“ინტერფაქსის” ცნობით, ბოლო სამი წლის მანძილზე “გაზპრომმა” “სამხრეთის ნაკადი” 4.66 მილიარდი აშშ დოლარით დააფინანსა, თუმცა საბოლოოდ პროექტი შეჩერდა.
“ჩვენ არ შეგვიძლია დავიწყოთ მშენებლობა ზღვაში მანამ, სანამ არ გვექნება ბულგარეთის ნებართვა და თუკი დავიწყებთ მშენებლობას და მივადგებით ბულგარეთის სანაპიროს და გავჩერდებით, სასაცილო იქნება. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ გადავხედოთ ჩვენს მონაწილეობას ამ პროექტში,” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთის ენერგორესურსები სხვა ბაზრებისკენ მიემართება. “გაზპრომის” ხელმძღვანელობის თქმით, შავი ზღვის გაზსადენი “სამხრეთის ნაკადი” ბულგარეთიდან თურქეთში გადავა.

“სამხრეთის გაზსადენის” მშენებლობის წინააღმდეგი იყო უკრაინა, რომელიც მოუწოდებდა პარტნიორებს ევროკავშირიდან უარი ეთქვათ ამ უსარგებლო პროექტზე. ყოფილმა ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ეტინგერმა, რომელმაც ეს პოსტი ნოემბერში დატოვა, მანამდე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პროექტი ევროკავშირისთვის არ იყო პრიოტირეტული, რადგან მასში გაზის ახალ მიმწოდებელს ვერ ხედავდა.
ვლადიმერ პუტინმა ევროკომისიის პოზიციას უპასუხისმგებლო უწოდა: “ევროკომისიის პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც ხელს არ უწყობს ამ პროექტის განხორციელებას და იმის გათვალისწინებით, რომ ბულგარეთისგან ამ დრომდე ვერ მივიღეთ ნებართვა, რუსეთს ასეთ პირობებში არ შეუძლია გააგრძელოს ამ პროექტის რეალიზაცია,” – განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, ბულგარეთმა ევროკომისიისგან თანხის გადახდა უნდა მოითხოვოს, რადგანაც, პუტინის შეფასებით, ბულგარეთმა, “რომელსაც ჩამორთმეული აქვს შესაძლებლობა მოიქცეს როგორც სუვერენული სახელმწიფო”, დაკარგა არანაკლებ 400 მილიონი ევრო წელიწადში.
