“როგორც გუშინ დამიკავშირდნენ, ეს ქალი სავარაუდოდ უკვე კვირები და შეიძლება თვეებიც ცხოვრობს ქუჩაში, ადგილზე იკმაყოფილებს ყველა მოთხოვნილებას, მათ შორის ფიზიოლოგიურს და, სამწუხაროდ, ნაგვის ურნებიდან ჭამს,” – თქვა “პატრნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელმა, ანა არგანაშვილმა.
“ახლა, როცა დალაპარაკება ვცადეთ, ვერ ვიტყვით, რომ არის სრულად კონტაქტური, თავის თავს ელაპარაკება უფრო და მერე გადმოდის ცოტა აგრესიაზეც, როგორც კი ცდილობ, რომ დახმარება შესთავაზო,” – ამბობს ის.
ანა არგანაშვილმა და ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ 3 სექტემბერს სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რადგანაც ჩათვალეს, რომ ქალს დახმარება ესაჭიროებოდა.
სასწრაფოს ექიმებს ის არ გაუსინჯავთ, რადგანაც თავად ქალისგან დახმარების შეთავაზებაზე უარი მიიღეს. “ჩვენგან არაფერი არ უნდა, მე ვკითხე და არაფერი არ მინდა, რა გამიწყალე გულიო,”– თქვა სასწრაფოს ექიმმა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადის თქმით, მათ იციან, რომ ეს ქალი წლების განმავლობაში ასეა, თუმცა ამბობენ, რომ მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ.
“ჩვენ ვერაფერს ვიზამთ” – თქვეს მათ და ანა აბაშიძეს პატრულის გამოძახება შესთავაზეს.
“პატრულმა უნდა გადაიყვანოს, სპეციალური თავშესაფრები ხომ არის, მაგრამ არ ჩერდება,”– თქვა სასწრაფოს თანამშრომელმა.
პატრულის თანამშრომლებმა კი უფლებადამცველებს უთხრეს, რომ ამ შემთხვევაში არა პოლიცია, არამედ სასწრაფო არის კომპეტენტური.
“8 წელია ამას ვხედავთ,” – თქვეს მათ.
პოლიციის თანამშრომლები ამბობდნენ, რომ მათ არ იციან, ამ შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ.
“ამ შემთხვევაში არც სასწრაფო და, მით უმეტეს, ჩვენც, პოლიციელები მაგას ვერაფერს ვერ მოვუხერხებთ. ეს ვიცით, რომ არის უსახლკარო, არ აქვს სახლი, არ ყავს პატრონი და რამდენიმე წელია, რაც ამ რაიონში ვმუშაობ, სულ ესე არის ეს ქალბატონი,” – უთხრეს მათ უფლებადამცველებს.
ანა აბაშიძემ ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნა, რომ თუ ამ ქალს ეყოლებოდა ადამიანი, რომელიც მასზე პასუხისმგებლობას აიღებდა, მაშინ დიდი ალბათობით მას რომელიმე სახლმწიფო დაწესებულებაში სამკურნალოდ გადაიყვანდნენ.
“სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ ამ ადამიანის უფლებები ირღვევა, მას დიდი ალბათობით ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, ფსიქოსოციალური დახმარებაც, მაგრამ როგორც ხედავთ, ის ისევე დარჩა, როგორც იყო” ,– ამბობს ანა აბაშიძე.
მისივე თქმით, ამ ქალის ნება, რომ მას არ სურდა დახმარების მიღება, ავტომატურად მიიღეს სასწრაფოსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა, მათ არ ქონიათ მცდელობა, რომ კიდევ დაესვათ კითხვები, დაეზუსტებინათ მისი მდგომარეობა.
