5 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილი და ილია მეორე ყაზბეგის რაიონის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში იმყოფებოდნენ, როგორც პრემიერმინისტრის პრესამსახურში აცხადებენ, მთავრობის მეთაურმა და კათოლიკოს–პატრიარქმა ერთად დაათვალიერეს ლარსის გამშვები პუნქტი და დარიალის ხეობაში ახლად გახსნილ ეკლესიაში ილოცეს. დამშვიდობებისას კი ილია მეორემ ირაკლი ღარიბაშვილს თეთრი ცხენი აჩუქა.
საჩუქრად გადაცემული ცხენი 2007 წელს თავად პატრიარქმაც საჩუქრად მიიღო. ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ ილია მეორეს აღსაყდრების 30 წლისთავი ცხენით მიულოცეს.
მიუხედავად იმისა, რომ ცხენი მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის საკუთრება გახდა, ჩუქების დღიდან მას მამუკა ხაზარაძის კუთვნილ თავლაში უვლიდნენ, რომელიც შატო-მუხრანში მდებარეობს. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს თათული გოგაძემ მიაწოდა, რომელიც ცხენების მოყვარულია და მუხრანის თავლის ხშირი სტუმარია. იგი აქამდე სწორედ პატრიარქის ცხენზე ვარჯიშობდა. ცხენს თავდაპირველად “ამინი” ერქვა, თუმცა, როგორც თათული გვიამბობს, ილია მეორემ გადაწყვიტა, რომ ამინი ცხენისთვის შესაფერისი სახელი არაა და მას “თეთრა” დაარქვა. წლების განმავლობაში პატრიარქმა სულ რამდენჯერმე ინახულა.
“თეთრ”ა არაბული ჯიშის ცხენია, ის 9 წლისაა. თუ რა ღირებულებისაა ამჟამად “თეთრა”, თათული გოგაძეს ამის თქმა არ შეუძლია, “თეთრას” შეფასება არ შეუძლიათ არც “შატო მუხრანის თავლაში”, რადგან ქვეყანაში არ არსებობს ცხენის შეფასების ინსტიტუციონიზებული სისტემა და როცა მფლობელს ცხენის გაყიდვა სურს, არსებული პრაქტიკის მიხედვით, პატრონი თავად ზრუნავს მის შეფასებაზე და საბოლოოდ ცხენი ყიდვის მსურველთან მოლაპარაკების საფუძველზე იყიდება.

“Arabian Horse Association” ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვებ-პლატფორმაა, სადაც არაბული ცხენის ყიდვის მსურველებს შეუძლიათ სასურველი ცხენი შეარჩიონ. ვებ-გვერდის მიხედვით არაბული ცხენის ფასი 2 500 დოლარიდან 25 000 დოლარამდე მერყეობს, მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ღირს ცხენი 1000 დოლარი.
საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონით, საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5%-ს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩუქარი აკრძალულ საჩუქრად ითვლება.
როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მანანა თოქმაჯიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ღარიბაშვილის თანამდებობრივი სარგო თვეში 4250 ლარს შეადგენს, იგი არ იღებს არც პრემიას და არც სახელფასო დანამატს. გამოდის, რომ წელიწადში პრემიერი ხელფასის სახით 51 000 ლარს იღებს. კანონის მიხედვით კი მას არ შეუძლია მიიღოს ერთჯერადად საჩუქარი, რომელიც წლიური შემოსავლის 5 %-ს აღემატება, რაც ღარიბაშვილის შემთხვევაში 2550 ლარია.
“წარმოუდგენელია, 2250 ლარი ღირდეს ეს ცხენი. ის 9 წლისაა, 3 წლიდან 10 წლამდე იდეალური ასაკია ცხენისთვის. როდესაც მამუკა ხაზარაძემ ცხენი იყიდა, 2 500 დოლარი გადაიხადა,” – ამბობს თათული გოგაძე.
იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირისთვის გადაცემული საჩუქარი დასაშვებ ნორმას აღემატება, პირი ვალდებულია, შესაბამისი დეკლარაცია წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში, ხოლო 3 დღის ვადაში საჩუქარი გადასცეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს. პრემიერის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ცხენის სახით მიღებულ საჩუქარზე დაწვრილებით ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა მანანა თოქმაჯიშვილი ამბობს, რომ საკითხი “კანონის დაცვით გადაწყდება”.
ამჟამად “თეთრა” ლისის ტერიტორიაზე არსებულ იპოდრომზე გადაიყვანეს, რომელიც ასევე კერძო საკუთრებაა. იპოდრომის წარმომადგენელმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ცხენი გუშინ, 5 აგვისტოს მიიყვანეს და ჯერჯერობით ხელშეკრულება გაფორმებული არაა. ლისის იპოდრომზე ცხენის მოვლა თვეში 550 ლარი ჯდება, ამას ემატება მხედრის მომსახურეობა, რომელიც დამატებით 150 ლარი ჯდება. ჯამში, ცხენის ადეკვატური შენახვა თვიურად 700 ლარს მოითხოვს. თოქმაჯიშვილი აცხადებს, რომ ამ თანხას სახელმწიფო ბიუჯეტი არ გადაიხდის.
ეს უკვე მეორე აკრძალული საჩუქარია, რომელიც ილია მეორემ პრემიერ-მინისტრებს უსახსოვრა. პირველ შემთხვევაში ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქისგან ბრენდ “ULYSSE NARDIN”-ის საათი მიიღო, რომლის ღირებულებაც 10 000 დოლარიდან 38 000 დოლარამდე მერყეობს. ივანიშვილმა საათი სახელმწიფოს გადასცა და მას ამჟამად კანცელარიაში უდევს ბინა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 340–ე მუხლის მიხედვით, თანამდებობის პირის მიერ კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ასიდან სამას საათამდე, ან თანამდებობის დაკავების/საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
