“ჩვენ დავიწყეთ ვარძიის რეაბილიტაციის პროექტი. ის იქნება გაწერილი სამ-ოთხ წელიწადზე. ახლა ვაკეთებთ დეტალურ ანალიზს. ხდება ყოველწუთიერი, მილიმეტრული დაკვირვება. ძალიან სერიოზულ სამუშაოებს აქვს ადგილი.”
ოფიციალური ინფორმაციით, ვარძიის გადარჩენის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუშაობა რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: საგანგებო სეისმო და მეტეოსადგურების ქსელის ინსტალაცია, კლდის სრული დიაგნოსტიკა – სეისმო-ტომოგრაფიული და გეოფიზიკური კვლევა, თერმოგადაღებები და კვადროკოპტერის მეშვეობით ვარძიის სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა, სადაც ვარძიის მდგომარეობის სრული და დეტალური ინფორმაცია უნდა განთავსდეს. ვარძიის ქედზე ხორციელდება წყალამრიდი არხების გადაუდებელი აღდგენა-მშენებლობა, ხოლო 2015 წლის ბოლოს მზად იქნება ვარძიის კედლის მხატვრობის სრული კვლევითი-დიაგნოსტიკური დოკუმენტაცია.
ასევე, ძეგლის ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგებისთვის მიუვალ და სახიფათო უბნებზე უსაფრთხო გადაადგილებისთვის მიმდინარეობს კიბეებისა და მოაჯირების მონტაჟი და ტურისტული ბილიკების მოწესრიგება.
უსაფრთხოების მოაჯირებისა და ბილიკების მოწესრიგების გარდა, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვარძიაში დამონტაჟდა განათების სისტემა, რომელიც ჩაბნელებული ძეგლის სრულად განათების და ტურისტებისა და მომლოცველებისთვის ღამის საათებში ვარძიის მონახულების შესაძლებლობას იძლევა.
პროგრამის განსახორციელებლად გაერთიანებულია ქვეყნის სამეცნიერო და საერთაშორისო ინსტიტუტები, რომელსაც იუნესკოს ექსპერტი, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საინჟინრო-გეოლოგიური მეცნიერებების დოქტორი, მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტი კლაუდიო მარგოტინი ხელმძღვანელობს. ვარძიის ფრესკების კვლევით სამუშაოებში ლონდონის კურტოს უნივერსიტეტისა და თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაცია – კონსერვაციის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ.
ოფიციალური ინფორმაციითვე, ვარძიის გადარჩენის პროექტის განსახორციელებლად პირველი ეტაპისთვის მთავრობამ უკვე გამოყო ნახევარ მილიონ ლარზე მეტი.

