
კლინიკის მშენებლობა დღეს, 20 ნოემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მოინახულეს.
საავადმყოფო რუხში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შენდება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკის ამოქმედების შემდეგ, რუხის, მისი მიმდებარე სოფლების და აფხაზეთში მცხოვრებლები სამედიცინო დახმარებით ისარგებლებენ.
“გარდა ამისა, კლინიკის ტერიტორიაზე მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებითვის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, აუზები და სკვერები. რეზიდენტების, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის აშენდება საერთო საცხოვრებელი. ამ დროისთვის უკვე ჩასხმულია კომპლექსის შვიდივე ბლოკის საძირკველი; გაკეთებულია ჭაბურღილი, რომლითაც საავადმყოფო და დანარჩენი შენობები წყლით მომარაგდება. ამჟამად მშენებლობაზე 50-მდე ადამიანი მუშაობს, ყველა ადგილობრივი, რომელთა უმრავლესობა ახლომდებარე დევნილთა კორპუსის მცხოვრებია. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ რუხის საავადმყოფოში 600 ადამიანი დასაქმდება,”- წერია სამინისტროს განცხადებაში.
მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა 30 თვეში უნდა დასრულდეს.
მშენებლობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.
