“შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო. პატიმრებმა დეტალური განმარტებები მიიღეს ზვიად ქორიძისგან და ძალიან კმაყოფილი დარჩნენ, ამ დროისთვის შიმშილობა 5 პატიმარმა შეწყვიტა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” სასჯელელაღსრულების მე-5 დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა 26 აგვისტოს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას 24 პატიმარი ითხოვდა, რომლებმაც შიმშილობა გამოაცხადეს. კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე პატიმრებს 25 აგვისტოს შეხვდა. ამჟამად კიდევ 19 პატიმარი შიმშილობს.
ზვიად ქორიძის თქმით, მსჯავრდებულ ქალთა უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი ის მოლოდინი იყო, რომელიც ჰქონდათ მათ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
“მათ აქვთ განცდა, რომ სასჯელები, რასაც ისინი იხდიან, აქვთ უკანონოდ და არაადეკვატურად მისჯილი. იმის გამო, რომ ეს ფორმა საქართველოში ვერ ამუშავდა, ვერ შეიქმნა სათანადო ინსტიტუტები, ამიტომ მათი ერთადერთი მოლოდინი არის შეწყალების კომისია. ამიტომ ისინი ხშირად აგზავნიან განცხდებას შეწყალების კომისიაში და ითხოვენ, რომ პრეზიდენტმა მეტი გულისხმიერება უნდა გამოიჩინოს მათი საქმეების მიმართ”, – განუცხადა ზვიად ქორიძემ “ნეტგაზეთს” 25 აგვისტოს, პატიმრებთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, მან პატიმრებს განუმარტა, რომ “კომისია ვერ განიხილავს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს. მისი მთვავარი მოვალეობაა, ჰუმანურად მიუდგეს იმ გაანჩენებს, რომელიც არის დამდგარი და შეწყალებაც ამ სასჯელების მიხედვით უნდა მოხდეს.”
სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში პატიმრებმა შიმშილობა 6 დღის წინ დაიწყეს.
მოშიმშილეები შეწყალების კომისიის თავმჯდომარის გარდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძესთან, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან, პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიისა ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრასაც ითხოვდნენ. ამ დროისთვის პატიმრებს მხოლოდ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე შეხვდა. სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულების დირექტორის ნესტან ვერულაშვილის თქმით, დღეს შეხვედრები პატიმრებთან დანიშნული არ არის.