ანა არგანაშვილმა კი გვითხრა, რომ საეჭვოა, დახმარებაზე უარის თქმისას ქალი ადეკვატურად წარმოადგენდეს საკუთარ თავსა და სურვილებს:
“ყველა ამით სარგებლობს, ყველა თავს იჯერებს, რომ მართლა მას მოსწონს, მაგალითად, მთელი ზამთარი გატარებული აქვს ასფალტზე. როგორ შეიძლება მას ეს მოსწონდეს? ფაქტობრივად, ყველამ მიატოვა ეს ქალი. იმიტომ, რომ ამ ეტაპზე ის არ არის იმდენად ადეკვატური, რომ თავისი უფლება დაიცვას.
არავის ინტერესში არ არის, რომ რეალურად გაარკვიოს, რა სჭირდება მას, უფრო ადვილია თქვა, რომ მას არ უნდა ჭამა, მას არ უნდა ცხოვრება და არ უნდა საერთოდ სიცოცხლე. ძალიან მარტივია ამის თქმა, იმიტომ, რომ ეს უფასოა და ყველა დანარჩენი ითხოვს რესურსს. გამოდის, რომ ამ ქვეყანაში ვინც ვერ ითხოვს, ის ვერ იღებს,” – თქვა ანა არგანაშვილმა.
ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი არ გამორიცხავს, რომ ასეთი ცხოვრება ადამიანს თავად ქონდეს არჩეული.
“ხომ შეიძლება ქუჩაში რომ არის, ვთქვათ, ამ სტილის ცხოვრება აქვს არჩეული და რატომ უნდა შევუშალოთ ხელი,” – ამბობს ის.
“არ არის გამორიცხული, რომ ამ ადამიანს დახმარება ჭირდებოდეს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ არ ჭირდებოდეს. ამიტომ ჯერ მაგაზე იმუშავოს არასამთავრობო ორგანიზაციამ. სოციალურმა მუშაკმა უნდა დაამყაროს არასამთავრობო ორგანიზაციიდან კონტაქტი, რომ გაერკვეს ამ ადამიანს რა უნდა, რა საჭიროებები აქვს, რამდენად უკმაყოფილდება, რომ არ შევულახოთ უფლებები,”– თქვა ჯანა ჯავახიშვილმა.
“ამას ჭირდება შესაბამისი უწყების მხრიდან საკითხის დაყენება და ბოლომდე მიყოლა საკითხის შესწავლაში, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ,” – გვითხრა ანა აბაშიძემ.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში გვითხრეს, ასეთ შემთხვევაში სასწრაფოს დროული მოქმედება არის საჭირო. სააგენტოს უფროსის მოადგილის, თენგის აბაზაძის თქმით, მისთვის გაურკვეველია, თუ რატომ არ განახორციელა შესაბამისი რეაგირება სასწრაფოს ბრიგადამ.
“როდესაც ფსიქიკურ აშლილობას ეხება, ვიზუალურად ამის დანახვა ერთი შეხედვით გამორიცხულია. შეიძლება ეგ ადამიანი ხვალ–ზეგ, თუ დროულად არ შეამოწმა ექიმმა, თვითმკვლელობამდე, სუიციდამდე მივიდეს და აქედან გამომდინარე, დროულად უნდა მოხდეს მისი სამედიცინი კუთხით დამხარება,” – თქვა მან.
სოციალური მომსახურების სააგენტო ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამას ახორციელებს, თუმცა ამ პროგრამით სარგებლობა მხოლოდ სათანადო სამედიცინო დასკვნის არსებობის შემდეგ შეიძლება.
“მისი მდგომარეობის შესახებ იდენტიფიცირება უნდა მოახდინოს სამედიცინო პერსონალმა. სასწრაფოს ბრიგადას აქვს უფლება, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადავიდეს, სადაც კვალიფიციური დასკვნა დაიწერება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მხოლოდ ამ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაწერილი დოკუმენტის მიხედვით ხდება უკვე რომელიმე პროგრამით კონკრეტული ადამიანის დახმარება,”- ამბობს ნეტგაზეთთან სატელეფონო საუბრისას სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე.
ეს მოქალაქე წლებია თბილისის ქუჩებში ცხოვრობს და არავინ ინტერესდება, რა უნდა, რა სჭირდება მას?

