TV 8-ს დირექტორი რაულ ქირია უარყოფს დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ახლადგახსნილ ტელეკომპანიას რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია აფინანსებს. როგორც ქირიამ ნეტგაზეთს განუცხადა, იგი ხუბუტიასთან მეგობრობს და ამას არ მალავს, თუმცა ტელევიზიასთან ამ უკანასკნელს არავითარი შეხება არ აქვს.
საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, TV 8-ის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი კონსტანტინე მოსიძეა, რომელიც media.ge-ის ცნობით TV 3-ის შვილია. TV 8 კერძო საერთო მაუწყებლობას ფლობს და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების გაშუქებაც შეუძლია.
“რაც შეეხება ჩემი და ხუბუტიას ურთიერთობას, მე გიდასტურებთ, რომ ის არის ჩემი მეგობარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ჩემს სარედაქციო პოლიტიკაში ერევა. TV 8 არ ეკუთვნის მიხეილ ხუბუტიას. მე მთხოვეს, რომ მენეჯმენტი გამეკეთებინა და შემოსავალი მომეზიდა. დავინიშნე არხის დირექტორად 2018 წლის 18 დეკემბერს. ყველა დონეზე შევეწინააღმდეგები იმას, რომ რომელიმე რედაქციამ პოლიტიკური სუბიექტისგან მიიღოს შემოსავალი, ან რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ინტერესებში შედიოდეს მედიასაშუალება. ჩვენ ვცდილობთ, ადგილობრივი რესურსებით მოვიზიდოთ ფინანსური რესურსები”, – ამბობს ნეტგაზეთთან რაულ ქირია და დასძენს, რომ იგი რამდენიმე სპონსორთან და კერძო კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს არხის დაფინანსების თაობაზე და ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასურლების იმედიც აქვს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ TV 8 მიხეილ ხუბუტიას ეკუთვნის სააგენტო ინფო 9-მ გაავრცელა დღეს, 23 დეკემბერს ერთ-ერთი პარტიის პრესსამსახურზე დაყრდნობით, თუმცა ქირია ამ ინფორმაციას უარყოფს:
“მე და ხუბუტია წლებია ვიცნობთ ერთმანეთს ზუგდიდელია და ნაცნობობას მე მგონი ვერავინ ამიკრძალავს. ის ბრალდება, რომ ხუბუტიას დაფინანსებული რომელიმე მედიასაშუალების წარმომადგენელი ვარ, აბსოლუტურად აბსურდულია. არც მითხოვია ამ ადამიანისთვის… დამერწმუნეთ, რომ ვთხოვო, დამეხმარება, მაგრამ ეს ჩემს მორალურ პრინციპს ეწინააღმდეგებაა”.
TV 8-ის ეთერით ამ დროისთვის მუსიკალური კლიპები გადაიცემა.
მთავარი ფოტო: მიხეილ ხუბუტია, ფრონტნიუსის ფოტო.
