 1 მლრდ 228 მლნ ლარს, რაც არის წლის ბიუჯეტის 13,4%. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსულობების ყველა დონის საბიუჯეტო გეგმა შეადგენს 7 მლრდ 230 მლნ ლარს. დღეის მდგომარეობით მობილიზებულია 7 მლრდ 140 მლნ ლარი. ეს არის 98 %. დარჩენილია 89 მილიონი ლარი და ყველანაირი გათვლებით დარჩენილ დღეებში შემოვა ბიუჯეტში” – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ნოდარ ხადურის განცხადებით, 2014 წლის ბიუჯეტის მონაცემების შესახებ სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას წლის ბოლო დღეს მიაწვდის: “ჩვენ შევეცდებით, რომ 2014 წლის ბოლო დღეს მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას. შემოსულობების თვალსაზრისით, ბიუჯეტი შესრულდება. ხარჯების 98% იქნება გათვალისწინებული, რომელიც ბიუჯეტიდან უნდა იყოს გასული.”
პრემიერის კითხვას, თუ რომელ სამინისტროებს აქვთ ხარჯვით ნაწილში პრობლემა, ფინანსთა მინისტრმა ასე უპასუხა:
“85% -ის ფარგლებში აქვს ათვისებული ბიუჯეტი რეგიონების ფონდს. 85% -ია ათვისება ენერგეტიკის და ფინანსთა სამინისტროში. ყველა სხვა სამინისტროების ათვისება შეადგენს 90%-ზე მეტს” – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
2014 წლის ბიუჯეტის გადასახდელების გეგმა 9,080 მლნ ლარია. 24 დეკემბრის მონაცემებით ხარჯმა 8,496 მლნ ლარი შეადგინა. 2014 წლის 11 თვის გეგმის შესრულების თანახმად, იმისთვის, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 100%-ით შესრულდეს, დეკემბერში ხარჯმა 1 მლრდ 355 მლნ უნდა შეადგინოს. გახარჯულია 831,9 მლნ ლარი. დასახარჯია 523,8 მილიონი.
