ქვეყნის პირველმა პირმა შესაბამისი წერილი საქართველოს პარლამენტში 28 ნოემბერს გააგზავნა. როგორც ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, კანდიდატურების შერჩევა კონკურსის საფუძველზე პარიტეტულ საწყისებზე შექმნილი კომისიის მიერ მოხდა. მისი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მალე ახალი კანდიდატების განაცხადების მიღება დაიწყება, რადგან ცესკოს სამ წევრს მომავალი წლის იანვარში გასდის ვადა.
„დამატებით გაცნობებთ, რომ იანვარში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კიდევ სამი ადგილი თავისუფლდება და ახალი კონკურსისთვის საქართველოს ადმინისრაციაში პროცედურები რამდენიმე დღეში დაიწყება. იმისათვის, რომ პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს, პრინციპი კვლავაც პარიტეტულ საწყისებზე იქნება დაფუძნებული. ვაკანსია გამოცხადდება სამ კანდიდატზე, შესაბამისად, პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს 6 კანდიდატს“, – აღნიშნა დავით პატარაიამ.
ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ლევან ტურაშვილსა და ზურაბ ხრიკაძეს საარჩევნო საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ და აქტიურად იყვნენ ჩაბმული, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებში.
კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსი 4 ნოემბერს გამოცხადდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ შევიდა 18 განაცხადი, რომელთაგან კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინა სამი კანდიდატურა. საქართველოს პრეზიდენტმა ორი კანდიდატურა, კანონმდებლობის შესაბამისად, შვიდი დღის ვადაში წარუდგინა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს.
საკონკურსო კომისია დაკომპლექტებული იყო ექვსი წევრისგან, რომელთაგან სამი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი იყო, ხოლო სამი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

